საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.027.007.320
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №734
2005 წლის 28 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. კემულარია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. დეპარტამენტის სტატუსი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელსაც არ გააჩნია აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების უფლებამოსილება იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან სამინისტროს მოხელეები.
მუხლი 2. დეპარტამენტის სახელმძღვანელო ნორმატიული აქტები
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობის დადგენილებებით, ამ დებულებითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სხვა ნორმატიული აქტებით.
თავი II. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
მუხლი 3. დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განსაზღვრა
დეპარტამენტის ამოცანები, უფლებამოსილება და საქმიანობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის ცალკეული აქტებით (დავალებებით).
მუხლი 4. დეპარტამენტის ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა;
ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
გ) სამართლის ცალკეული დარგების განვითარების აუცილებლობისა და პერსპექტივების შესწავლა, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი, სხვა სამინისტროებისა და დარგობრივი უწყებების პრობლემატიკის შესწავლა სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მიზნით;
დ) ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში სათანადო წინადადებათა წარდგენა;
ე) მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადება;
ვ) საკანონმდებლო აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა.
მუხლი 5. დეპარტამენტის ფუნქციები
წინამდებარე დებულებით დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად დეპარტამენტი:
ა) ამზადებს ნორმატიული აქტების პროექტებს სამართლის ცალკეულ სფეროებში;
ბ) შეიმუშავებს სამართალშემოქმედებითი მეთოდიკისა და იურიდიული ტექნიკის ზოგად პრინციპებს;
გ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შეისწავლის დარგობრივი სამინისტროებისა და უწყებების პრობლემატიკას, სამართლის ცალკეული დარგების განვითარების აუცილებლობასა და პერსპექტივებს, ანალიზს უკეთებს და შეისწავლის საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობას;
დ) შეისწავლის მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობას და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში ამზადებს სათანადო წინადადებებსა და ნორმატიული აქტების პროექტებს;
ე) ახორციელებს საკანონმდებლო აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6. სამინისტროს წარმომადგენლობა
დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 7. დეპარტამენტის ანგარიშვალდებულება
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს მინისტრის კურატორი მოადგილე, რომელიც ახორციელებს დეპარტამენტის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
თავი III. დეპარტამენტის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა
მუხლი 8. დეპარტამენტის უფროსი
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 9. დეპარტამენტის უფროსის უფლება-მოვალეობანი
დეპარტამენტის უფროსი:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის ხელმძღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის, აძლევს მითითებებსა და დავალებებს;
გ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) ხელს აწერს და ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) სამინისტროს ხელმძღვანელობას აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტისა და მისი სტრუქტურული ერთეულების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეებისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად.
ი) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
კ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
მუხლი 10. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და მისი უფლება-მოვალეობანი
1. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობებს ასრულებს მისი მოადგილე.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ეხმარება დეპარტამენტის უფროსს დეპარტამენტის საქმიანობის ხელმძღვანელობასა და მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულებაში;
ბ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტისა და მისი სტრუქტურული ერთეულების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეებისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
გ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია მინისტრისა და დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 11. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის სტრუქტურაშია:
ა) სამართალშემოქმდების სამმართველო;
კანონპროექტების ექსპერტიზის სამმართველო;
გ) სამართლის ჰარმონიზაციის სამმართველო.
მუხლი 12. დეპარტამენტის სამმართველოების ფუნქციები
1. სამართალშემოქმდების სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ამ დებულების მე-5 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებში მოცემულ ფუნქციებს სამართლის შესაბამის სფეროში.
2. კანონპროექტების ექსპერტიზის სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ამ დებულების მე-5 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებში მოცემულ ფუნქციებს სამართლის შესაბამის სფეროში.
3. სამართლის ჰარმონიზაციის სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ამ დებულების მე-5 მუხლის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებში მოცემულ ფუნქციას.
4. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 13. სამმართველოს უფროსის უფლება-მოვალეობანი
სამმართველოს უფროსი:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) უზრუნველყოფს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასრულებს მინისტრის, მინისტრის კურატორი მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
თავი IV. დეპარტამენტის მოსამსახურეები
მუხლი 14. დეპარტამენტის მოსამსახურეები
1. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეები ასრულებენ ამ დებულებით გათვალისწინებულ შესაბამის ფუნქციებს და მათი განხორციელებისას ემორჩილებიან შესაბამისი სამმართველოს უფროსს, დეპარტამენტის უფროსის მოადგილესა და დეპარტამენტის უფროსს. დეპარტამენტის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაიცვან სამსახურებრივი დისციპლინა.
თავი V. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 15. დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით კანონმდებლობით დადგენილი წესით.