საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.034.007.334
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №415
2005 წლის 27 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 3 მაისიდან.
ი. მერაბიშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1
ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს (შემდგომში – მთავარი სამმართველო) მმართველობის სფეროს, უფლება-მოვალეობებს და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.
მუხლი 2
1. მთავარი სამმართველო წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ერთობლივად უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და დამნაშავეობასთან ბრძოლას და ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას.
2. მთავარი სამმართველო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 3
მთავარი სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები, ეს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.
მუხლი 4
მთავარი სამმართველოს საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საქვეყნოობის პრინციპებს.
მუხლი 5
საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვის, დანაშაულის გახსნის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით მთავარი სამმართველო თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან, სხვა ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან.
მუხლი 6
მთავარ სამმართველოს აქვს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი, სახაზინო ანგარიში.
მუხლი 7.
მთავარი სამმართველოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გ. გულუას №8.
თავი II. მთავარი სამმართველოს ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
მუხლი 8
მთავარი სამმართველოს ამოცანებია:
ა) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილება;
ბ) საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა;
გ) მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;
დ) დამნაშავე პირთა ძებნა და დანაშაულის გახსნა;
ე) სანებართვო სარეგისტრაციო საქმიანობა;
ვ) უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნა;
ზ) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და სხვა საგანგებო შემთხვევების დროს პირთა უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და პირთა ქონების ხელყოფისაგან დაცვა. დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირთათვის გადაუდებელი დახმარების გაწევა;
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.
მუხლი 9
მთავარი სამმართველოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) დამნაშავეობასთან და სხვა სამართალდარღვევებთან ბრძოლის ძირითადი მეთოდების შემუშავება;
ბ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთისა და თავიდან აცილების მიზნით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით წინასწარი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება;
გ) დამნაშავე პირის ძებნა და დანაშაულის გახსნა;
დ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის, სახელმწიფოებრივი იძულების ღონისძიებების განხორციელება;
ე) მთავარი სამმართველოს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მოსამსახურეთა დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი;
ვ) დასახლებული პუნქტების მიხედვით დანაშაულისა და სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლა, დამნაშავეთა და სამართალდამრღვევ პირთა შესახებ მონაცემების შეგროვება და ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებისათვის.
თავი III. მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა და სტრუქტურა
მუხლი 10
1. მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შინაგან საქმეთა მინისტრი.
2. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს კრიმინალური პოლიციის ხაზით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შინაგან საქმეთა მინისტრი.
3. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად, ხელმძღვანელობს მის საკურატორო სამსახურების საქმიანობას, ასრულებს მთავარი სამმართველოს უფროსის მითითებებს და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
4. მთავარი სამმართველოს უფროსი როგორც უშუალოდ, ისე თავისი მოადგილის მეშვეობით კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს მმართველობის სფეროში შემავალ სამსახურებს დამნაშავეობასთან ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის საკითხში.
5. მთავარი სამმართველოს უფროსი:
ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს მთავარი სამმართველოს საქმიანობას;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
გ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს;
ე) უზრუნველყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების შეთანხმებულ და კოორდინირებულ მუშაობას;
ვ) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული ერთეულების სამუშაო გეგმებს;
ზ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
თ) დამოუკიდებლად განკარგავს მთავარი სამმართველოსათვის გამოყოფილ თანხებს დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში.
მუხლი 11
მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) I სამმართველო;
ბ) II სამმართველო;
გ) საკადრო-საორგანიზაციო უზრუნველყოფის ჯგუფი;
დ) პრესჯგუფი;
ვ) კანცელარია.
თავი IV. მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები
მუხლი 12
I სამმართველოს ფუნქციებია აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე:
ა) კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიზნით სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების განხორციელება სამინისტროს ქვემდებარე დანაშაულებზე;
ბ) დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება;
დ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ოპერატიული სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია და მათთვის საჭირო პრაქტიკული დახმარების გაწევა;
ვ) საორგანიზაციო-ანალიტიკურ და დამხმარე ძალებთან მუშაობის ორგანიზაცია;
ზ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა;
თ) საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი დარღვევების აღკვეთა ფიზიკური იძულებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით;
ი) ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, დამნაშავეთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნის უზრუნველყოფა, დადგენა-დაკავება;
კ) აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე სეპარატისტთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მომხდარი დანაშაულობების, საერთო კრიმინოგენული ვითარების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, აღრიცხვა და სამინისტროს ხელმძღვანელობის ინფორმირება.
მუხლი 13
II სამმართველო ახორციელებს მე-12 მუხლით გათვალისწინებულ ფუნქციებს (გარდა ,,კ” ქვეპუნქტისა) გულრიფშის რაიონის იმ ნაწილში, სადაც ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია (კოდორის ხეობა).
მუხლი 14
საკადრო-საორგანიზაციო უზრუნველყოფის ჯგუფის ფუნქციებია:
ა) საკადრო ღონისძიებების განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში არსებული ერთიანი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, პირადი შემადგენლობის დანიშვნის, დათხოვნის და მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების მისანიჭებლად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
გ) პირადი შემადგენლობის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ტერიტორიულ ორგანოებში მივლინების უზრუნველყოფა;
დ) პირადი შემადგენლობისათვის შვებულების გაფორმება;
ე) პირადი შემადგენლობის წელთა ნამსახურობის დადგენა და შრომის სტაჟის გამოთვლა;
ვ) თანამშრომელთა დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების საკითხების მომზადება;
ზ) მთავარი სამმართველოს ხარჯთაღრიცხვის პროექტის მომზადება;
თ) საბუღალტრო აღრიცხვა;
ი) მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციონირებისათვის მათი ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
კ) შეიარაღების მდგომარეობაზე ზრუნვა და კონტროლი.
მუხლი 15
პრესჯგუფი ახორციელებს მთავარი სამმართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების უზრუნველყოფას.
მუხლი 16
კანცელარია უზრუნველყოფს მთავარ სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას, დამუშავებას და დანიშნულებისამებრ დაგზავნას, საიდუმლო საქმისწარმოებას, საიდუმლოების რეჟიმისა დაცვას.