საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/270 ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – წყალტუბოს სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.08.2006 ძალადაკარგული 25.09.2007
ნომერი
№3/270
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.028.009110
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 111, 22/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.110

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №3/270

2006 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – წყალტუბოს სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის თანახმად, ვბრძა­ნებ:

1. წყალტუბოს სამუსიკო სკოლის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკოლის­გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულე­ბა – წყალტუბოს სამუსიკო სკოლა.

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებ­ლო დაწესებულების – წყალტუბოს სამუსიკო სკოლის თანდართული წესდება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – წყალტუბოს სამუსიკო სკოლის წესდება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკო­ლის­გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებუ­ლება წყალტუბოს სამუსიკო სკოლა (შემდგომში – სამუსიკო სკოლა) არის „საჯარო სამართლის იური­დიუ­ლი პირის შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნი­ლი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებ­ლო პროგრამების გარეშე, დაწყებით საფეხურზე.

2. სამუსიკო სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონ­მდებ­ლობისა და ამ წესდების საფუძველზე.

3. სამუსიკო სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარი­შები საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

4. სამუსიკო სკოლა საკუთარი სახელით ახორციე­ლებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, ამყარებს საქმიან კონტაქტებს როგორც საქართველოს, ასევე უცხოე­თის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით შეუძლია გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.

5. სამუსიკო სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორ­ციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. სამუსიკო სკოლის იურიდიული მისამართია – წყალ­ტუბო, რუსთაველის №35.

    მუხლი 2. სამუსიკო სკოლის მიზნები, ამოცანები

1. სამუსიკო სკოლის მიზნებია:

ა) მისცეს მოსწავლეებს დაწყებითი სამუსიკო განათლება; სწავლების ხანგრძლივობა–6 წელი;

ბ) შეუქმნას მოსწავლეებს შესაბამისი პირობები პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკი­ლებების განვითარებისა და კულტურული მემკვიდ­რეობის შესწავლისათვის.

2. სამუსიკო სკოლის ამოცანებია:

ა) აზიაროს მოსწავლეები მუსიკალური ხელოვნების საფუძვლებს;

ბ) გააცნოს და შეაყვაროს მოსწავლეებს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა, ქართული და მსოფლიოს ხელოვნების ნიმუშები;

გ) კონკურსების, ფესტივალებისა და სხვა ღონის­ძიებების საშუალებით გამოავლინოს და წარმოაჩინოს განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოე­ბული მოსწავლეები;

დ) იზრუნოს მოსწავლეთა ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაზე და აქტიური და ინტელექტუალური მსმენელის აღზრდაზე.

    მუხლი 3. სასწავლო პროცესის ორგანიზაცია

1. სამუსიკო სკოლაში სასწავლო პროცესის ორგანი­ზაცია, სწავლების შინაარსი და ხანგრძლივობა, სწავლის შედეგებისა და მიღწევების შეფასების სისტემა განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათ­ლებლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმებისა და სასწავლო პროგ­რამების საფუძველზე.

2. სამუსიკო სკოლაში ხორციელდება შემდეგი დაწყე­ბითი სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამები:

ა) საფორტეპიანო;

ბ) საორკესტრო.

3. სამუსიკო სკოლაში მომდევნო საფეხურის საგანმა­ნათლებლო პროგრამის განხორციელება ხდება საქარ­თველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორ­ტის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმარ­თვე­ლობის ორგანოსთან ურთიერთშეთანხმების საფუძველ­ზე, შესაბამისი პედაგოგიური კადრებისა და მატერია­ლურ-ტექნიკური ბაზის არსებობის შემთხვევაში, წესდებაში სათანადო ცვლილებების შეტანის გზით.

4. სამუსიკო სკოლაში სწავლის უფლებით სარგებ­ლობენ საქართველოს მოქალაქეთა შვილები; ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილე­ბი აღნიშნულ სკოლებში მიიღებიან საერთო წესით.

5. სამუსიკო სკოლაში მიღება თავისუფალია მოზარ­დთათვის 6 წლის ასაკიდან; იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში სწავლის მსურველთა რაოდენობა აღემატება მისაღებ კონტინგენტს, სკოლაში ტარდება შესარჩევი კონკურსი შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

6. ცალკეულ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, დასაშვებია როგორც უფროსი, ასევე უმცროსი ასაკის მოსწავლეთა ჩარიცხვა შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

7. სამუსიკო სკოლაში მისაღებ კონტინგენტს განსაზღვრავს დამკვეთი.

8. სამუსიკო სკოლას უფლება აქვს განახორციელოს ფასიანი მომსახურება ნებისმიერი ასაკის მსურველთათ­ვის (სწავლების შესაბამისი პროგრამებით).

9. სამუსიკო სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა წარ­მოებს:

ა) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრა­ციულ-სამართლებრივი აქტით;

ბ) კონკურსის შემთხვევაში – მიმღები კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, დირექტორის ინდივი­დუა­ლური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

10. სკოლაში შემსვლელთათვის აუცილებელი საბუთების ნუსხა და ხელშეკრულების პირობები განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესით.

11. სკოლაში სასწავლო პროცესის ორგანიზების ძირითადი ფორმებია: ინდივიდუალური, ჯგუფური გაკ­ვეთილი და კლასგარეშე მუშაობა.

12. ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენისა და კონტროლის ფორმებია: მიმდინარე – გაკვეთილზე გამოკითხვა და პერიოდული – ღია და დახურული კონცერტები, საკონტროლო გაკვეთილები, ჩათვლები და გამოცდები.

13. სამუსიკო სკოლის დამთავრებისას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინის­ტროს მიერ გაიცემა შესაბამისი საფეხურის დასრუ­ლების დამადასტურებელი მოწმობა.

    მუხლი 4. სამუსიკო სკოლის სტრუქტურა და მართვა

1. სამუსიკო სკოლის სტრუქტურული ერთეულებია ძირითადი-სასწავლო და დამხმარე-სასწავლო სტრუქ­ტუ­რული ერთეულები.

2. სამუსიკო სკოლას მართავს ადმინისტრაცია (დი­რექ­ტორი, დირექტორის მოადგილე(ები), ბუღალ­ტერი) და პედაგოგიური საბჭო.

3. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობაში შედის სკოლის ყველა პედაგოგი.

4. პედაგოგიური საბჭოს ხელმძღვანელობს სამუსიკო სკოლის დირექტორი.

5. პედაგოგიური საბჭო:

ა) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ქმნის სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავა­ლებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინა­შე;

ბ) ადგენს პედაგოგიური საბჭოს მუშაობის რეგ­ლამენტს;

გ) განიხილავს დირექტორის მიერ შემუშავებულ სას­კოლო წლიურ სამუშაო გეგმას;

დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შეიმუშავებს სასკოლო სასწავლო გეგმებს;

ე) ისმენს დირექტორის, დირექტორის მოადგილის (ების), შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა და სხვათა ანგარიშს (ინფორმაციას) საგან­მანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით;

ვ) იხილავს სამუსიკო სკოლაში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების, სასკოლო სასწავლო გეგმებში ცვლილებების შეტანისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობასთან დაკავ­შირე­ბულ სხვა საკითხებს, იღებს შესაბამის გადაწყვე­ტი­ლებებს.

6. პედაგოგიური საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, დამსწრეთა ვინაობა, მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს დირექ­ტორი და საბჭოს მდივანი.

7. სამუსიკო სკოლის საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულ­ტუ­რის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს რეკო­მენდა­ციით.

8. დირექტორად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს პედაგოგიური და/ან შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ორგანიზაციული საქმიანო­ბის უნარ-ჩვევები და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის.

9. სამუსიკო სკოლის დირექტორი:

ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევს სამუსიკო სკოლის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;

ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკი­ცებს სამუსიკო სკოლის საშტატო განრიგს და ხელ­ფასის ფონდს;

გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სამუსიკო სკოლას ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილო­ბებს, დებს გარიგებებს;

დ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს სამუსიკო სკოლის ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა სამუსიკო სკოლის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრე­ბის მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს სკოლის თანამშრომლებს, საქართველოს შრომის კო­­დექ­­სით დადგენილი წესით აფორმებს შრომით ხელ­შეკრულებებს სკოლის თანამშრომლებსა და საჭი­როებისამებრ დროებით მოწვეულ სპეციალის­ტებთან;

ვ) იღებს გადაწყვეტილებებს სკოლის თანამშრო­მელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხის­მგებ­ლობის შესახებ; განსაზღვრავს პედაგოგთა დატ­ვირ­­თვის და სახელფასო ანაზღაურების ოდენო­ბას;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუა­ლურ ადმინისტრაციულ-სამართლებლივ აქტებს, წყვეტს მოსწავლეების სკოლაში ჩარიცხვისა და გარიც­ხვის საკითხს;

თ) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით – ადგენს მისაღები კონტინგენტის პროექტს, შეიმუშავებს და ამტიცებს სამუსიკო სკოლის შინაგანაწესს, წლიურ ანგარიშს საფინანსო საქმიანობისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის შესახებ;

ი) ამტკიცებს სკოლის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმებს, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;

კ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს წარუდგენს დასამტკიცებლად სამუსიკო სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტს, რომლსაც წინასწარ ათანხმებს პედაგოგიურ საბჭოსთან;

ლ) წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცა­ნების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციე­ლოს სხვა მოქმედებები.

10. დირექტორის მოადგილედ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს სასწავლო დარგში უმაღლესი სამუ­სიკო განათლება, შესაბამისი პედაგოგიური, შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის ორგანიზაციის უნარი და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის.

11. დირექტორის მოადგილე:

ა) პასუხისმგებელია სასწავლო-შემოქმედებით პროცესზე;

ბ) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.

    მუხლი 5. სამუსიკო სკოლის პედაგოგი, კონცერტმაისტერი, სასწავლო-დამხმარე პერსონალი

1. სამუსიკო სკოლის პედაგოგად და კონცერტმაის­ტერად მუშაობის უფლება აქვს შესაბამისი სამუსიკო განათლების მქონე პირს; იგი უნდა ეწეოდეს საქმიანობას დიპლომით მითითებული კვალიფიკაციის შესაბამისად.

2. სამუსიკო სკოლის სასწავლო-დამხმარე პერსო­ნალს წარმოადგენს ლაბორანტი, ბიბლიოთეკარი და სამუსიკო სკოლის საშტატო განრიგით განსაზღვრული სხვა მუშაკები.

3. სამუსიკო სკოლის პედაგოგის, კონცერტმაის­ტერისა და სასწავლო-დამხმარე პერსონალის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება შინაგანაწესით.

    მუხლი 6. სამუსიკო სკოლის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება

1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციე­ბის განსახორციელებლად სამუსიკო სკოლას საქარ­თველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება, საქართველოს კანონ­­მდებლობით დადგენილი წესით.

2. სამუსიკო სკოლის დაფინანსების წყაროებია:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული სახსრები;

გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ე) კანონმდებლობით ნებართული დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

3. ამ მუხლით განსაზღვრული სახსრები კანონმდებ­ლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სამუსიკო სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას; სკოლის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვე­ბელია.

4. სამუსიკო სკოლა ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართვე­ლოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს.

5. სამუსიკო სკოლის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკი­დებელი აუდიტორი.

    მუხლი 7. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

1. სამუსიკო სკოლას შეუძლია მხოლოდ საქართვე­ლოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები სახელოვნებო სკოლის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვე­პუნ­­ქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორ­ციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვე­­პუნქტებით გათვალისწინებული ქმედება საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან.

4. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივ­რდეს სასამართლოში.

    მუხლი 8. სახელმწიფო კონტროლი

1. სამუსიკო სკოლის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს სკოლის მიერ განხორციელებული საქმია­ნობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედ­ველობას.

2. სამუსიკო სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორ­ციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რისთვისაც:

ა) ყოველი სასწავლო წლის ბოლოს იხილავს სამუ­სიკო სკოლის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს გასული წლის საქმიანობის შესახებ;

ბ) გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილ­ზე შეისწავლის სკოლის საქმიანობას.

    მუხლი 9. სამუსიკო სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. სამუსიკო სკოლის რეორგანიზაციასა და ლიკვიდა­ციას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვე­ვებში და დადგენილი წესით, ახორციელებს საქართვე­ლოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.

2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრუ­ლად გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

    მუხლი 10. სამუსიკო სკოლის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი

სამუსიკო სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით.