საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.02.2007 ძალადაკარგული 14.06.2007
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.030.009937
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 19, 12/02/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.009.937

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №18

2007 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №48 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ბეჟუაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უშუალოდ წარმართავს მუშაობას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, ევროპაში უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან საგარეო პოლიტიკური ურთიერთობის მიმართულებით და ამ მხრივ უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობას სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანე­ლობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინის­ტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მი­ნისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები

1. საერთაშორისო ორგანიზაციებთან (გაერო, ეუთო) არსებულ საქართველოს წარმომადგენლობებთან და მისიებთან, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტირებულ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან და მისიებთან მჭიდრო თანამ-შრომლობა, სათანადო ინსტრუქციების შემუშავება და ინფორმაციის გაცვლა.

2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქართველოს სხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებისა და ორგანიზაციების ურთიერთობების კოორდინირება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე სრულყოფილი და მიზანმიმართული ღონისძიებების განსახორციელებლად სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება.

3. საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარების ხელშეწყობა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან (გაერო, ეუთო) თანამშრომლობის გზით.

4. სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიერ საწევრო შენატანების კონტროლის განხორციელება და საწევროების გადაუხდელობის გამო წარმოშობილი დავალიანებების დაფარვისათვის ხელშეწყობა. ამ მიზნით სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია.

5. საზღვარგარეთის ქვეყნების მომართვის საფუძველზე, სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებთან შეთანხმებით, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიერ მხარდასაჭერი კანდიდატურების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება.

6. აფხაზეთში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარების ხელშეწყობა გაეროსთან თანამშრომლობის გზით.

7. გაეროსა და საქართველოს შორის პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და ამ კუთხით საქართველოს სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია.

8. გაეროსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობებსა და საქართველოში გაეროს მისიებთან მჭიდრო თანამშრომლობა, სათანადო ინსტრუქციების შემუშავება და ინფორმაციის გაცვლა.

9. საერთაშორისო ორგანიზაციებში კანდიდატების წარდგენასთან და არჩევნებში მხარდაჭერებთან დაკავშირებული საქმიანობის საერთო კოორდინაცია.

10. გაეროს გენერალური ასამბლეის, ეკონომიკური და სოციალური საბჭოსა და ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციების შესრულებასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა, მათგან ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი.

11. მუშაობა ეუთოსთან საგარეო პოლიტიკური ურთიერთობის მიმართულებით და ამ მხრივ სამინისტროს ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად.

12. ეუთოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასა და საქართველოში ეუთოს მისიასთან მჭიდრო თანამშრომლობა, სათანადო ინსტრუქციების შემუშავება და ინფორმაციის გაცვლა.

13. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქართველოს სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების ურთიერთობის კოორდინირება ეუთოსთან საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე სრულყოფილი და მიზანმიმართული ღონისძიებების განსახორციელებლად.

 14. ოფიციალური ვიზიტებისათვის სასაუბროების მომზადება და შეხვედრებში მონაწილეობის მიღება.

    მუხლი 3. დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:

1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს.

2. საქართველოს საელჩოებიდან და დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს.

3. სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სფეროში, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში უცხოეთის ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობათა კოორდინაციის თაობაზე.

4. მოამზადოს ანგარიში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ.

5. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაუგზავნოს ინსტრუქციები და რეკომენდაციები მისი საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით.

    მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

3. დეპარტამენტის დირექტორი:

ა) წარ­მარ­თავს დეპარტამენტის საქ­მი­ა­ნო­ბას, იძლევა სამსახურებრივ დავალებებს დეპარტამენტის თანამშრომლებზე და ახორციელებს მათი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად;

გ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტში დასანიშნ თანამშრომელთა კანდიდატურების შესახებ;

დ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ე) პასუხისმგებელია და ორგანიზებას უწევს დეპარტამენტში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის კლასიფიცირებისა და დოკუმენტბრუნვის კოორდინაციის პროცესს, სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში სასაშვო რეჟიმის დაცვის ღონისძიებებს;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას;

ზ) შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და განსახილველად წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას;

თ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე;

ი) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ;

კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის თანამშრომელთა ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე;

ლ) მინისტრს აბა­რებს ან­გა­რიშს დეპარტამენტის საქმიანო­ბის შე­სა­ხებ;

მ) ას­რუ­ლებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკე­ულ დავალე­ბებს.

4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები:

ა) კურირებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მოგვარების ხელშესაწყობად დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებულ მუშაობას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავენ და ზედამხედველობენ დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) მონაწილეობენ დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში;

დ) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებენ სხვა მოვალეობებს;

ე) ანგარიშვალდებულნი არიან მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე;

ვ) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.

6. დეპარტამენტის თანამშრომლები

დეპარტამენტის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს მინისტრი.

    მუხლი 5. დასკვნითი დებულებები

დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.