სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.09.2011 ძალადაკარგული 23.04.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№48
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.108.016068
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111013009, 18/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №48

2011 წლის 30 სექტემბერი

ქ. სენაკი

  სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი ს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 2093 მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად,

  სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

  1. სენაკის მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესების, ქუჩებში სისუფთავის დაცვის, მწვანე ნარგავების შენარჩუნების მიზნით აიკრძალოს სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ქალაქის ქუჩებში, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვება.

  2. დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის წესი (დანართი №1).

  3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას ახორციელებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,სენაკის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და გამწვანების მოვლა-პატრონობის ცენტრი”.

  4. დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთათვის გადასაცემი გაფრთხილების ფორმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირთა უფლება-მოვალეობისა და ჯარიმის გადახდის წესის შესახებ (დანართები № 2).

  5. დაევალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ,,სენაკის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და გამწვანების მოვლა-პატრონობის ცენტრს” აწარმოოს საინფორმაციო უზრუნველყოფა ტელევიზიითა და სხვა საინფორმაციო საშუალებებით, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ.                                 

  6. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ” დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

  საკრებულოს თავმჯდომარე                  ბ. ნარმანია

დანართი №1

  სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის წესი

  1. ეს წესი აწესრიგებს სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ჯარიმის გადახდის ოდენობასა და წესს, ასევე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.    

  2. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე მყოფი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ იზოლაციას.

  3. ბაღში, პარკში, სკვერში, გაზონში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება კანონით დადგენილი წესით, 50 ლარის ოდენობით.

  4. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის იზოლაციის შემთხვევაში ხორციელდება მათი ტრანსპორტირება და განთავსება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე მოვლა-შენახვით და სათანადო კვების უზრუნველყოფით.

  5. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს 20 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საბაზრო ფასებით.

  6. იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს.

  7. იზოლირებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში, მიაკითხოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ,,სენაკის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და გამწვანების მოვლა-პატრონობის ცენტრს” და წარუდგინოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი /შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა/. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

  8. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადამხდელია სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე.

  9. სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯები შეადგენს 10 ლარს.

  10. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით.   

  11. ჯარიმა და მომსახურების საფასური მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.

  12. ჯარიმისა და მომსახურების საფასური ს გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ,,სენაკის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და გამწვანების მოვლა-პატრონობის ცენტრს”.

  13. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია:

ა) არ დაუშვას წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის გაშვება პარკში, ბაღში, სკვერსა და გაზონში, ასევე არ დატოვოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ქალაქის ტერიტორიაზე მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე;

ბ) მკაცრად დაიცვას წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა-პატრონობის წესები და არ დაუშვას მათ მიერ საერთო სარგებლობის ადგილების დაბინძურება.

  14. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირი „სენაკის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და გამწვანების მოვლა-პატრონობის ცენტრი“ აწარმოებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენას დადგენილი წესის შესაბამისად.

    

დანართი № 2

გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ ა

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილის ა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 სექტემბრის №48 დადგენილების შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (პარკში, ბაღში, სკვერსა და გაზონში) წვრილფეხა ან/და მსხვი ლფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევის დაფიქსირებისას ჯარიმდებით 50 ლარის ოდენობით, ხოლო მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობისათვის დაგეკისრებათ თითოეულ დღეზე 10 ლარი.

მესაკუთრისათვის წვრილფეხა ან/და მსხვი ლფეხა პირუტყვის დაბრუნება მოხდება წვრილფეხა ან/და მსხვი ლფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის, ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

ჯარიმის გადახდა უნდა მოხდეს 20 დღის ვადაში, ხოლო წვრილფეხა ან/და მსხვი ლფეხა პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ასანაზღაურებელი თანხის გადახდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე:

მიმღები                                                                ერთიანი ანგარიში - სენაკი

ანგარიში კ. №                                                                      200122900

მიმღების ბანკი         სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი              220101222           

                                                                         შემოსავალი სანქციებიდან /ჯარიმები და

სახაზინო კოდი  - 300373260                  საურავები/ მმართველობის  დადგენილი წესის

                                                  ხელმყოფი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო

ვადის გასვლის შემდეგ, დაკისრებული ჯარიმისა და წვრილფეხა ან/და მსხვი ლფეხა პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდება წვრილფეხა ან/და მსხვი ლფეხა პირუტყვის რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ,,სენაკის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და გამწვანების მოვლა-პატრონობის ცენტრს” შემდეგ რეკვიზიტებზე: მისამართი: სენაკი, ახალგაზრდობის ხეივანი №7; ტელეფონი: (8 413 27-82-66).

ადმინისტრაციულ ი სამართალდამრღვევი პირის რეკვიზიტები:

 

გვარი, სახელი ---------------------------------,    მისამართი ----------------------------------,

პირადი № -------------------------------------

გავეცანი ---------------------------------------