საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.04.2005 ძალადაკარგული 12.08.2005
ნომერი
№219
სარეგისტრაციო კოდი
200220010.22.330.007223
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 40, 07/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.007.223

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №219

2005 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში სტაჟირების გავლის თანდართული წესი.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ჩეჩელაშვილი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში სტაჟირების გავლის წესი

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1.

წინამდებარე წესი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში (შემდგომში – დეპარტამენტი) სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.

    მუხლი 2.

მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვისა და მომზადების, მათი პროფესიული დონის ამაღლების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, დეპარტამენტი უქმნის ახალგაზრდა სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.

    მუხლი 3.

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სტაჟირება – საბაჟო დეპარტამენტში ამ წესით რეგულირებადი, აუნაზღაურებადი საქმიანობა;

ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას;

გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად საბაჟო დეპარტამენტში შემოტანილი აქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ.

 

 

თავი II. სტაჟიორის სტატუსი

    მუხლი 4.

1. სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს უმაღლესი ეკონომიკური, იურიდიული, სპეციალური განათლების მქონე პირი ან შესაბამისი ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ დამამთავრებელ კურსად ჩაითვლება სწავლების ბოლო წელი.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ სპეციალურ განათლებად ჩაითვლება საგადასახდო-საბაჟო საქმე, საგადასახდო-საბაჟო საქმის ორგანიზაცია და მართვა, საბაჟო სამართალი, საბაჟო საქმის ეკონომიკა.

    მუხლი 5.

სტაჟიორობის კანდიდატმა დეპარტამენტის კადრების განყოფილებაში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) პირადი განცხადება;

ბ) დახასითება-შუამდგომლობა (აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის);

გ) ავტობიოგრაფია;

დ) დიპლომის ასლი (უმაღლესი განათლების მქონე პირთათვის);

ე) ორი ფოტოსურათი.

    მუხლი 6.

1. სტაჟიორად მიღება ხდება ტესტირების წესით.

2. ტესტირების გავლის წესი დგინდება დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტით.

3. ტესტირების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს დეპარტამენტის ადმინისტრაცია.

4. დადებითი შეფასების შემთხვევაში დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით კანდიდატი დაინიშნება დეპარტამენტში სტაჟიორად და დაენიშნება ხელმძღვანელი.

5. დანიშვნის შემდეგ სტაჟიორი საბაჟო სისტემაში გაივლის სავალდებულო ტრეინინგს ოცი დღის ვადით, შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობების სპეციფიკის გათვალისწინებით.

6. კანდიდატის სტაჟირებაზე მიღების შემთხვევაში მასზე გაიცემა სტაჟირების ვადით გაცემული დროებითი მოწმობა.

    მუხლი 7.

1. დეპარტამენტის ცალკეულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში სტაჟიორთა რაოდენობას განსაზღვრავს დეპარტამენტის თავმჯდომარე.

2. სტაჟიორთა რაოდენობა დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფში, როგორც წესი, არ აღემატება ამ სტრუქტურული ქვედანაყოფის საშტატო ერთეულთა საერთო რაოდენობის ნახევარს.

    მუხლი 8.

1. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება ექვს თვემდე ვადით.

2. დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსი პერიოდულად ისმენს და განიხილავს სტაჟიორის ანგარიშს მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.

3. დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსი მხედველობაში იღებს სტაჟიორის ხელმძღვანელისა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვა-ნელის აზრს სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.

4. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ სტაჟიორთან გასაუბრებას და შეფასებას ახორციელებენ საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით უფლებამოსილი თანამდებობის პირები.

5. გასაუბრებაზე განიხილება სტაჟიორის მიერ წარმოდგენილი, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან შეთანხმებული რეფერატი იმ ქვედანაყოფის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, სადაც იგი გადიოდა სტაჟირებას, აგრეთვე ადმინისტრაციის დასკვნა სტაჟიორის მიერ მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით მიიღება გადაწყვეტილება:

ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ;

ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ.

7. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების მოწმობა ან სერტიფიკატი და ირიცხება დეპარტამენტის მონაცემების ბაზაში.

    თავი III. სტაჟიორის უფლებები

    მუხლი 9.

1. სტაჟიორს უფლება აქვს დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ნებართვით გაეცნოს დეპარტამენტში შემოსულ დოკუ-მენტებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკა, ელექტრონული საშუალებები და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის კანონმდებლობით დადგენილ წესებს.

2. სტაჟიორს უფლება აქვს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს დეპარტამენტისა და მისი სტრუქტურული დანაყოფების მიერ ორგანიზებულ და ჩატარებულ ღონისძიებებში და თათბირებში.

3. გაეცნოს დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება და გამოიყენოს მათი კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული დავალებების შესასრულებლად.

4. სტაჟიორი დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებითა და სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობით ასრულებს ამ ქვედანაყოფის საქმიანობასთან დაკავშირებულ ცალკეულ დავალებებს.

    მუხლი 10.

1. სტაჟიორს უფლება აქვს დააყენოს წინადადება ადმინისტრაციის უფროსის წინაშე დეპარტამენტის ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან მეორეში გადაყვანის შესახებ.

2. ადმინისტრაციის უფროსი უფლებამოსილია სტაჟიორის ცოდნის დონის, აგრეთვე უშუალო ხელმძღვანელისა და შესაბამისი სტრუქტურული ქვეადნაყოფის ხელმძღვანელის აზრის მოსმენის საფუძველზე მოამზადოს შუამდგომლობა სტაჟიორის გადაყვანის თაობაზე.

    თავი IV. სტაჟიორის მოვალეობები

    მუხლი 11.

1. სტაჟიორი ვალდებულია გაეცნოს და იხელმძღვანელოს დეპარტამენტის დებულებით, დაიცვას შრომის შინაგანაწესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები.

2. დადგენილ ვადებში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებები.

3. მაქსიმალურად გამოიყენოს სტაჟირების ვადა დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკის გასაცნობად, პროფესიული ჩვევების დასაუფლებლად და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად.

    თავი V. დეპარტამენტის მოვალეობა

    მუხლი 12.

დეპარტამენტი ვალდებულია სტაჟიორს შეუქმნას სათანადო პირობები პროფესიული უნარ-ჩვევების და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.

    მუხლი 13.

1. სტაჟიორს ენიშნება ხელმძღვანელი, რომელიც კოორდინაციას უწევს მის მიერ სტაჟირების გავლის პროცესს.

2. ხელმძღვანელი სტაჟიორს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას.

3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და კონკრეტულად განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს ვადა, მიაწოდოს მას აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი მითითებები.

4. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელს მისადმი დაქვემდებარებულ სფეროში სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.

5. სტაჟირების გავლის საერთო კოორდინაციას და მონაცემთა ბაზის შექმნასა და შევსებას ახორციელებს დეპარტამენტის ადმინისტრაცია.

    თავი VI. დასკვნითი დებულებები

    მუხლი 14.

1. სტაჟირების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 3 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობა;

ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

გ) სავალდებულო ტრეინინგის არგავლა ან უარყოფითი შეფასების მიღება;

დ) სტაჟიორის პირადი განცხადება;

ე) გაწეული მუშაობის ანგარიშის მოსმენისას არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღება.

2. გადაწყვეტილებას სტაჟირების შეწყვეტის თაობაზე იღებს დეპარტამენტის თავმჯდომარე ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე.

    მუხლი 15.

იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დაინიშნა საბაჟო დეპარტამენტში, მას სტაჟირება ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი ცნობა.

    მუხლი 16.

ამ წესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.