1. რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარ არბიტრაჟს გადაწყვეტილება გამოაქვს არბიტრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. არბიტრს უფლება არა აქვს თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.
3. გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები შეიძლება გადაწყვიტოს არბიტრაჟის თავმჯდომარემ, თუ მას შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული ექნება მხარეების ან ყველა არბიტრის მიერ.
4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 180 დღის ვადაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს არბიტრმა არა უმეტეს 180 დღით.
5. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სავალდებულოა საარბიტრაჟო შეთანხმების მხარეთათვის. იგი გამოტანილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და მას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრმა (არბიტრებმა). საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ განხილვისას გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრების უმრავლესობამ. თუ არბიტრი უარს აცხადებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერაზე ან/და განსხვავებული აზრი აქვს, უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და ადგილი.
6. გადაწყვეტილება შედგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან.
6.1. გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში აღინიშნება:
ა) გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და ადგილი;
ბ) გადაწყვეტილების გამომტანი არბიტრაჟის დასახელება და საარბიტრაჟო კოლეგიის შემადგენლობა;
გ) არბიტრაჟის სხდომის მდივანი;
დ) საარბიტრაჟო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოქმედებდა არბიტრაჟი;
ე) მხარეები, მათი წარმომადგენლები;
ვ) დავის საგანი.
6.2. გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილი უნდა შეიცავდეს მითითებას მოსარჩელის მოთხოვნასა და მოპასუხის შესაგებელზე;
6.3. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს:
ა) არბიტრაჟის მიერ დადგენილი გარემოებანი;
ბ) მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება არბიტრაჟის დასკვნები და გადაწყვეტილება;
გ) მოსაზრებანი, რომლებითაც არბიტრაჟი უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას;
დ) კანონი ან/და სხვა სამართლებრივი ნორმები, რომლებითაც არბიტრაჟი ხელმძღვანელობდა.
7. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს არბიტრაჟის დასკვნას სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, ასევე მითითებას საარბიტრაჟო ხარჯების განაწილების თაობაზე.
8. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შესაძლებელია გამოტანილ იქნეს სამოტივაციო ნაწილის გარეშე იმ შემთხვევებში, როდესაც საარბიტრაჟო შეთანხმება ითვალისწინებს სამოტივაციო ნაწილის არარსებობას, ან ამის შესახებ მხარეები განაცხადებენ თანხმობას პროცესზევე, ან როდესაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მორიგების დამტკიცების თაობაზე.
9. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერილი ასლები უნდა გადაეცეთ მხარეებს.
10. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღებისთანავე.
11. თუ საარბიტრაჟო განხილვისას მხარეები მორიგდნენ, არბიტრაჟი შეწყვეტს განხილვას. არბიტრაჟი, მხარეთა თხოვნის საფუძველზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაამტკიცებს მხარეთა მორიგებას შეთანხმებული პირობებით.
12. არბიტრაჟი ვალდებულია გამოიტანოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ მხარეთა მიერ მორიგების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.
13. მორიგების შესახებ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ასეთ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც დავის არსებითად განხილვის შედეგად გამოტანილ ნებისმიერ სხვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება