საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №923 ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.09.2005 ძალადაკარგული 31.10.2008
ნომერი
№923
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.033.007742
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 117, 07/10/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.007.742

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №923

2005 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე და 29-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია.

    მუხლი 2.

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, წინამდებარე დებულებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) ბრძანებებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 3.

დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

    მუხლი 4.

დეპარტამენტის დებულება, სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

თავი II

 დეპარტამენტის მიზნები და საქმიანობის სფერო

    მუხლი 5.

დეპარტამენტის მიზნები და ამოცანებია:

ა) სამინისტროს საქმიანობის მაქსიმალური გამჭირვალეობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა;

ბ) უზრუნველყოს საზოგადოებრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სამინისტროს საქმიანი და კეთილგანწყობილი ურთიერთობების ჩამოყალიბება;

გ) დაგეგმოს ღონისძიებები სამინისტროსა და მისი ხელმძღვანელობის საქმიანობის ობიექტურად წარმოჩენისა და ფორმირების თვალსაზრისით;

დ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სამინისტროს პოლიტიკის, პრიორიტეტების, ეკონომიკური რეფორმების პროცესში მისი როლისა და მნიშვნელობის წარმოჩენა;

ვ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მიწოდება;

ზ) სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება;

თ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოებრივი აზრის, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მასალების ყოველდღიური ანალიზი და ამის შესახებ სამინისტროს ხელმძღვანელობის ოპერატიულად ინფორმირება;

ი) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

    მუხლი 6.

დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:

ა) მოამზადოს და სამინისტროს ხელმძღვანელობას განსახილველად წარუდგინოს წინამდებარე დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისათვის აუცილებელი პროგრამები;

ბ) დაგეგმოს პროექტები, რომლებიც დაეხმარება სამინისტროს პოლიტიკის ეფექტურად რეალიზებაში;

გ) მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან;

 დ) დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე გარკვეული სამუშაოების შესასრულებლად, სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტრაქტის საფუძველზე მოიწვიოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.

თავი III

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა

    მუხლი 7.

დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

    მუხლი 8.

დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლებამოვალეობების განხორციელებისას;

გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

დ) უზრუნველყოფს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

ე) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების, ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

თ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 9.

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვასა და კოორდინაციაში;

ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) დეპარტამენტის უფროსის, მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოვალეობებს.

    მუხლი 10.

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) პრესასთან ურთიერთობის სამმართველო;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო.

    მუხლი 11.

პრესასთან ურთიერთობის სამმართველო:

ა) ორგანიზებას უკეთებს სამინისტროს საინფორმაციო ბიულეტენის, საინფორმაციო ფურცლების, პრესრელიზისა და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადებას;

ბ) უზრუნვლყოფს საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ოპერატიულ ინფორმირებას სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ;

გ) პრესისა და საინფორმაციო სატელევიზიო გამოშვებების ანალიზის მიხედვით შეიმუშავებს უახლოეს პერიოდში გასატარებელ და გრძელვადიან ღონისძიებებს;

დ) კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ურთიერთობას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, აგროვებს ინფორმაციებს მიმდინარე პროცესების შესახებ, გადაარჩევს და ამზადებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან გასავრცელებლად;

ე) ორგანიზებას უკეთებს და უშუალოდ მონაწილეობს სატელევიზიო სპეცპროგრამების მომზადებაში;

ვ) უზრუნველყოფს სამინისტროს ვებგვერდზე ახალი ინფორმაციის განთავსებას.

    მუხლი 12.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო:

ა) ორგანიზებას უწევს სამინისტროს მიზნებისა და ამოცანების გადაწყვეტისათვის აუცილებელი სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების დაგეგმვასა და ჩატარებას;

ბ) ამზადებს პრესის მიმოხილვას და ანალიზს;

გ) შესაბამისი კვლევის შედეგად შეარჩევს და მუშაობს მიზნობრივ ჯგუფებთან, ამზადებს მათ შეხვედრას ხელმძღვანელობასთან;

დ) სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე იკვლევს საზოგადოებისათვის ყველაზე აქტუალურ პრობლემებს და მათი განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით ახორციელებს სამინისტროს და საზოგადოებას შორის დიალოგის გამართვისათვის შეხვედრების ორგანიზებას;

ე) შეიმუშავებს გეგმას მინისტრის, სამინისტროს ხელმძღვანელების დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებისათვის;

ვ) იკვლევს მინისტრის, სამინისტროს რეიტინგს.

    მუხლი 13.

1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;

გ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

დ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის თაობაზე;

ე) ახორციელებს მინისტრის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს;

ე) დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და უფროსის მოადგილის წინაშე, ასრულებს მათ დავალებებს.

    მუხლი 14.

დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

თავი IV

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 15.

დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.