2006-2007 სასწავლო წლისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.11.2006 ძალადაკარგული 26.10.2007
ნომერი
№968
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.220.009607
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 163, 05/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.009.607

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №968

2006 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

2006-2007 სასწავლო წლისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის შესახებ

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის წახალისების მიზნით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის  47-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის პროგრამის ფარგლებში, ,,2006/07 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის №121 დადგენილების 41 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1.    დამტკიცდეს „2006-2007 სასწავლო წლისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა“ დანართის შესაბამისად.

2.    2006-2007 სასწავლო წელს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის გამოიყოს სახელმწიფო სასწავლო გრანტები 130 000 ლარის ოდენობით.

3.    ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხით – სახელმწიფო სასწავლო გრანტით შეიძლება დაფინანსდნენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2006-2007 სასწავლო წელს ჩარიცხული შემდეგი კატეგორიის სტუდენტები:

ა) ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეები;

ბ) იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომელთა წინაშე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით აღებული აქვს სპეციალური ვალდებულება აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეების საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით;

გ) იმ ქვეყნების მოქალაქეები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ იმ ქვეყნის სახელმწიფო დაფინანსებით მიიღონ უმაღლესი განათლება;

დ) უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ირჩევენ სწავლას ქართველოლოგიური მიმართულებით;

ე) ქართული ეთნიკური წარმოშობის უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც თავს მიიჩნევენ ქართული ეთნიკური წარმოშობის მქონედ და აქვთ ქართული გვარი ან ქართული ლინგვისტური იდენტობა.

4. „2006-2007 სასწავლო წლისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნდა მიმართონ ამ ბრძანების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში და უნდა წარადგინონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინის-ტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი დოკუ-მენტები.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ამ ბრძანების შესაბამისად წარდგენილი განცხადებების შესწავლის მიზნით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის სპეციალურ კომისიას, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისათვის ამზადებს გადაწყვეტილების პროექტებს, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

6. იმ შემთხვევაში, თუ დანართით გათვალისწინებული პროგრამის ფარგლებში ვერ მოხდება მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ბოლომდე ათვისება, დარჩენილი თანხა გამოიყენება ,,2006/07 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის №121 დადგენილების მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობის დაფინანსებისათვის.

7. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

დანართი

2006-2007 სასწავლო წლისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა

1.   პრობლემის აღწერა

საქართველოში დემოკრატიული პროცესების გააქტიურების პირობებზე იმატა ახალგაზრდების ჩართულობამ საქართველოს კულტურულ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ერთ-ერთი უმთავრესი სფერო ამ აქტივობისა განათლებაა. ქართული საგანმანათლებლო სივრცით დაინტერესებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდობაც. ამ მოვლენის დღევანდელი მასშტაბების ძირითადი განმსაზღვრელია განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე ძირეული რეფორმები, სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკა, რასაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ატარებს.

გასული საუკუნის 90-იან წლებში განვითარებულმა სოციალურმა თუ პოლიტიკურმა კრიზისებმა საქართველოს მოსახლეობის ნაწილის ემიგრაცია გამოიწვია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ემიგრანტთა უმრავლესობას სხვა ქვეყნების მოქალაქის სტატუსიც მიენიჭა. სამშობლოში დაბრუნება თითქმის ნებისმიერი მათგანის სურვილია. დღეს, როცა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა პოლიტიკური აუცილებლობა და საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი პრინციპი გახდა, ჩვენი თანამემამულეების დაბრუნება ერთ-ერთ მოგვარებად პრობლემად იქცა მრავალ პრობლემათა შორის, რაც წინამორბედი ხელისუფლების მემკვიდრეობას წარმოადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს ლაზების, დეპორტირებული მესხების, ფერეიდნელი ქართველებისა და სხვათა შესახებაც, რომელთა საქართველოში დაბრუნებაც ჩვენი ქვეყნის სერიოზული პასუხისმგებლობა და ძირითადი პრიორიტეტია ევრო-საბჭოს წინაშე.

2. პროგრამის მიზნები და ამოცანები

,,უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა“ ხელს შეუწყობს საქართველოდან ემიგრირებული მოსახლეობის სამშობლოში დაბრუნების სტიმულირებას და საზღვარგარეთ მოღვაწე ჩვენი ყოფილი თანამემემულეების დაინტერესებას საქართველოსთან აქტიურ თანამშრომლობაში. აგრეთვე უცხო ქვეყნების მოქალაქეთა ჩართვას საქართველოს საგან-მანათლებლო სივრცეში. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა დაფინანსების წლიური 2%-მდე.

2006-2007 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქა-ლაქეების დაფინანსების ფარგლებში გამოიყოფა 130 000 ლარი. დაფინანსება განაწილდება აკრედიტე-ბულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2006-2007 წელს ჩარიცხულ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებზე:

ა) ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე;

ბ) იმ ქვეყნების მოქალაქეებზე, რომელთა წინაშე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით აღებული აქვს სპეციალური ვალდებულება აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეების საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით;

გ) იმ ქვეყნების მოქალაქეებზე, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ იმ ქვეყნის სახელმწიფო დაფინანსებით მიიღონ უმაღლესი განათლება;

დ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც ირჩევენ სწავლას ქართველოლოგიური მიმართულებებით;

ე) ქართული ეთნიკური წარმოშობის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც თავს მიიჩნევენ ქართული ეთნიკური წარმოშობის მქონედ და აქვთ ქართული გვარი ან ქართული ლინგვისტური იდენტობა.

3.   მოსალოდნელი შედეგი

პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოდან ემიგრირებული მოსახლეობის სამშობლოში დაბრუნებას და საზღვარგარეთ მოღვაწე ჩვენი თანამემამულეების დაინტერესებას საქართველოსთან აქტიურ თანამშრომლობაში. აგრეთვე უცხო ქვეყნების მოქალაქეთა ჩართვას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში.

4.   პროგრამის მონიტორინგი და შეფასება

ამ პროგრამის განხორციელებაზე მონიტორინგს აწარმოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული და რეგიონული პროგრამების დეპარტამენტი.

5.    რესურსები (პროგრამის განმხორციელებლები)

პროგრამის განხორციელების მიზნით იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოპოვებასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ წარდგენილ განცხადებებს. კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული და რეგიონული პროგრამების დეპარტამენტი, ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი და საზოგადოე-ბასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო.

6.    პროგრამის ღირებულება (ბიუჯეტი)

2006-2007 სასწავლო წლისათვის ეს პროგრამა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მთლიანი ასიგნების თანხა შეადგენს 130 000 ლარს.