ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობაზე მომსახურების მიზნობრივი მოსაკრებლის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.03.2001 ძალადაკარგული 25.03.2005
გამომცემი ორგანო
ნომერი
№811
სარეგისტრაციო კოდი
210.020.000.05.001.000.900
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 8, 31/03/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობაზე მომსახურების მიზნობრივი მოსაკრებლის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლისა და „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრავს ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობაზე მომსახურების მიზნობრივი მოსაკრებლის ოდენობას, მისი გადახდის წესსა და ვადებს.

    მუხლი 2. ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობაზე მომსახურების მიზნობრივი მოსაკრებლის ცნება

1. ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობაზე მომსახურების მიზნობრივი მოსაკრებელი არის სავალდებულო გადასახდელი ბიუჯეტში, რომელიც დადგენილია სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად.

2. ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობაზე მომსახურების მიზნობრივ მოსაკრებელს იხდიან ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირები ამავე კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.

    მუხლი 3. ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობაზე მომსახურების მიზნობრივი მოსაკრებლის გადამხდელები

ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშების (გარდა კაზინოების სათამაშო მაგიდებისა) მოწყობაზე მომსახურების მიზნობრივი მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც ასეთი საქმიანობის განხორციელებისათვის მიიღეს ნებართვა (ლიცენზია) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 4. ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობაზე მომსახურების მიზნობრივი მოსაკრებლის ოდენობა, მისი გადახდის წესი და ვადები

1. ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობაზე მომსახურების მიზნობრივი მოსაკრებელი შეადგენს:

ა) ლატარიისა (გარდა წამახალისებელი ლატარიისა) და ლოტოს თამაშების განმახორციელებელი პირების მიერ ლატარიისა და ლოტოს ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების 25 პროცენტს;

ბ) ტოტალიზატორზე – მთლიანი შემოსავლის 10 პროცენტს;

გ) წამახალისებელ ლატარიაზე – საპრიზო ფონდის 10 პროცენტს;

დ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – 50 ლარს (ყოველთვიურად);

ე) ბინგოსა და სისტემურ (ელექტრონულ) თამაშებზე – 100 ლარს (ყოველთვიურად).

2. ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობაზე მომსახურების მიზნობრივი მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოში წარადგინოს მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი ყოველ საანგარიშო პერიოდისთვის, არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

    მუხლი 5. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 16 მარტი.

№811–II

     შეტანილი ცვლილებები:

ძალადაკარგულია - საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1183 – სსმ I, №15, 19.04.2005

წ., მუხ.98