საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.12.2002 ძალადაკარგული 30.06.2004
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1795
სარეგისტრაციო კოდი
110.060.080.05.001.001.159
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 32, 20/12/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ

    მუხლი 1

1. საქართველოს პროკურატურის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია ცალკე მუხლით საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინების საფუძველზე.

2. დაუშვებელია პროკურატურის მუშაკის სოციალური დაცვის გარანტიების გაუქმება, მოქმედების შეჩერება ან მათი მოცულობის შემცირება.

    მუხლი 2

1. პროკურატურის მუშაკის ხელფასი შედგება თანამდებობრივი სარგოს, დანამატისა და დახმარებისაგან.

2. საქართველოს პროკურატურის ხელფასის ფონდის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობრივი სარგო და დანამატი არ შეიძლება იყოს იმავე დონის სასამართლოს მოსამართლის ხელფასისა და მატერიალური შეღავათების 85%-ზე ნაკლები ან 95%-ზე მეტი. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეღავათები ვრცელდება პროკურატურის იმ მუშაკებზე, რომლებმაც ჩააბარეს საკვალიფიკაციო გამოცდა ან კანონმდებლობით დადგენილი წესით თავისუფლდებიან საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან, ანდა მიაღწიეს საპენსიო ასაკს ამ კანონის ძალაში შესვლამდე ან მას შემდეგ და გააჩნიათ სამართალდაცვის ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 25 წლის სტაჟი.

3. საქართველოს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგო და დანამატის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

    მუხლი 3

1. საქართველოს პროკურატურის მუშაკები სარგებლობენ დანამატებით სპეციალური წოდებების, წელთა ნამსახურობისათვის სპეციალური მუშაობის სტაჟის შესაბამისად და სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ადგილის მიხედვით.

2. წელთა ნამსახურობისათვის პროკურატურის მუშაკებს დანამატი ეძლევათ თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით:

ა) 5 წლამდე – 10 პროცენტი;

ბ) 5-დან 10 წლამდე – 20 პროცენტი;

გ) 10-დან 15 წლამდე – 25 პროცენტი;

დ) 15 წელი და მეტი – 30 პროცენტი.

3. დანამატი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ადგილის მიხედვით, თანამდებობრივი სარგოს 15 პროცენტის ოდენობით, გაიცემა პროკურატურის იმ მუშაკებზე, რომლებიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებენ ადიგენის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ყაზბეგის, ქედის, ხულოს, მესტიის, ლენტეხის, წალკის, ცაგერისა და შუახევის რაიონებში.

    მუხლი 4

საქართველოს პროკურატურას წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის მიეცემა თანხები კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 5

1. საქართველოს პროკურატურის მუშაკი სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, რომლის ხანგრძლივობაა 45 კალენდარული დღე.

2. შვებულებაში გასვლისას პროკურატურის მუშაკს მიეცემა მატერიალური დახმარება ერთი თვის ხელფასის ოდენობით.

    მუხლი 6

საქართველოს პროკურატურის მუშაკს პენსიაზე გასვლისას ენიშნება სამისდღეშიო პენსია ამ კანონით დადგენილი ხელფასის სრული ოდენობით, რაც იცვლება მოქმედი პროკურორისა და გამომძიებლის თანამდებობრივი სარგოს შეცვლასთან ერთად.

    მუხლი 7

ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                    ე.შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 3 დეკემბერი.

№1795–Iს