სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№337
სარეგისტრაციო კოდი
040170020.10.003.016497
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110909007, 09/09/2011

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №337

2011 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

სს„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესა­ბა­მი­სად დამტკიცდეს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპე­ცი­ა­ლური წესი.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია გამოქვეყნებიდან 2 წლის განმავლობაში.

პრემიერ-მინისტრი                                                                                            ნ. გილაური

 

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ სა­ქო­ნ­­ლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესა­ხებ“ საქარ­თვე­ლოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესა­ბამისად და ადგენს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონ­დი­სათვის“ საქონლისა და მომსახუ­რე­ბის შესყიდვების სპეციალურ წესს.

 2. ამ წესის მიზანია საწარმოს საქმიანობის სპეციფიკის გათვალი­სწი­ნებით შესყიდვების სპეციალური წესის დადგენა.

 3. ეს წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის მოთხოვნები და მოქმედება.

4. შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამო­ყენე­ბულ იქნეს მსოფ­ლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგა­ნიზაციის, ევროპის რე­კონსტრუქციისა და განვითარების ბან­კის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW), ევროპის საინ­ვეს­ტიციო ბანკის (EIB) და სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანი­ზა­ცი­ებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედუ­რები, თუ ეს ორგანიზაციები და/ან ქვეყნები არიან შესყიდვების განხორცი­ელებას­თან დაკავ­შირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი. იმ შემთხვე­ვა­ში, თუ აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან შეს­ყიდ­ვების გან­ხორ­ციე­ლე­ბასთან დაკავშირებული სამართალურ­თი­ერთო­ბის მონაწი­ლენი, მა­თი, აგრეთვე სხვა ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები შესაძ­ლე­ბელია გამო­ყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის გან­კარ­გულების სა­ფუძ­­ველზე.

5. საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყვეტი­ლება მიიღება მხოლოდ ამ წესის შესაბამისად.

6. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ ახორ­ციელებს მხოლოდ „სახელმწიფო შესყიდ­ვების შესახებ“ საქარ­თველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 2. გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

 

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშ­ვნელობა:

ა) შესყიდვა – სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, აგრეთვე ყველა სახის ინ­ტე­­ლექტუალური მომსახურების შესყიდვა (მათ შორის, აუდი­ტორული, საექსპერტო, საბროკერო, საკონსულტაციო (მათ შორის, ფინან­სური, სა­ბუ­ღალტრო, აქტივების განკარგვა), იურიდიული, საპ­რო­ექტო და სხვ.);

ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია (შემდგომში – საწარმო) – სს „საქარ­თვე­ლოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“;

გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი ან/და მომსა­ხუ­რება;

დ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის სა­განი (გარდა უძრავი ქონებისა) როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, ასევე საქონლის მიწოდების თანამდევი მომსა­ხურება, თუ ამ მომსახუ­რების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;

ე) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონ­ლისა და სამ­შენებლო სამუშაოს გარდა;

ვ) პრეტენდენტი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზი­კური ან იური­დიული პირი, რომელიც მონაწილეობს შესყიდვის პროცედუ­რაში;

ზ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგა­ნი­ზაციასთან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;

თ) ფასთა გამოკითხვა – შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც სა­ქონლისა და მომსახურების შესყიდვებისათვის დასაშ­ვებია ვაჭრობა და გა­დაწყვეტილების მისაღებად ძირითადად განმსაზღვრელია ფა­სის კრი­ტე­რიუმი, თუმცა შემსყიდველი ორგანიზაციის გადა­წყვე­ტილებით და­საშ­ვებია შეფასების სხვა კრიტერიუმების გა­მო­ყენება იმ პირობით, რომ სხვა კრიტერიუმების პრიორიტეტუ­ლობის კოეფიციენტები ცალ-ცალკე ან ჯა­მურად არ აღემატე­ბოდეს ფასის კრიტერიუმის პრიორიტეტუ­ლო­ბის კო­ეფიციენტს;

ი) ერთ პირთან მოლაპარაკება – შესყიდვის საშუალება, როდესაც და­საშვებია მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევა;

კ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფ­რთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომე­ლიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული, ან/და რომ­ლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმე­დებით, ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქარ­თველოს სახელმწიფოებრივ ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, ან შემ­სყიდ­ველი ორგანიზაციის ქონებას;

ლ) დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი – კალენდარული დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი;

მ) ტენდერი – შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც მიმწოდებლის შერჩევას სატენდერო წინადადებების შეფასების საფუძველზე ახდენს შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისია, ამასთან, საქონლისა და მომსახურების ტენდერის საშუალებით შესყიდვის შემთხვევაში და­საშ­ვებია ვაჭრობა;

ნ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – მსგავსი კომპონენტების, ტექ­­ნიკური მახასიათებლების ან/და ფუნქციების მქონე, ურთიერთჩა­ნაცვლებადი შესყიდვის ობიექტები;

ო) შესყიდვების გეგმა – სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ წინასწარ დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმა (დანართი), რომლის შესაბამისადაც შემსყიდველი ორგანიზაცია შეს­ყიდ­ვებს ახორციელებს.

    მუხლი 3. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები

1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია:

ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შეს­ყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);

ბ) ამ წესის შესაბამისად მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალი­ფი­კა­ცია;

გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩე­როს ან შე­წ­ყვი­ტოს შესყიდვის პროცედურა;

დ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვე­ვე­ბის არსებობისას.

2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია:

ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები შემსყიდველი ორგა­ნი­ზა­ციის მიერ შესყიდვებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, ამ წესით დად­გენილი პირობების დაცვით;

ბ) დადგენილი წესით საქონლის მიწოდებისას და მომსახურების გა­წე­ვისას აუ­ნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის, მომსახურების ღირე­ბუ­­­ლება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალის­წინებული.

    მუხლი 4. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები

1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები ეხება შესყიდვის განხორციელებასთან დაკავში­რე­ბულ შემდეგ საქმია­ნო­ბას:

ა) სატენდერო კომისიის წევრების, შესყიდვის განხორცი­ელებისათვის პასუხისმგებელი სხვა პირების შერჩევას;

ბ) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენ­დე­რო დოკუმენ­ტაციისა და სხვა მასალების მომზადებას;

გ) საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინა­და­დებების გან­ხილ­ვასა და შეფასებას;

დ) ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოლაპა­რა­კების გამარ­თვას;

ე) ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამ­ხედ­ველობას;

ვ) შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა საქ­მიანობას.

2. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში შეს­ყიდვის გან­ხორ­ციელებასთან დაკავშირებული პირი (საწარმოს თანამშრომელი, კონ­სულტანტი, ექსპერტი და სხვ.) ვალდე­ბუ­ლია უარი განაცხადოს შესყიდ­ვის განხორ­ციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ.

3. დაუშვებელია, რომ საწარმომ შესყიდვის მომზადება, გან­ხორ­ციე­ლე­ბა ან/და მასზე ზედამხედველობა დააკისროს პირს, ან კონსულ­ტანტად (ექსპერტად) მოიწვიოს პირი, თუ იგი:

ა) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე რომე­ლიმე იური­დიული პირის ხელმძღვანელის ან უშუალო მონაწილის ახლო ნათესავი;

ბ) ბოლო 2 წლის განმავლობაში მუშაობდა შესყიდვის მონაწილე ორ­განიზაციაში;

გ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან ასეთი კავ­ში­რის დასამყარებლად მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მონაწილე იუ­რიდიულ ან ფიზიკურ პირთან.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები ვრცე­ლ­დება, აგრეთვე:

ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორცი­ე­ლების მონა­წი­­ლეთა მიმართ;

ბ) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორ­ცი­ე­ლე­ბის თაობაზე მოლაპარაკების მონაწილეთა მი­მართ.

    მუხლი 5. შესყიდვის საშუალებები

1. შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ტენდერის, ფასთა გამო­კითხვის ან ერთ პირთან მოლაპარაკების საშუ­ალებებით.

2. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, თუ:

ა) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 100 000 (ასი ათასი) ლარს;

 ბ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა და არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად;

გ) არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, რის შესახებაც გადაწყვე­ტი­ლე­ბას იღებს შემსყიდველი ორგანიზაცია;

დ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, მიმწოდებლი­სა­გან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცი­ლე­ბელია შესყიდვა განხორციელდეს იმავე მიმწოდებლისაგან ან იმავე მი­მწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქვე­­­კონტრაქტორისაგან;

ე) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძი­ების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შესყიდ­ვები განხორციელდება საქართვე­ლოს მთავრობის სამართლებრივი აქ­ტით დადგენის შემთხვევაში;

ვ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შეს­ყიდვა;

 ზ) შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით დად­გენილი გადასახდელების გადახდის გზით;

 თ) ხორციელდება საბანკო ან/და ინტელექტუალური მომსახურების შეს­ყიდვა (მათ შორის, აუდი­ტორული, საექსპერტო, საბროკერო, საკონ­სულტაციო (მათ შორის, ფინან­სური, საბუღალტრო, აქტივების გან­კარ­გვა), იურიდიული, საპ­რო­ექტო და სხვ.).

3. შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრუ­ლების გარეშე ერთ პირთან მოლაპარაკების საშუა­ლებით, თუ შესყიდვის ობიექტია:

ა) კომუნალური მომსახურება (დასუფთავება და სხვ.);

ბ) სატელეფონო მომსახურება (როუმინგის ჩათვლით);

გ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავში­რე­ბით განსახორციელე­ბე­ლი შესყიდვა.

4. ერთ პირთან მოლაპარაკებისა და ფასთა გამოკითხვის პროცედურებს ახორციელებს საწარმოს ხელმძღვანელი ან მის მიერ საქართველოს კა­ნონ­მდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი პირი (პირები).

    მუხლი 6. ფასთა გამოკითხვა

1. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ფასთა გამოკითხვის საშუა­ლე­ბით, თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 200 000 (ორასი ათასი) ლარს.

2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შეადგინოს დოკუმენ­ტა­ცია ფასთა გამოკითხვის საშუალებით საქონლისა და/ან მომსახურების შეს­ყიდვის შემთხვევაში.

3. შედგენილი დოკუმენტაცია ეგზავნება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ სათანადოდ შერჩეულ არანაკ­ლებ 2 პირს.

4. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია შესყიდვის ობი­ექტთან დაკავშირებით.

5. შემსყიდველი ორგანიზაცია დოკუმენტაციის დაგზავ­ნიდან არა უმე­ტეს 20 დღისა იღებს მოწვეული პირების გადა­წყვე­­ტილებებს მონაწი­ლე­ობის თაობაზე და განაცხადებს, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დო­კუმენტებს:

ა) განცხადება მონაწილეობის შესახებ;

ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ;

გ) ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ.

6. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები ხელ­მოწერილი უნდა იყოს მონაწილე პირის ხელმძღვანელის ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ.

7. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები შერჩე­ული უნდა იქ­ნეს განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 დღი­სა.

8. მოწვეულ პირებს უფლება აქვთ, მიმართონ შემსყიდველ ორგანი­ზა­ციას დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით შეს­ყიდვის ობიექ­ტთან დაკავშირებით.

9. გამარჯვებულად მიიჩნევა მონაწილე, რომლის გა­ნაცხადი სრულად შეესაბამება ფასთა გამოკითხვის დოკუმენ­ტაციის პირობებს და აქვს უმ­ცირესი ფასი.

    მუხლი 7. ტენდერი

1. ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც ქმნის საწარმოს დი­რექტორი არანაკლებ 3 წევრის შემად­გენ­ლობით.

2. სატენდერო კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდ­ველი ორგანი­ზა­ციის თანამშრომლები.

3. სატენდერო კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზა­ციის ხელმძღვანელი, ან მის მიერ დანიშნული პირი.

4. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად სათათბირო ხმის უფლებით შეიძ­ლე­ბა მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

 5. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება და სატენდერო დოკუ­მენტაცია მტკიცდება სატენდერო კომისიის მიერ განცხადების გამოქ­ვეყ­ნებამდე, რაც აისახება სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში.

 6. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომი­სიის წევრთა სი­ითი შემადგენლობის უმრავლესობით. სატენ­დერო კომისიის წევრს, რო­მელიც არ ეთანხმება კომისიის გა­და­წყვეტილებას, უფლება აქვს, წერი­ლობით წარადგინოს თა­ვისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენ­დე­რო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემ­თხვე­ვაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა.

 7. სატენდერო კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევ­რები.

    მუხლი 8. სატენდერო კომისიის აპარატი

1. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგა­ნიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, საწარმოს ხელ­მძღვა­­ნელის ბრძანებით ამ სა­წარ­მოს თანამშრომელთაგან იქ­მნება სატენდერო კომისიის აპარატი, რო­მელ­საც ხელმძღვანე­ლობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე.

 2. შესყიდვის ობიექტის დაზუსტებული მახასიათებლებისა და სავარა­უდო ღირებულების მიღების შემდეგ სატენდერო კომისიის აპარატი შეიმუშავებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ტექსტისა და სა­ტენდერო დოკუმენტაციის პროექტებს.

 3. ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს უფლება აქვთ, საკვა­ლი­ფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების წარდგენამდე გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას შემსყიდველ ორგანიზაციაში.

 4. სატენდერო კომისიის აპარატს უფლება აქვს, კავშირი იქონიოს პრე­ტენდენტებთან, საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს მათ განმარ­ტე­ბები შესყიდვის პროცედურების შესახებ.

5. სატენდერო კომისიის აპარატი ვალდებულია, ყოველი ტენდერის ჩა­ტარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენ­ტი და ინფორმა­ცი­უ­ლი მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზ­რუნ­ველყოს მისი შენახვა ხელ­შეკ­რულების დადებიდან ორი წლის განმავლობაში, ხოლო გრძელვა­დი­ანი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში – ხელშეკრულების მოქ­მე­დების ვადის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც გა­და­ეცემა სა­წარმოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს დადგე­ნილი წე­სით შესა­ნა­ხად.

    მუხლი 9. განცხადება ტენდერის შესახებ

1. ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისია შემსყიდ­ველი ორგა­ნი­ზა­ციის სახელით ტენდერის ჩატარების შესახებ გან­ცხადებას აქვეყნებს გა­ზეთ „24 საათში“ ან/და საწარმოს ვებგვერ­დზე ან/და სხვა მასობრივი ინ­ფორმაციის საშუალებებში.

2. განცხადებით გათვალისწინებული ვადები აითვლება გაზეთ „24 სა­ათში“ ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღი­დან.

3. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება და მისამართი;

ბ) შესასყიდი (მისაწოდებელი) საქონლის სახეობა ან გასაწევი მომსა­ხუ­რების სახეობა, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას შემ­სყი­დ­ველი ორგანიზაცია საჭიროდ ჩათვლის შესყიდვის ობიექტის აღწე­რის მიზნით;

გ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დო­კუმენტები;

დ) სატენდერო კომისიის აპარატის პასუხისმგებელი პირის საკონ­ტაქ­ტო ინფორმაცია.

4. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას ამტკიცებს სატენდერო კომისია.

5. საკვალიფიკაციო მონაცემების მიღების დასრულების ვადებს გან­საზ­­ღვრავს სატენდერო კომისია, საწარმოს ინტერე­სებისა და შესყიდვის მოცულობიდან გამომდინარე, მაგრამ აღ­ნიშნული ვადა არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკ­ლები.

6. სატენდერო კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს ტენდე­რის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინ­ფორ­მაცია. ეს ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინ­ფორ­მაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქ­ვეყნდა განცხა­დება ტენდერის ჩატარების შესახებ.

    მუხლი 10. საკვალიფიკაციო მონაცემები

მოთხოვნებს, რომლებსაც შესყიდვაში მონაწილეობის მი­სა­ღებად უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტთა საკვალიფი­კა­ციო მონაცემები, განსაზ­ღვრავს საწარმოს სატენდერო კომისია ყოველი კონკრეტული შესყიდ­ვი­სათვის.

    მუხლი 11. სატენდერო დოკუმენტაცია

1. სატენდერო დოკუმენტაცია არის დოკუმენტთა პაკეტი, რომელიც შე­ი­ცავს შესყიდვის ობიექტის, სატენდერო კომი­სი­ის მოთხოვნებისა და პრე­ტენდენტების სატენდერო წინადა­დებების შეფასების კრიტერი­უ­მე­ბის შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში სხვა დამა­ტე­­ბითი სახის ინფორმაციას.

2. სატენდერო კომისია სატენდერო დოკუმენტაციას ამ­ტკიცებს ტენ­დერის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყ­ნებამდე.

3. დაინტერესების შემთხვევაში კომისია დაინტერესებულ პირს მო­თ­ხოვ­­ნისთანავე გადას­ცემს სატენდერო დოკუმენტაციას.

4. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

ა) მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ პრეტენდენტები შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად;

ბ) პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების შეფასების წესებსა და კრიტერიუმებს, ამ კრიტერიუმების პრიორიტეტუ­ლობის მითითებით;

გ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას ან მომსახურების მოცულობას, აგრეთვე სხვა მონაცემებს, რომელთა მითითებას შემსყიდველი ორგა­ნიზაცია საჭიროდ ჩათვლის შესყიდვის ობიექტთან დაკავ­ში­რებით;

დ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების წარდგენის ვა­დას;

ე) პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების კონვერტე­ბის გახსნის დროს.

5. სატენდერო კომისია პრეტენდენტის წერილობითი თხოვ­ნით ან სა­კუ­თარი ინიციატივით განმარტავს ან/და აზუს­ტებს სატენდერო დოკუ­მენ­ტაციაში შესყიდვის პროცედურებსა და ობიექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

    მუხლი 12. სატენდერო წინადადებების შეფასების წესი

1. წერილობითი განაცხადების ან/და ზეპირი ვაჭრობის შედეგად სა­ტენ­დერო წინადადებების საბოლოო ფასების დადგენის შემდეგ სატენ­დერო კომისია ახდენს სატენდერო წინადადებების შეფასებას სატენ­დე­რო დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმების მიხედვით, ამ კრი­ტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.

 2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად დაშვე­ბუ­ლია სატენდერო წინადადებების ფასის დაფიქსირება სხვადასხვა კონ­ვერტირებად ვალუტაში, სატენდერო წინადადებების განხილვის დროს უნდა მოხდეს მათი გადაყვანა ეროვნულ ვალუტაში საქართველოს ეროვ­ნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსის შესაბამისად.

 3. შეფასებისათვის გამოყენებული კრიტერიუმები შეიძლება ეხებო­დეს როგორც უშუალოდ პრეტენდენტებს, ისე მათ მიერ წარდგენილ წი­ნა­დადებებს.

 4. პრეტენდენტების შეფასების მიზანია მათი ფინანსური მდგომა­რეო­ბის, ტექნიკური შესაძლებლობების, პერსონალის კვალიფიკაციის, რეპუ­ტა­­­ციის, გამოცდილების და სხვა მონაცემებისა და მახასიათებლების შე­და­­რება.

 5. სატენდერო წინადადებების შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქ­ნეს შემდეგი კრიტერიუმები:

 ა) სატენდერო წინადადების ღირებულება;

 ბ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ვადები;

 გ) საქონლის, მომსახურების ხარისხობრივი პარამეტრები და ფუნქცი­ონალური მახასიათებლები;

 დ) ანგარიშსწორების ფორმები და პირობები;

 ე) მომსახურების მიმწოდებელი საწარმოს გამოცდილება და კვა­ლი­ფიკაცია; 

 ვ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ მის ექსპლუატაციასთან, ტექ­ნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა კრიტე­რიუმები, რომელთა გამოყენებასაც მიზანშეწონილად ჩათვლის სატენ­დე­რო კომისია.

 6. შეფასებისას გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა ჰქონდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრი­ო­რი­ტეტულობის მაჩვენებელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოე­ფი­ცი­ენ­­ტის სახით. ამასთან, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფი­ციენტების ჯამი უნდა უდრიდეს ერთ მთელს.

 7. სატენდერო კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყოველი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებას ცალ-ცალკე, ყო­ველი კრიტერიუმის მიხედვით ათქულიანი სისტემით. თითოეული კრი­­ტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრა­ვლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხო­ლო მიღებული ნამრავლების დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრე­­ტენ­დენტის სატენდერო წინადადების ჯამური შეფასება. სატენდერო კომი­სიის წევრის მიერ ერთ-ერთი პრეტენდენტისათვის მინიჭებული ყვე­ლაზე მაღალი ჯამური შეფასება ჩაითვლება ამ პრეტენდენტისათვის მი­ცემულ ხმად. სატენდერო კომისიის წევრები თავიანთ შეფასებას ადას­ტურებენ ხელმოწერით.

 8. თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის სატენდერო წინადადება მიიღებს ერთნაირ შეფასებას, სატენდერო კომისიის წევრი ადარებს ქულებს კრი­ტერიუმების მიხედვით და უპირატესობას ანიჭებს იმ პრეტენდენტს, რომელსაც მეტი ქულა აქვს მიღებული უფრო მაღალი კოეფიციენტის მქო­ნე კრიტერიუმის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ შეფასება აბსო­ლუ­ტურად იდენტურია, სატენდერო კომისიის წევრმა უნდა გადა­წყვიტოს, თუ რომელს ანიჭებს უპირატესობას და წერილობით დაასა­ბუთოს თა­ვისი გადაწყვეტილება.

 9. გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელსაც სატენ­დე­რო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა მიანიჭებს უპი­რატესობას. სატენდერო კომისიის წევრებს შორის ხმების თანაბრად გა­ნაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სატენდერო კომისი­ის თავმჯდომარის ხმა.

 10. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს კომისიის წევრთა წერილობითი შეფასებები. ოქმში მი­თი­თე­­ბული უნდა იყოს ინფორმაცია სატენდერო წინადადებების განხილ­ვა­ში მონაწილე პირებისა და ტენდერის მონაწილე პრეტენდენტების შე­სახებ, აგრეთვე პრეტენდენტების მიერ წარდგენილი წინადადებების მოკ­­ლე აღწერა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.

 11. გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა სატენდერო კომისია აცნობებს შედეგებს ტენდერის მონაწილე ყველა პრე­­ტენდენტს და იწვევს გამარჯვებულს ხელ­შეკ­რუ­ლების დასადებად.

 12. შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის ვალდებული, შესყიდვის მონაწილე პირებს წა­რუ­დ­გინოს კონკრეტული მტკიცებულებანი ან დეტალური ინფორმაცია, რომ­ლის საფუძველზეც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება, აგრეთვე აუ­ნაზღაუროს მათ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარ­ჯები, გადახდილი მომსახურების საფასურის გარდა.

 13. პრეტენდენტს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს ტენდე­რის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი.

    მუხლი 13. ჩაშლილი ტენდერი

1. ტენდერი ითვლება ჩაშლილად, თუ:

ა) დადგენილ ვადებში არ იქნა წარდგენილი არც ერთი პირის საკ­ვა­ლიფიკაციო მონაცემები და/ან სატენდერო წინა­დადება;

ბ) არც ერთი პირის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და სატენდერო წინადადება არ შეესაბამებოდა შემსყიდველი ორგანი­ზა­ციის მოთხოვნებს;

გ) წარდგენილი სატენდერო წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შე­ესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ დადგენილ სავა­რაუდო ღირებულებას;

დ) გამარჯვებული პრეტენდენტი უარს განაცხადებს ხელშეკრულების დადებაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემ­თხვევებში ამა­ვე წესის თანახმად ცხადდება ხელახალი ტენდერი.

    მუხლი 14. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება

ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტისათვის სატენ­დერო კომი­სიის გადაწყვეტილების გაგზავნიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში შემ­სყიდ­ველ ორგანიზაციასა და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის იდება ხელ­შეკ­რულება. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან მომსახურების შეს­ყიდვის ხელშეკრულების დასადებად სავალდებულოა დამატებითი ვა­დები, მხა­რე­ებმა აღნიშნულ ვადაში უნდა გააფორმონ წინარე ხელშეკ­რულება ან მემორან­დუმი.

    მუხლი 15. ხელშეკრულების ფორმა და მისი გადასინჯვის წესი

1. ხელშეკრულება, ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნ­ქტის გარდა, იდება წერილობითი ფორმით.

2. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინ­ჯვა შესაძლებელია განხორციელდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელ­მძღვა­ნელის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ.

    მუხლი 16. ცვლილების შეტანის წესი

წესში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დად­გენი­ლებით.

 

დანართი

 

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“

შესყიდვების წლიური გეგმა

 

                                                                                           თარიღი-----

 

შესყიდვის ობიექტი

შესყიდვის საშუალება (ტენდერი, ფასთა გამოკითხვა, ერთ პირთან მოლაპარაკება)

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი: ----------

 

შესყიდვების სამსახურის უფროსი: -----------

 

ბუღალტერი: -----------