კურსების მიმართ

1. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება სააგენტოს აწვდის თითოეულ საზღვაო-საწვრთნელ კურსზე ჩარიცხულ მსმენელთა სიას არაუგვიანეს კურსის დაწყების პირველი დღისა.

2. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება ყოველი საზღვაო-საწვრთნელი კურსის დასრულებისთანავე წარუდგენს სააგენტოს წარმატებულ კანდიდატთა სიას, მათი სათანადო ქულების მითითებით.

3. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება უზრუნველყოფს, რომ:

ა) მეზღვაურთა სწავლება და შეფასება განხორციელდეს წერილობითი პროგრამების შესაბამისად, რომლებიც შეიცავს კომპეტენციის სტანდარტების მისაღწევ მეთოდებს (აუდიო-, მედიაუზრუნველყოფის პროცედურებსა და საკურსო მასალებს);

ბ) მეზღვაურთა სწავლება და შეფასება განახორციელონ, გააკონტროლონ და შეაფასონ ამ კანონის 481 მუხლის შესაბამისად კვალიფიციურმა პირებმა;

გ) ინსტრუქტორი, ზედამხედველი და შემფასებელი, რომლებიც ახორციელებენ მეზღვაურთა სწავლებასა და შეფასებას, იყვნენ სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირები, რომლებსაც შეუძლიათ მეზღვაურთა სწავლებისა და წვრთნის განსაზღვრული ტიპებისა და დონეების ან კომპეტენციის შეფასება როგორც გემზე, ისე ნაპირზე, ამ კანონის დებულებათა შესაბამისად.

4. პირები, რომლებიც ახორციელებენ მეზღვაურთა წვრთნასა და შეფასებას გემზე, ვალდებული არიან, ეს გააკეთონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი წვრთნა და შეფასება უარყოფით გავლენას არ მოახდენს გემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე და თუ მათ შეუძლიათ სათანადო დრო და ყურადღება დაუთმონ ამ წვრთნასა და შეფასებას.

5. პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონის თანახმად სერტიფიცირებისთვის საჭირო მეზღვაურის პრაქტიკულ სწავლებას გემზე ან ნაპირზე, ვალდებულია:

ა) ჰქონდეს საზღვაო-საწვრთნელი პროგრამის განხორციელების აღიარება და სრულად ჰქონდეს გააზრებული განსაკუთრებული ტიპის წვრთნის სპეციფიკური ხასიათი;

ბ) ჰქონდეს იმ ამოცანის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, რომლისთვისაც ტარდება წვრთნა;

გ) წვრთნის სიმულატორის გამოყენებით ჩატარებისას ჰქონდეს სათანადო გამოცდილება სიმულატორის გამოყენებით წვრთნის ჩატარების ტექნიკაში და კონკრეტული ტიპის სიმულატორის ექსპლუატაციის პრაქტიკული გამოცდილება.

6. პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონის თანახმად სერტიფიცირებისთვის საჭირო მეზღვაურის კვალიფიკაციის პრაქტიკულ შეფასებას გემზე ან ნაპირზე, ვალდებულია:

ა) ჰქონდეს სათანადო ცოდნა და კვალიფიკაცია შეფასების განსახორციელებლად;

ბ) იყოს კვალიფიციური იმ საკითხებში, რომლებსაც აფასებს;

გ) მიღებული ჰქონდეს სათანადო მითითებები და ინსტრუქციები შეფასების მეთოდებსა და პრაქტიკაში;

დ) ჰქონდეს შეფასების განხორციელების პრაქტიკული გამოცდილება.

7. საზღვაო-საგანმანათლებლო და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები ვალდებული არიან, თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსონ საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამები და საწვრთნელი პროგრამები და კურსები, ასევე პერიოდულად განაახლონ ისინი შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014