საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების ნორმატივების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.080.000.22.022.007.424
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №245
2005 წლის 20 მაისი
ქ. თბილისი
საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების ნორმატივების დამტკიცების შესახებ
,,საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დანართით გათვალისწინებული ,,საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების ნორმატივები”.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მოვალეობის შემსრულებელი ა. დიდებულიძე
საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების ნორმატივები
1. მატერიალურ-ტექნიკური ნორმატივები:
დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი შენობა-ნაგებობების ფართის ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არანაკლებ 6 წლის ვადით, (პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება – არანაკლებ 3 წლის ვადით) გაფორმებული დოკუმენტით.
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობისათვის:
ა.ა) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს არანაკლებ 500 მ2 სასარგებლო ფართი;
ა.ბ) დაწესებულებას 1 მოსწავლეზე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 4 მ2 სასარგებლო ფართი;
ა.გ) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს მოსწავლეთა დადგენილი რაოდენობის შესაბამისი სასწავლო დანიშნულების ნივთები: მერხები, სკამები, დაფები ან მათი შემცვლელი სხვა საშუალებები;
ა.დ) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად აუცილებელი მატერიალური საშუალებები.
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობისათვის:
ბ.ა) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1000 მ2 საერთო ფართი;
ბ.ბ) დაწესებულებას 1 სტუდენტზე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 4 მ2 სააუდიტორიო და სალაბორატორიო ფართი;
ბ.გ) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს ბიბლიოთეკა, 1 სტუდენტზე არანაკლებ 10 დასახელების წიგნისა;
ბ.დ) დაწესებულება უნდა ფლობდეს 10 სტუდენტზე არანაკლებ 1 კომპიუტერისა;
ბ.ე) დაწესებულება ვალდებულია წარმოადგინოს სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული აუდიტორიების, კაბინეტ-ლაბორატორიების, პრაქტიკული სწავლების ბაზის, კლინიკის, სახელოსნოს და სხვა ობიექტების ფლობისა და სარგებლობის დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით არანაკლებ 6 წლის ვადით გაფორმებული დოკუმენტი.
გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობისათვის:
გ.ა) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს არანაკლებ 500 მ2 სასარგებლო ფართი;
გ.ბ) დაწესებულებას 1 მოსწავლეზე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 4 მ2 სასარგებლო ფართი (მოთხოვნა არ ეხება პროფესიული განათლების იმ სფეროს, სადაც ხორციელდება დამატებითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა);
გ.გ) დაწესებულება ვალდებულია წარმოადგინოს სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული სასწავლო კაბინეტ-ლაბორატორიების, პრაქტიკული სწავლების ბაზის, კლინიკის, სახელოსნოს, ინსტრუმენტების და სხვა ობიექტების ფლობისა და სარგებლობის დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით არანაკლებ 3 წლის ვადით გაფორმებული დოკუმენტები.
დ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების საქმიანობისათვის:
დაწესებულებას უნდა გააჩნდეს 1 ბავშვზე არანაკლებ 4 მ2 სასარგებლო ფართი.
ე) მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების საქმიანობისათვის:
ე.ა) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს არანაკლებ 500 მ2 სასარგებლო ფართი;
ე.ბ) დაწესებულებას 1 აღსაზრდელზე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 8 მ2 სასარგებლო ფართი;
ე.გ) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს აღსაზრდელთა დადგენილი რაოდენობის შესაბამისი სასწავლო დანიშნულების ნივთები: სპორტული ინვენტარი, სათამაშოები, მერხები, სკამები, დაფები ან მათი შემცვლელი სხვა ნივთები;
ე.დ) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს 1 აღსაზრდელზე გამოყოფილი 1 ტუმბო და საწოლი, 4 აღსაზრდელზე გამოყოფილი 1 კარადა;
ე.ე) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს 10 ბავშვზე არანაკლებ 2 ხელსაბანისა და ყოველ 20 ბავშვზე 3 საშხაპე;
ე.ვ) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2 იზოლირებული ოთახისა კარანტინისათვის;
ე.ზ) საძინებელ ოთახში განთავსებული უნდა იყოს არა უმეტეს 10 ბავშვისა;
ე.თ) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელთა თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების პირობები;
ე.ი) იმ მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებზე, რომლებიც ახორციელებენ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს, ვრცელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ნორმატივები.
2. პროგრამული ნორმატივები:
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობისათვის:
სასკოლო სასწავლო გეგმა შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და მასში დასახულ მიზნებთან;
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობისათვის:
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებელების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში მოყვანილი უნდა იყოს:
ბ.ა) თითოეული საფეხურის სასწავლო გეგმა მოდულების მიხედვით;
ბ.ბ) სპეციალობების ჩამონათვალი მისაღწევი აკადემიური ხარისხის ჩვენებით და თითოეულ საფეხურზე სწავლების ვადის მითითებით;
ბ.გ) საათების განაწილება მოდულების მიხედვით, საგნების ჩამონათვალი, სათანადო კრედიტების ან აკადემიური საათების მითითებით, შეფასების ფორმები;
ბ.დ) მოდულებში შემავალი სასწავლო კურსების მოკლე აღწერა (მინიმუმ 50 სიტყვა);
ბ.ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს მინიმუმ 60 კრედიტი ერთი სასწავლო წლის განმავლობაში. კრედიტი წარმოადგენს დროის ერთეულში სტუდენტის დატვირთვის მოცულობას.
გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობისათვის:
დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროგრამები შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სტანდარტებთან.
დ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების საქმიანობისათვის:
დაწესებულების მიერ წარმოდგენილ პროგრამაში აღწერილი უნდა იყოს სწავლების მეთოდიკა და დღის წესრიგი;
ე) მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების საქმიანობისათვის:
ე.ა) დაწესებულების მიერ წარმოდგენილ პროგრამაში აღწერილი უნდა იყოს სწავლების მეთოდიკა და დღის წესრიგი;
ე.ბ) იმ მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებზე, რომლებიც ახორციელებენ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს, ვრცელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ნორმატივები.
ვ) სკოლისგარეშე დაწესებულებების სააღმზრდელო საქმიანობისათვის:
დაწესებულების მიერ წარმოდგენილ პროგრამაში აღწერილი უნდა იყოს სწავლების მეთოდიკა და დღის წესრიგი.
3. ადამიანური რესურსების ნორმატივები:
დაწესებულების მიერ წარმოდგენილ მონაცემებს დასაქმებული კადრების თაობაზე თან უნდა ერთოდეს დაწესებულების მიერ შესაბამისი საქმიანობისათვის ლიცენზიის მიღების პირობით კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულებები.
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობისათვის:
დაწესებულება უნდა დაკომპლექტდეს უმაღლესი პედაგოგიური განათლების ან შესაბამისი უმაღლესი ან პროფესიული განათლების მქონე პედაგოგიური კადრებით;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობისათვის:
დაწესებულებაში დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან საქართველოს კანონმდებლობით მასთან გათანაბრებული ხარისხი, ან უნდა სწავლობდეს დოქტორანტურის პროგრამით იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
გ) პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობისათვის:
დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა პედაგოგს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ხოლო საწარმოო სწავლების ოსტატს (სასწავლო პრაქტიკის მასწავლებელს) შესაბამისი პროფესიული განათლება ან ხუთ წელზე მეტი სათანადო პრაქტიკული გამოცდილება;
დ) სკოლამდელი სააღმზრდელო, მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო, სკოლისგარეშე დაწესებულებებისათვის:
დ.ა) დასაქმებულ აღმზრდელებს უნდა გააჩნდეთ საშუალო პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
დ.ბ) იმ მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებზე, რომლებიც ახორციელებენ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს, ვრცელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ნორმატივები.