11.1. თუ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული არ არის საარბიტრაჟო განხილვის ფორმა, არბიტრაჟი უფლებამოსილია ჩაატაროს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ზეპირი განხილვა ან საქმის განხილვა მხოლოდ საბუთებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით არბიტრაჟი ვალდებულია ჩაატაროს ზეპირი განხილვა საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეებმა უარი განაცხადეს ზეპირ მოსმენაზე. არბიტრაჟი უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით, მიუხედავად საარბიტრაჟო შეთანხმებაში განსაზღვრული წესისა.
11.2.    საქმის ზეპირი განხილვის დროს დგება ოქმი. ოქმი უნდა ასახავდეს საქმის განხილვის ძირითად მომენტებს. ოქმს ადგენს მდივანი საარბიტრაჟო სხდომაზე. ოქმი მომზადებული და ხელმოწერილი უნდა იქნეს არა უგვიანეს ხუთი დღისა სხდომის დამთავრების შემდეგ. ოქმს ხელს აწერს არბიტრი და მდივანი. ხოლო, თუ საქმეს კოლეგიური არბიტრაჟი იხილავდა, ამ არბიტრაჟის თავმჯდომარე და მდივანი. არბიტრაჟს შეუძლია ოქმის შედგენისათვის გამოიყენოს მაგნიტოფონი ან კომპიუტერი, რომელთა ჩანაწერებიც ოქმს თან ერთვის. საარბიტრაჟო სხდომის ან ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ მაგნიტოფონისა თუ კომპიუტერის ჩანაწერები გადატანილ უნდა იქნეს ოქმში. სხდომის ოქმზე ხელმოწერიდან  ხუთი დღის განმავლობაში მხარეებს და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი შენიშვნები ოქმის მიმართ, მიუთითონ უსწორობასა თუ უსრულობაზე.
11.3. თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა საარბიტრაჟო განხილვა უნდა იყოს დახურული. წარმოდგენილი საბუთი, მტკიცებულება, წერილობითი თუ ზეპირი განცხადება არ უნდა იქნეს საჯაროდ გამოქვეყნებული ან გადაცემული და გამოყენებული სხვა სასამართლო ან ადმინისტრაციულ წარმოებაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
11.4. არბიტრი და საარბიტრაჟო წარმოების მონაწილე ნებისმიერი პირი ვალდებული არიან, დაიცვან საარბიტრაჟო განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა.
11.5. არბიტრაჟი დავას გადაწყვეტს მხარეთა მიერ არჩეული სამართლის ნორმების შესაბამისად. მხარეთა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვისას გამოიყენება არბიტრაჟის მიერ განსაზღვრული სამართლის ნორმები. ნებისმიერი მითითება რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობაზე ან სამართლებრივ სისტემაზე გულისხმობს ამ ქვეყნის მატერიალურ სამართალს და არა მის საპროცესო და კოლიზიურ ნორმებს.
11.6. თუ ერთ-ერთი მხარე არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება საქმის განხილვაზე ან არ წარმოადგენს თავის პოზიციასა და მტკიცებულებებს, არბიტრაჟს შეუძლია განაგრძოს საქმის განხილვა და გამოიტანოს გადაწყვეტილება მის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
11.7 ამ დებულების მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა,  რაც გამოწვეულია ავადმყოფობით,  ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც   მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის არბიტრაჟის სხდომაზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.  ავადმყოფობა  დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების   ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით,  რომელიც პირდაპირ მიუთითებს არბიტრაჟის სხდომაზე  გამოცხადების შეუძლებლობაზე.
11.8. თუ ამ კანონის რომელიმე მოთხოვნა, რომლისგანაც მხარეებს შეუძლიათ გადაუხვიონ, ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების რომელიმე მოთხოვნა არ იქნა დაცული და მხარე აგრძელებს საარბიტრაჟო წარმოებაში მონაწილეობას ისე, რომ ამგვარი დარღვევის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ ან/და, თუ ამ კანონით, მხარეთა შეთანხმებით ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულია რაიმე ვადა, ამ ვადის განმავლობაში წერილობით არ წარადგენს თავის შესაგებელს, მაშინ ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა შეპასუხების უფლებაზე.
11.9.    არბიტრაჟის დანიშვნამდე საქმეს ამზადებს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, ხოლო არბიტრაჟის დანიშვნის შემდეგ არბიტრაჟის თავმჯდომარე.
11.10. საჭიროების შემთხვევაში, მტკიცებულებათა მოპოვებაში დახმარების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესახებ საქმის განმხილველი არბიტრაჟი იღებს დადგენილებას, ხოლო მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე – განკარგულებას. ასეთი დადგენილებით (განკარგულებით) შეიძლება საარბიტრაჟო-საპროცესო ვადები შეჩერდეს შესაბამისი მტკიცებულებების მიღებამდე