საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.04.2005 ძალადაკარგული 23.08.2006
ნომერი
№416
სარეგისტრაციო კოდი
010320020.22.340.007335
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 52, 28/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.034.007.335

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №416

2005 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 მუხლის ,,კ” და ,,ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვ-ნული ცენტრალური ბიუროს თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 3 მაისიდან.

ი. მერაბიშვილი

ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო საქართველოში

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო საქართველოში (შემდგომში – ბიურო) არის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის ცენტრი უცხოეთის პოლიციის ორგანოებთან. ბიურო ჩამოყალიბებულია საქართველოს ინტერპოლში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მინიჭებული უფლებამოსილებისა და ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების მე-4 და 32-ე მუხლების საფუძველზე. ბიურო არის ინტერპოლის მუდმივმოქმედი ორგანო საქართველოში და წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს მთავარი სამმართველოს სტატუსით.

    მუხლი 2.

ბიუროს გააჩნია საკუთარი ბეჭედი ინტერპოლის ლოგოს გამოსახულებით და თავის საქმიანობაში იყენებს ინტერპოლის საერთაშორისო ორგანიზაციის სიმბოლიკას.

    მუხლი 3.

საქმის წარმოება ბიუროში მიმდინარეობს ქართულ ენაზე, ხოლო ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსა და სხვა სახელმწიფოების ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროებთან ინტერპოლის კონსტიტუციის შესაბამისად – ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ და არაბულ ენებზე.

    მუხლი 4.

ბიუროს უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.

    მუხლი 5.

ბიურო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, ინტერპოლის ნორმატიული აქტებით და წესდებით (კონსტიტუცია), ამ დებულებით, სხვა სამართლებრივი აქტებით.

თავი II. ბიუროს საქმიანობის ძირითადი ამოცანები

    მუხლი 6.

ბიუროს საქმიანობის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:

ა) უზრუნველყოს მუდმივი კავშირი ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსთან და სხვა ქვეყნების ეროვნულ ცენტრალურ ბიუროებთან;

ბ) გაუწიოს დახმარება და კოორდინაცია საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებსა და სხვა შესა-ბამის უწყებებს უცხოეთის კომპეტენტურ სამსახურებთან ერთად საერთაშორისო დონეზე დამნაშავეობასთან ბრძოლაში;

გ) საერთაშორისო მასშტაბით დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მის წინააღმდეგ ბრძოლა;

დ) დანაშაულის გახსნა-გამოვლენის მიზნით მჭიდრო თანამშრომლობა უცხოეთის სახელმწიფოთა საპოლიციო სამსახურებთან;

ე) საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი სამართლის, ადამიანის უფლებების დაცვის ძირითადი ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე ხელი შეუწყოს დამნაშავეობასთან საერთაშორისო მასშტაბით ბრძოლის ეფექტურობას.

თავი III. ბიუროს კომპეტენცია

    მუხლი 7.

ბიუროს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) ოფიციალური და ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა, რისთვისაც ახორციელებს კავშირს ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსთან, სხვა ქვეყნების ეროვნულ ცენტრალურ ბიუროებთან, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან, საქართველოს სხვადასხვა კომპეტენტურ ორგანოებთან;

ბ) დანაშაულის თავიდან აცილებისა და გახსნის მიზნით აგზავნის ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსა და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ეცბ-ებში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თხოვნებსა და შეტყობინებებს დამნაშავეებისა და ჩადენილი დანაშაულების თაობაზე, პირების, საგნების, ნივთების და დოკუმენტების ძებნის შესახებ, სხვა აუცილებელი ინფორმაციის შესახებ;

გ) უზრუნველყოფს გენერალური სამდივნოდან და სხვა სახელმწიფოების ინტერპოლის ეცბ-ებიდან ამ მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანალოგიური და სხვა მსგავსი შეტყობინებების მიღებასა და დამუშავებას, შესასრულებლად გადასცემს მათ სამართალდამცავ ორგანოებს ქვემდებარეობის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში კოორდინაციას უწევს მოთხოვნების რეალიზაციას სხვა კომპეტენტური უწყებების მიერ, ახორციელებს დავალებების დროუ-ლად და ხარისხიანად შესრულების კონტროლს.

დ) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებიდან და შესაბამისი უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ადგენს ორგანიზაციის საქმიანობით გათვალისწინებულ ანგარიშებს და აგზავნის მათ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოში, სამართალდამცავ ორგანოებთან საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ქმნის მონაცემთა ბანკს (პირებზე, საგნებზე, ფაქტებზე და დოკუმენტებზე);

ე) აცნობებს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებსა და შესაბამის უწყებებს ინტერპოლის მოთხოვნებს, ინტერპოლთან და საზღვარგარეთის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროებთან თანამშრომლობის პირობებს და პრაქტიკას, ამზადებს წინადადებებს მათი შემდგომი სრულყოფისათვის. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს ინტერპოლის გენერა-ლური ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების რეალიზაციას;

ვ) ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ბიბლიოთეკიდან გამოითხოვს ინტერპოლის წევრი ქვეყნების საკანონმდებლო და სხვა ნორმატიულ აქტებს, საერთაშორისო სამართლებრივ ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებს, რომლებიც არეგულირებენ საერთაშორისო თანამშრომლობას დამნაშავეობასთან ბრძოლის სფეროში, დოკუმენტებს პოლიციის საქმიანობის შესახებ, ქმნის ანალოგიური ინფორმაციის საკუთარ ფონდს;

ზ) აწარმოებს იმ მასალების ანალიტიკურ მიმოხილვას, რომლებიც ასახავენ ინტერპოლისა და სხვა სახელმწიფოების კრიმინალური სამსახურების თანამშრომლობას დამნაშავეობასთან ბრძოლაში;

თ) შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა სამართალდამცავი ორგანოების დანაყოფებიდან გამოითხოვს მისთვის აუცილებელ ინფორმაციას (მათ შორის სტატისტიკურს) კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის კომპეტენციის ფარგლებში;

ი) გამოსცემს საინფორმაციო ბიულეტენს;

კ) ბიურო თანამშრომლობს ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსთან, საზღვარგარეთის ქვეყნების ეროვნულ ცენტრალურ ბიუროებთან, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან და შესაბამის უწყებებთან ინტერპოლის წესდების, პოლიციათა საერთაშორისო თანამშრომლობის რეგლამენტის და საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ბიუროს მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გაცემის რეგლამენტის საფუძველზე;

ლ) ბიუროს სატელეკომუნიკაციო და ტექნიკური საშუალებების სხვა მიზნებისათვის გამოყენება დაუშვებელია;

მ) გენერალურ სამდივნოსთან, ინტერპოლის წევრი სახელმწიფოების ბიუროებთან, ასევე საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან და შესაბამის უწყებებთან ინფორმაციის გაცვლის დროს ბიურო იყენებს სატელეფონო, სატელეგრაფო, ელექტრონული ფოსტის, საფოსტო და სპეციალური კავშირის საშუალებებს;

ნ) საჭიროების შემთხვევაში ბიუროს უფლება აქვს მიავლინოს საზღვარგარეთის ეცბ-ებში თავისი წარმომადგენლები შესაბამის ეროვნულ პოლიციათა სამსახურებთან ოპერატიული ურთიერთქმედების ორგანიზაციისათვის;

ო) ინტერპოლის წესდების (კონსტიტუცია) მე-3 მუხლის თანახმად, ბიუროს ეკრძალება სამხედრო, პოლიტიკური, რელიგიური ან რასობრივი ხასიათის საქმიანობა;

პ) ბიუროს თანამშრომლები არ მონაწილეობენ იმ ღონისძიებებში, რომლებიც სცილდება ამ დებულებით განსაზღვრულ ფუნქციებს;

ჟ) ბიურო უნდა აკმაყოფილებდეს კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია ინტერპოლის მიერ მიღებულ მომსახურების სტანდარტებს.

თავი IV. ბიუროს სტრუქტურა

    მუხლი 8.

ბიუროს სტრუქტურასა და საშტატო განრიგს ბიუროს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს შინაგან საქმეთა მინისტრი.

 

თავი V. ბიუროს ხელმძღვანელობა

    მუხლი 9.

ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

    მუხლი 10.

ბიუროს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შს მინისტრი ბიუროს უფროსის წარდგინებით.

თავი VI. ბიუროს უფროსი

    მუხლი 11.

ბიუროს უფროსი:

ა) პასუხისმგებელია ბიუროზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

ბ) დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, მის მოადგილეებს, დანაყოფების უფროსებს და სხვა სამართალდამცავი ორგანოების და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს;

გ) ანაწილებს ფუნქციებს ბიუროს სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებს შორის და აკონტროლებს მათ შესრულებას;

დ) წარუდგენს წინადადებებს შინაგან საქმეთა მინისტრს ბიუროს სტრუქტურისა და საშტატო განრიგის სრულყოფის შესახებ;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნიშნავს და ათავისუფლებს ბიუროს თანამშრომლებს;

ვ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;

ზ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლების და მოსამსახურეების მიმართ იყენებს წახალისების ზომებს, დისციპლინურ სასჯელს, წარუდგენს ამ საკითხებზე წინადადებებს შინაგან საქმეთა მინისტრს;

ი) საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების წესით სამუშაოდ იწვევს შესაბამისი დარგის სპეციალისტებს;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას;

ლ) წარმოადგენს საქართველოს, ინტერპოლის გენერალური ასამბლეის სესიებსა და ინტერპოლის ეგიდით მოწვეულ სხვა საერთაშორისო ფორუმებზე.