1. თუ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული არ არის საარბიტრაჟო განხილვის ფორმა, არბიტრაჟი უფლებამოსილია ჩაატაროს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ზეპირი განხილვა ან საქმის განხილვა მხოლოდ საბუთებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით არბიტრაჟი ვალდებულია ჩაატაროს ზეპირი განხილვა საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეებმა უარი განაცხადეს ზეპირ მოსმენაზე. არბიტრაჟი უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით, მიუხედავად საარბიტრაჟო შეთანხმებაში განსაზღვრული წესისა.
2. საქმის ზეპირი განხილვისას დგება საარბიტრაჟო სხდომის ოქმი, რომელსაც ადგენს სხდომის მდივანი. ოქმი უნდა ასახავდეს საქმის განხილვის ან/და ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების ძირითად მომენტებს. სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს საარბიტრაჟო სხდომის ჩატარების თარიღი, სხდომის დაწყებისა და დამთავრების დრო. ოქმს ხელს აწერს არბიტრი და მდივანი, ხოლო თუ საქმეს განიხილავს არბიტრაჟი კოლეგიური შემადგენლობით – არბიტრთა კოლეგიის თავმჯდომარე და მდივანი.
3. არბიტრაჟს შეუძლია ოქმის შედგენისთვის გამოიყენოს მაგნიტოფონი, კომპიუტერი ან სხვა ტექნიკური საშუალება, რომელთა მეშვეობით ჩანაწერებიც ოქმს თან ერთვის. არბიტრის მოთხოვნის შემთხვევაში სხდომის მდივანი უზრუნველყოფს ტექნიკური ჩანაწერის ან მისი ნაწილის გაშიფვრას. მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ტექნიკური ჩანაწერის ასლი ელექტრონული ფორმით, რაც უნდა დაკმაყოფილდეს. ასლის გადაღების საფასური გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე სააბიტრაჟო სარჩელის წარდგენის შემდეგ ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნულის თაობაზე მხარეებს ეცნობებათ წერილობით, შესაბამისი საფუძვლის მითითებით. საჭიროებიდან გამომდინარე საქმის განმხილველ არბიტრს ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს საქმის განხილვის ამ მუხლის მე–4 პუნქტით განსაზღვრული ფორმა და დანიშნოს ზეპირი მოსმენა.
5. თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა საარბიტრაჟო განხილვა უნდა იყოს დახურული. წარმოდგენილი საბუთი, მტკიცებულება, წერილობითი თუ ზეპირი განცხადება არ უნდა იქნეს საჯაროდ გამოქვეყნებული ან გადაცემული და გამოყენებული სხვა სასამართლო ან ადმინისტრაციულ წარმოებაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. არბიტრი და საარბიტრაჟო წარმოების მონაწილე ნებისმიერი პირი ვალდებული არიან, დაიცვან საარბიტრაჟო განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა.
7. არბიტრაჟი დავას გადაწყვეტს მხარეთა მიერ არჩეული სამართლის ნორმების შესაბამისად. მხარეთა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვისას გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობა. ნებისმიერი მითითება რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობაზე ან სამართლებრივ სისტემაზე გულისხმობს ამ ქვეყნის მატერიალურ სამართალს და არა მის საპროცესო და კოლიზიურ ნორმებს.
8. ამ დებულების მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის არბიტრაჟისსხდომაზეგამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებებით.
9. თუ ამ კანონის რომელიმე მოთხოვნა, რომლისგანაც მხარეებს შეუძლიათ გადაუხვიონ, ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების რომელიმე მოთხოვნა არ იქნა დაცული და მხარე აგრძელებს საარბიტრაჟო წარმოებაში მონაწილეობას ისე, რომ ამგვარი დარღვევის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ ან/და, თუ ამ კანონით, მხარეთა შეთანხმებით ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულია რაიმე ვადა, ამ ვადის განმავლობაში წერილობით არ წარადგენს თავის შესაგებელს, მაშინ ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა შეპასუხების უფლებაზე.
10. არბიტრაჟის დანიშვნამდე საქმეს ამზადებს საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე, ხოლო არბიტრაჟის დანიშვნის შემდეგ არბიტრაჟის თავმჯდომარე ან ერთი არბიტრის მიერ საქმის განხილვისას, შესაბამისი არბიტრი.
11. საჭიროების შემთხვევაში, მტკიცებულებათა მოპოვებაში დახმარების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესახებ საქმის განმხილველი არბიტრაჟი იღებს დადგენილებას, ხოლო საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე – განკარგულებას. ასეთი დადგენილებით (განკარგულებით) შეიძლება საარბიტრაჟო-საპროცესო ვადები შეჩერდეს შესაბამისი მტკიცებულებების მიღებამდ