,,ანგარიშვალდებული საწარმოს ინფორმაციის კონფიდენციალობის შესახებ წესის” დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.170.280.12.005.007.340
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის
დადგენილება №57
2005 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
,,ანგარიშვალდებული საწარმოს ინფორმაციის კონფიდენციალობის შესახებ წესის” დამტკიცების თაობაზე
,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ ანგარიშების შედგენისას მის მიერ კონფედენციალურად მიჩნეული ინფორმაციის საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისადმი წარდგენის, ამ ინფორმაციის კომისიის მიერ კონფიდენციალურად აღიარებისა და ღიად გამოცხადების პროცედურის მოწესრიგების მიზნით, კომისია ადგენს:
1. დამტკიცდეს ,,ანგარიშვალდებული საწარმოს ინფორმაციის კონფიდენციალობის შესახებ წესი”.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე მ. ჯიბუტი
ანგარიშვალდებული საწარმოს ინფორმაციის კონფიდენციალობის შესახებ წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია ,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის (შემდეგში – კანონი) მე-13 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და აწესრიგებს ანგარიშვალდებული საწარმოს (შემდეგში – საწარმო) მიერ ანგარიშების შედგენისას მის მიერ კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისადმი (შემდეგში – კომისია) წარდგენისა და ამ ინფორმაციის კომისიის მიერ კონფიდენციალურად აღიარების პროცედურას.
მუხლი 2. კომისიისადმი კონფიდენციალური ინფორმაციის წარდგენა
1. საწარმოს უფლება აქვს კომისიისთვის წარსადგენ ანგარიშებში არ შეიტანოს მის მიერ კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია. ანგარიშის იმ ნაწილში, რომელშიც უნდა ასახულიყო კონფიდენციალური ინფორმაცია, საწარმო აკეთებს მითითებას, რომ ინფორმაცია გამოტოვებულია საწარმოს მიერ მისი კონფიდენციალურად მიჩნევის გამო და დანართის სახით იქნება წარდგენილი.
2. საწარმო კომისიას კონფიდენციალურ ინფორმაციას აწვდის ანგარიშთან ერთად. საწარმო ანგარიშის კონფიდენციალურ ნაწილს ათავსებს ცალკე დალუქულ კონვერტში და წარადგენს კომისიის სათავო ოფისში უშუალოდ თავისი წარმომადგენლის მეშვეობით, ან ანგარიშთან ერთად უგზავნის კომისიას დაზღვეული ფოსტით. კონვერტს თვალსაჩინო ადგილზე უნდა ჰქონდეს წარწერა – ,,კონფიდენციალური ინფორმაცია”. კონფიდენციალური ინფორმაცია თხრობითი ფორმით უნდა იყოს დაწერილი და მასში მოცემული ინფორმაცია დეტალურად ისე უნდა იყოს აღწერილი, რომ წარმოდგენილ საკითხზე ზუსტ, სრულ და თანმიმდევრულ წარმოდგენას იძლეოდეს.
3. კომისიისადმი წარდგენილ კონფიდენციალურ ინფორმაციას საწარმო თან ურთავს განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) განმცხადებლის დასახელებასა და მისამართს;
ბ) ახსნა-განმარტებას იმის თაობაზე, თუ რატომ მიიჩნევს საწარმო ინფორმაციას კონფიდენციალურად და რატომ არ არის მიზანშეწონილი ამ ინფორმაციის გამჟღავნება;
გ) იმ პირის სახელს, გვარს, თანამდებობას, მისამართსა და ტელეფონს, რომლისთვისაც კომისიას შეეძლება მიმართვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის, ან საჭიროების სხვა შემთხვევებში;
დ) იმ პირთა სიას, მათი სახელის, გვარის და საწარმოში მათი თანამდებობის მითითებით, რომელთათვისაც ცნობილია აღნიშნული ინფორმაცია.
მუხლი 3. კომისიის მიერ ინფორმაციის კონფიდენციალურად აღიარება
1. კომისია ინფორმაციის კონფიდენციალურად აღიარების საკითხს განიხილავს მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.
2. კომისია გადაწყვეტილებას ინფორმაციის კონფიდენციალურობის თაობაზე წერილობითი ფორმით აწვდის საწარმოს ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მითითებულ მისამართზე.
3. თუ კომისიამ არ აღიარა საწარმოს მიერ წარდგენილი ინფორმაცია კონფიდენციალურად, სა-წარმო უფლებამოსილია მის მიერ კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს იგი, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას. აღნიშნულ შემთხვევაში კომისია ვალდებულია ინფორმაცია კონფიდენციალურად შეინახოს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.
4. თუ საწარმო ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ინფორმაცია არ იქნა მიჩნეული კონფიდენციალურად, იგი მის მიერ კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში ხელახლა წარუდგენს კომისიას ანგარიშს, რომელშიც შეტანილი იქნება აღნიშნული ინფორმაცია.
მუხლი 4. კონფიდენციალური ინფორმაციის ღიად გამოცხადება
1. საწარმოს შეუძლია ნებისმიერ დროს წერილობით მიმართოს კომისიას კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის ღიად გამოცხადების თხოვნით. ინფორმაცია ღიად ჩაითვლება კომისიის მიერ საწარმოს თხოვნის მიღებისთანავე.
2. ინფორმაციის ღიად გამოცხადებიდან 15 დღის ვადაში საწარმო უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2002 წლის 2 დეკემბრის №24 დადგენილებით დამტკიცებული ,,ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების მფლობელების უფლებებისა და მათ მიმართ მმართველი ორგანოს წევრების ვალდებულებების შესახებ წესის” მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით დადგენილი წესით.
3. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კონფიდენციალური ინფორმაციის ღიად გამოცხადების თაობაზე, თუ არსებობს მტკიცებულებები, რომ:
ა) მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც კონფიდენციალურად იქნა აღიარებული;
ბ) კონფიდენციალური ინფორმაცია ცნობილი გახდა ისეთ პირთათვის, რომელთაც, ჩვეულებრივ, არ უნდა ჰქონოდათ აღნიშნული ინფორმაცია.
4. კომისია ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებამდე წერილობითი ფორმით აცნობებს საწარმოს, რომ აპირებს კონფიდენციალური ინფორმაციის ღიად გამოცხადებას და მიუთითებს ამ გადაწყვეტილების საფუძვლებს. კომისია საწარმოს აძლევს ვადას, არა უმეტეს 5 დღისა, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საკუთარი აზრის წერი-ლობითი ფორმით გამოთქმისათვის.
5. თუ საწარმო არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას კონფიდენციალური ინფორმაციის ღიად გამოცხადების თაობაზე, იგი კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში წერილობითი ფორმით აცნობებს აღნიშნულის შესახებ კომისიას შესაბამისი არგუმენტების მითითებით. თუ საწარმო კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ მიაწოდებს მას საკუთარ მოსაზრებას ინ-ფორმაცია ჩაითვლება ღიად.
6. კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას კონფიდენციალური ინფორმაციის ღიად გამოცხადების თაობაზე იღებს საწარმოსგან შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის ვადაში. თუ კომისია ამ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ინფორმაცია დარჩება კონფიდენციალურად.
7. საწარმო უფლებამოსილია კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების მის მიერ მიღებიდან 15 დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს აღნიშნული გადაწყვეტილება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობებს კომისიას. თუ საწარმო გაასაჩივრებს კომისიის გადაწყვეტილებას, კომისია ვალდებულია ინფორმაცია კონფიდენციალურად შეინახოს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.