შპს „EXPRESS“-ის სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №461
2011 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს„EXPRESS“-ის სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს „EXPRESS“‑ის სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 2 წლის განმავლობაში.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
შპს „EXPRESS“‑ის სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. შპს „EXPRESS“-ის სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „EXPRESS“-ის სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს.
2. ამ წესის მიზანია განსახორციელებელი მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების პროცედურების გამარტივება, კომპანიის მიზნების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა.
3. შპს „EXPRESS“-ის მიერ განსახორციელებელ სხვა დანარჩენ შესყიდვაზე ვრცელდება საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“.
4. შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები, თუ რომელიმე ზემოაღნიშნული სუბიექტი შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილეა. იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტები არ არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა სუბიექტების შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
5. საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად.
6. ეს წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები/მოქმედება.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შესყიდვა – შპს „EXPRESS“-ის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვა;
ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს „EXPRESS“‑ი;
გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება;
დ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტი – იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით;
ე) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა) როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;
ვ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა;
ზ) პრეტენდენტი – შესყიდვის მონაწილე პირი, რომელიც წარადგენს პირობათა გამოკითხვის წინადადებას;
თ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შპს „EXPRESS“-თან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;
ი) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას;
კ) პირობათა გამოკითხვა – გამარტივებული საშუალება საქონლისა და მომსახურების შესყიდვებისათვის;
ლ) კომისია – შპს „EXPRESS“-ის დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელიც იღებს ამ წესით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს;
მ) ერთ პირთან მოლაპარაკება – შესყიდვის საშუალება, როდესაც დასაშვებია მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევა;
ნ) სამშენებლო სამუშაო – შენობის, ნაგებობის ან სხვა ობიექტის მშენებლობასთან, რეკონსტრუქციასთან, ნგრევასთან, რემონტთან ან განახლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო (მათ შორის, სამშენებლო მოედნის მოწყობა, გრუნტის ამოღება, შენობის ან ნაგებობის აგება-აშენება, აღჭურვილობის მონტაჟი, მოპირკეთება და მოსაპირკეთებელი სამუშაოები, მშენებლობასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო ქსელების მოწყობის სამუშაოები), აგრეთვე მშენებლობის თანმდევი მომსახურება, როგორიცაა ბურღვა, გეოდეზიური სამუშაოები, კოსმოსური და აეროგადაღება, სეისმური კვლევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ანალოგიური მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება სამშენებლო სამუშაოს ღირებულებას.
მუხლი 3. შპს „EXPRESS“-ის უფლება-მოვალეობები
1. შპს „EXPRESS“‑ი უფლებამოსილია:
ა) ამ წესის შესაბამისად შეარჩიოს პრეტენდენტები;
ბ) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი;
გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ აღნიშნული შესყიდვა შპს „EXPRESS“-ისათვის წამგებიანი აღმოჩნდება;
დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;
ე) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას.
2. შპს „EXPRESS“‑ი ვალდებულია, განახორციელოს შესყიდვის პროცედურები თავის მიერ შესყიდვებისათვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით.
მუხლი 4. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები
1. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პირი (შპს „EXPRESS“-ის თანამშრომელი, კონსულტანტი, ექსპერტი და სხვ.) ვალდებულია, განაცხადოს წერილობითი უარი შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობაზე.
2. დაუშვებელია, რომ შპს „EXPRESS“-მა შესყიდვის მომზადება, განხორციელება ან/და მასზე ზედამხედველობა დააკისროს პირს ან კონსულტანტად (ექსპერტად) მოიწვიოს პირი, თუ იგი:
ა) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე იურიდიული პირის ხელმძღვანელის ახლო ნათესავი;
ბ) პირადი ინტერესით დაკავშირებულია ან ასეთი კავშირის დასამყარებლად მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირებთან.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე:
ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი პირების მიმართ;
ბ) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ მოლაპარაკების მონაწილე პირების მიმართ.
4. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება და ინტერესთა კონფლიქტად არ ჩაითვლება, თუ შესყიდვა ხორციელდება იმ საწარმოდან, რომელსაც მართვის უფლებით გადაცემული აქვს შემსყიდველი ორგანიზაციის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი.
მუხლი 5. შესყიდვების დაგეგმვა
1. შპს „EXPRESS“‑ი შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული წლიური გეგმის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს შპს „EXPRESS“-ის დირექტორი.
2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად.
მუხლი 6. შესყიდვის საშუალებები
1. შესყიდვა ხორციელდება პირობათა გამოკითხვის საშუალებით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, შემდეგი პირობებიდან ერთ‑ერთის არსებობისას:
ა) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 1 000 000 ლარს;
ბ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა;
გ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას;
დ) ხორციელდება ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან ნებისმიერი სიმძლავრისა და ტიპის ელექტროგენერატორის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, კომპიუტერული ტექნიკით ან/და ნებისმიერი სიმძლავრისა და ტიპის ელექტროგენერატორით ჩანაცვლება; ასეთ შემთხვევაში ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან/და ნებისმიერი სიმძლავრისა და ტიპის ელექტროგენერატორის ღირებულების ნაწილი ანაზღაურდება ჩასანაცვლებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან/და ნებისმიერი სიმძლავრისა და ტიპის ელექტროგენერატორის მიმწოდებლისათვის დაბრუნებით ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემით, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას;
ე) საქონლის ან მომსახურების შესყიდვა ხორციელდება კომპანიის პარტნიორისაგან ან კომპანიის პარტნიორის მიერ მართვის უფლებით გადაცემული წილის მფლობელისაგან;
ვ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შესყიდვა. ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, წარმომადგენლობითი ხარჯები განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით;
ზ) შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით;
თ) ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წლოვანების ან/და პირობების მქონე გარანტიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ან/და საცხებ-საპოხი მასალების შესყიდვა;
ი) არსებობს ამ წესის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობა, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაციის დირექტორი ან პირობათა გამოკითხვის კომისია.
3. შესყიდვის ობიექტის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ – „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შესყიდვის განხორციელებისას მისი ღირებულება არ უჯამდება ამ შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სავარაუდო ღირებულებას.
4. პირობათა გამოკითხვის პროცედურებს ახორციელებს კომისია.
5. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია საქონლისა და მომსახურების შესყიდვები ელექტრონული ტენდერის და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 7. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი
1. პირობათა გამოკითხვას ატარებს კომისია, რომელსაც ბრძანებით ქმნის შპს „EXPRESS“-ის დირექტორი არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით.
2. კომისიის წევრებად ინიშნებიან შპს „EXPRESS“-ის თანამშრომლები.
3. კომისიას თავმჯდომარეობს შპს „EXPRESS“-ის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილების მქონე პირი ან მის მიერ დანიშნული პირი.
4. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
5. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
6. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები და კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 8. განცხადება პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ
1. პირობათა გამოკითხვის ჩატარებისას კომისია პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციას (შემდგომში – დოკუმენტაცია) უგზავნის თავის მიერ შერჩეულ არანაკლებ სამ პირს. თუ ვერ მოხერხდა სამი პირის შერჩევა, ან კომისიის გადაწყვეტილებით, პირობათა გამოკითხვის შესახებ განცხადება ქვეყნდება გაზეთ „24 საათში“ ან სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.
2. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:
ა) შპს „EXPRESS“-ის რეკვიზიტები;
ბ) შესასყიდი საქონლისა და მომსახურების სახეობა, ხარისხი და სავარაუდო ღირებულება, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას შპს „EXPRESS“‑ი საჭიროდ მიიჩნევს შესყიდვის ობიექტის აღწერის მიზნით;
გ) შესასყიდი საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის სასურველი ან სავალდებულო ვადები;
დ) პირობათა გამოკითხვის შესახებ წინადადებების წარდგენის ვადა, ადგილი და ენა;
ე) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში;
ვ) დოკუმენტაციის გატანის წესი, ვადა და ადგილი.
3. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებას ამტკიცებს კომისია.
4. კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია. ეს ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა განცხადება პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ, ასევე მიეწოდოთ ინფორმაცია წერილობითი სახით იმ პრეტენდენტებს, რომელთაც დაეგზავნათ ან რომლებმაც გაიტანეს დოკუმენტაცია.
5. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში შეტანილი ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს გონივრულ ვადებში, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე.
მუხლი 9. საკვალიფიკაციო მონაცემები
შესყიდვის მონაწილეობის მსურველთათვის საკვალიფიკაციო მონაცემების შესახებ მოთხოვნებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს კომისია.
მუხლი 10. პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაცია
1. კომისია დოკუმენტაციას ამტკიცებს პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადების გაგზავნამდე ან მის გამოქვეყნებამდე.
2. დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) განაცხადს პირობათა გამოკითხვის პროცედურაში მონაწილეობისათვის;
ბ) ინფორმაციას ტექნიკური შესაბამისობის შესახებ (შესყიდვის ობიექტის დასახელება, შესყიდვის ობიექტის აღწერილობა);
გ) ინფორმაციას ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ;
დ) პირობათა გამოკითხვის წინადადებას;
ე) შეფასების კრიტერიუმებს.
მუხლი 11. პრეტენდენტთა პირობათა გამოკითხვის წინადადების წარდგენისა და განხილვის წესი
1. პირობათა გამოკითხვის წინადადების (შემდგომში – წინადადება) წარდგენა შესაძლებელია დახურული კონვერტით. შეთავაზებული წინადადებების შერჩევა ხდება პრეტენდენტთა თანდასწრებით.
2. პრეტენდენტებს უფლება აქვთ, კონვერტების გახსნამდე ნებისმიერ დროს წერილობით გამოითხოვონ ან შეცვალონ წინადადება.
3. შესული წინადადებების შერჩევა ხდება იმავე დღეს, წინადადების მიღების დამთავრებისთანავე.
4. კომისია პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) პირობათა გამოკითხვის კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვერ შეძლებს ან არ მოახდენს პირობათა გამოკითხვის განცხადებითა და დოკუმენტაციით მოთხოვნილი დოკუმენტაციის დაზუსტებას, შევსებას, წარდგენას ან დადასტურებას;
ბ) შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას;
გ) შესყიდვის პროცედურების მონაწილე პირის მიერ წარდგენილი მონაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება;
დ) წინადადებით წარდგენილი ფასი (ლოტების მიხედვით) აღემატება შემსყიდველი ორგანიზაციის ფინანსურ შესაძლებლობებს.
5. შემსყიდველი ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, წარდგენილ დოკუმენტაციაში რაიმე სახის ეჭვის გამოვლენის შემთხვევაში მოსთხოვოს პრეტენდენტს აღნიშნული დოკუმენტის ხელახალი წარდგენა.
6. წინადადების შერჩევის დროს უნდა შემოწმდეს, არის თუ არა მასში დაშვებული მექანიკური შეცდომები. შეცდომების გამოვლენის შემთხვევაში კომისიამ ამ წინადადების წარმდგენ პრეტენდენტს უნდა შესთავაზოს შეცდომის გამოსწორება.
7. კომისია ვალდებულია, ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენდენტები, რომლებიც შერჩევის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან შეფასებაზე. ამასთან, ზეპირი ვაჭრობის დროს დასაშვებია მხოლოდ წინადადებით წარდგენილი ფასის შეცვლა.
8. წინადადებები შეფასდება დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმებისა და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.
9. წინადადების შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი კრიტერიუმები:
ა) წინადადების ღირებულება;
ბ) საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვადები;
გ) საქონლისა და მომსახურების ხარისხობრივი პარამეტრები და ფუნქციონალური მახასიათებლები;
დ) ანგარიშსწორების ფორმები და პირობები.
10. შეფასებისას გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა გააჩნდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრიორიტეტულობის მაჩვენებელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოეფიციენტის სახით, ამასთან, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტების ჯამი უნდა უდრიდეს ერთ მთელს.
11. კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყოველი პრეტენდენტის წინადადებას ცალ-ცალკე, ყოველი კრიტერიუმის მიხედვით, 10‑ქულიანი სისტემით. თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლის დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრეტენდენტის წინადადების ჯამური შეფასება. კომისიის წევრის მიერ ერთ-ერთი პრეტენდენტისათვის მინიჭებული ყველაზე მაღალი ჯამური შეფასება ჩაითვლება ამ პრეტენდენტისათვის მიცემულ ერთ ხმად.
12. პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასკვნით მიენიჭება უპირატესობა. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის დასკვნა.
13. კომისიის გადაწყვეტილება პირობათა გამოკითხვის პროცედურაში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა დასკვნები. ოქმში აგრეთვე მოკლედ უნდა იყოს აღწერილი პრეტენდენტების მიერ წარდგენილი წინადადებები.
მუხლი 12. პირობათა გამოკითხვისას ზეპირი ვაჭრობის ჩატარების წესი და პირობები
1. ზეპირი ვაჭრობა გაიმართება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დოკუმენტაციაში მითითებულ ადგილზე.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შერჩევის პროცედურის დასრულებისთანავე დაადგინოს დოკუმენტაციაში მითითებულ დღეს ზეპირი ვაჭრობის დაწყების კონკრეტული დრო და ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს შეფასებაზე დაშვებულ პრეტენდენტებს.
3. კომისია ვალდებულია, ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენდენტები, რომლებიც შერჩევის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან შეფასებაზე.
4. ზეპირ ვაჭრობაზე გამოუცხადებლობა ან/და ზეპირ ვაჭრობაში მონაწილეობაზე უარი არ გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
5. ზეპირი ვაჭრობის გამართვის დროს კომისია წარუდგენს ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტებს მათ მიერ წინადადებებით წარდგენილ ფასებს ან/და ერთეულის ფასებს (მათი არსებობის შემთხვევაში) (შემდგომში – ფასი). აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ თითოეულ მონაწილე პრეტენდენტს უფლება აქვს, სამჯერ მოახდინოს წინადადების ფასის ცვლა კლებადობის პრინციპის დაცვით.
6. ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტების მიერ წინადადების ფასის ცვლა ხორციელდება რიგითობით. წინადადების ფასის ცვლას თითოეულ რაუნდზე იწყებს შეფასებაზე დაშვებული უმაღლესი წინადადების ფასის მქონე და რიგითობის პრინციპით აგრძელებს ყოველი წინაზე უფრო დაბალი ფასის წარმდგენი.
7. ზეპირი ვაჭრობა დასრულებულად ითვლება ყოველი მონაწილის მიერ თავისი ფასის სამჯერ შეცვლის ან/და საბოლოო ფასის დაფიქსირების მომენტში. ზეპირი ვაჭრობის პროცედურა უნდა დასრულდეს მისი ჩატარების დღეს.
8. ზეპირი ვაჭრობის მსვლელობა, მათ შორის, თითოეული მონაწილე პრეტენდენტის წინადადების ფასი და ყოველ ჯერზე შეცვლილი დაფიქსირებული ფასი, უნდა აისახოს შესაბამის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის ყველა წევრი და მონაწილე პრეტენდენტები. ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტების მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა მიიჩნევა, როგორც უარი მათ მიერ ზეპირ ვაჭრობაზე დაფიქსირებულ ყველა შეცვლილ ფასზე და ძალაში დარჩება მათი წინადადებების პირვანდელი ფასები.
9. ზეპირ ვაჭრობაზე საბოლოო ფასების დაფიქსირების შემდეგ შეფასება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 13. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება
1. ამ წესის შესაბამისად გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შპს „EXPRESS“- ს შორის იდება ხელშეკრულება.
2. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომისია მიმართავს პირობათა გამოკითხვის პროცედურის მონაწილე დანარჩენ პრეტენდენტებს წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის თაობაზე. თუ არც ერთმა პრეტენდენტმა არ გამოთქვა თანხმობა წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე, ტარდება ხელახალი პირობათა გამოკითხვა. თუ წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობაზე თანხმობა გამოთქვა ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა, ხდება მათი წინადადებების ხელახალი განხილვა.
მუხლი 14. ჩაშლილი პირობათა გამოკითხვა
1. პირობათა გამოკითხვა ითვლება ჩაშლილად, თუ:
ა) დადგენილ ვადებში არ იქნა წარდგენილი არც ერთი პირის საკვალიფიკაციო მონაცემები და/ან წინადადება;
ბ) არც ერთი პირის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და წინადადება არ შეესაბამებოდა შპს „EXPRESS“-ის მოთხოვნებს;
გ) წარდგენილი წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამებოდა შპს „EXPRESS“-ის ფინანსურ შესაძლებლობებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამავე წესის მე-15 მუხლის თანახმად, ცხადდება ხელახალი პირობათა გამოკითხვა.
მუხლი 15. ხელახალი პირობათა გამოკითხვა
1. პირობათა გამოკითხვის ჩაშლილად გამოცხადების შემდეგ კომისიას შეაქვს საჭირო ცვლილებები ახალ დოკუმენტაციაში და ატარებს ხელახალ პირობათა გამოკითხვას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შპს „EXPRESS“-ის დირექტორს უფლება აქვს, შეცვალოს კომისიის შემადგენლობა.
მუხლი 16. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი
1. შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მხარეთა ზუსტ დასახელებასა და რეკვიზიტებს;
ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელებას, კლასიფიკატორის შესაბამისი კლასის, ჯგუფის ან დანაყოფის კოდს;
გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას – ხელშეკრულების ღირებულებას;
დ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ვადას;
ე) ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის პირობებს (გამოყენების შემთხვევაში);
ვ) ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტულ ვადას.
2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.
3. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 500 000 ლარს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 10 %-მდე ოდენობით.
5. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს დამატებითი პირობები.
6. ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო:
ა) ინტერნეტით გამოწერის გზით ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებული შესყიდვისას;
ბ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შესყიდვის განხორციელებისას;
გ) საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით განხორციელებული შესყიდვისას.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) შესყიდვის ობიექტის დასახელებას;
ბ) შესყიდვის ობიექტის ღირებულებას;
გ) შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დადასტურებას;
დ) მიმწოდებლის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს.
8. ინტერნეტით გამოწერის გზით ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განსახორციელებელი შესყიდვის შემთხვევაში ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი შესაძლებელია ჩანაცვლდეს ინტერნეტის საშუალებით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით.
9. ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
მუხლი 17. ცვლილების შეტანის წესი
ამ წესში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.