1. თუ მხარეთა შორის არ არსებობს შეთანხმება საარბიტრაჟო განხილვის წესის შესახებ, მაშინ დავა განიხილება ამ დებულებით დადგენილი წესით, კანონის მოთხოვნათა დაცვით.

2. საარბიტრაჟო დავის განხილვა იწყება არბიტრაჟში ამ დავის გადაცემის შესახებ შეტყობინების საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ მიღების დღეს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. მხარეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო შეთანხმებით განსაზღვრონ საარბიტრაჟო წარმოების ენა ან ენები. ამგვარი შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო განხილვა ხორციელდება ქართულ ენაზე. პირს, რომელმაც საარბიტრაჟო განხილვის ენა არ იცის, დაენიშნება თარჯიმანი. არბიტრაჟი ასევე უფლებამოსილია საარბიტრაჟო წარმოების ენა ან ენები დაადგინოს ყველა შესაბამისი გარემოების, მათ შორის, ხელშეკრულების ენის ჯეროვანი გათვალისწინებით. მხარეთა შეთანხმება ან არბიტრაჟის ასეთი გადაწყვეტილება, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ეხება აგრეთვე მხარეთა ნებისმიერ წერილობით განცხადებას, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, განჩინებას, დადგენილებასა და საარბიტრაჟო წარმოებაში გამოყენებულ ნებისმიერ სხვა საბუთს. არბიტრაჟმა შეიძლება დაადგინოს, რომ ყოველგვარ დოკუმენტურ მტკიცებულებას თან უნდა ახლდეს თარგმანი საარბიტრაჟო წარმოების ენაზე (ენებზე).

4. საარბიტრაჟო განხილვის დაწყების საფუძველია მხარის საარბიტრაჟო სარჩელი (სარჩელი), რომელიც მოსარჩელემ წერილობითი ფორმით უნდა წარმოუდგინოს საარბიტრაჟო პალატას, სადაც უნდა მიეთითოს:

ა) საარბიტრაჟო პალატის დასახელება;

ბ) საარბიტრაჟო მოსარჩელის სახელი (სახელწოდება), მისამართი (იურიდიული მისამართი), სასურველია ტელეფონის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება;

გ) ინფორმაცია საარბიტრაჟო მოსარჩელის წარმომადგენლ(ებ)ის შესახებ (სახელი, მისამართი,  ტელეფონისა და  ფაქსის (შესაძლებლობის შემთხვევაში) ნომრები, ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება), თუ საარბიტრაჟო სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს;

დ) საარბიტრაჟო მოპასუხის სახელი (სახელწოდება), მისამართი (იურიდიული მისამართი), სასურველია ტელეფონის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება;

ე) საარბიტრაჟო შეთანხმება, რომელსაც ეყრდნობა საარბიტრაჟო მოსარჩელე დავის განხილვისათვის საარბიტრაჟო სარჩელის შედგენისას;

ვ) დავის შინაარსი და ის მოთხოვნები, რომლებიც გააჩნია საარბიტრაჟო მოსარჩელეს საარბიტრაჟო მოპასუხის მიმართ;

ზ) მტკიცებულებები და ის სამართლებრივი საფუძვლები, რომლებსაც საფუძვლად უდებს საარბიტრაჟო მოსარჩელე თავის მოთხოვნებს;

თ) დავის განხილვის პროცესთან დაკავშირებული ყველა იმ საკითხის (დავის განხილვის ადგილი, განხილვის ენა, არბიტრთა რაოდენობა) აღწერა, თუკი მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნულზე საარბიტრაჟო შეთანხმებით და რომელთა შესახებ შუამდგომლობასაც აყენებს საარბიტრაჟო მოსარჩელე;

კ) იმ საპროცესო მოქმედებების ჩამონათვალი, რომელთა შესახებ შუამდგომლობასაც აყენებს მოსარჩელე საარბიტრაჟო სარჩელით (საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება; საარბიტრაჟო მოპასუხეზე იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის დავალება, რომლებიც მასთან ინახება და რომლებზეც საარბიტრაჟო მოსარჩელე ამყარებს თავის საარბიტრაჟო სარჩელს; მტკიცებულებათა გამოთხოვა; მოწმეების დაბარება და ა.შ.).

ლ) დავის საგნის ღირებულება;

მ) დოკუმენტების ნუსხა, რომელსაც საარბიტრაჟო მოსარჩელე თან ურთავს საარბიტრაჟო სარჩელს;

5. საარბიტრაჟო მოპასუხე მხარეთა შეთანხმებით ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგენს შესაგებელს საარბიტრაჟო სარჩელში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებზე.  შესაგებლის წარდგენისათვის დანიშნული ვადა არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.

6. ამ მუხლის მე–4 და მე–5 პუნქტები გამოიყენება მაშინ, როდესაც მხარეთა შეთანხმებით სხვა მოთხოვნები არ არის დადგენილი საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის მიმართ, ან როდესაც ასეთი შეთანხმება არ არსებობს.

7.    საარბიტრაჟო სარჩელს აუცილებლად უნდა ერთოდეს ის დოკუმენტი, სადაც მითითებულია საარბიტრაჟო შეთანხმების შესახებ და საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

8.    საარბიტრაჟო სარჩელი და თანდართული საბუთები წარმოდგენილ უნდა იქნეს იმდენი დამატებითი ასლით, რამდენიც მოპასუხეა.

9.    საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე ვალდებულია სარჩელის ჩაბარებიდან ხუთი დღის განმავლობაში თავისი დადგენილებით (განკარგულებით) ცნოს არბიტრაჟის კომპეტენცია და მიიღოს დავა წარმოებაში ან არ ცნოს დავაზე არბიტრაჟის კომპეტენცია და უარი თქვას მის მიღებაზე. არბიტრაჟის მიერ დავაზე კომპეტენციის ცნობა შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 16.5 მუხლის შესაბამისად.

10. საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის ამ მუხლით დადგენილი წესით განსაზღვრული ფორმის დაუცველად წარდგენის შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვა არ დაიწყება. თუ საარბიტრაჟო სარჩელი შეტანილია ამ მუხლის 4–8 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით, საარბიტრაჟო პალატა (საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე) არ მიიღებს საარბიტრაჟო სარჩელს და საარბიტრაჟო მოსარჩელეს მისცემს ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, სარჩელი შეტანილად არ ჩაითვლება და დაუბრუნდება საარბიტრაჟო მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 50%.

11. მიღებული საარბიტრაჟო სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უნდა გადაეგზავნოს მოპასუხეს, მისი წარმოებაში მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

12. თუ საარბიტრაჟო მოპასუხე არ წარმოადგენს შესაგებელს საარბიტრაჟო სარჩელზე ამ მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, არბიტრაჟი განაგრძობს საქმის განხილვას. შესაგებლის წარმოუდგენლობა არ შეიძლება ჩაითვალოს საარბიტრაჟო სარჩელის ცნობად.

13. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საარბიტრაჟო სარჩელი უნდა გაეცნოს არბიტრაჟის თავმჯდომარეს და დავის განმხილველ არბიტრებს.

14.  მოპასუხეს უფლება აქვს მისთვის საარბიტრაჟო სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე აღძრას საარბიტრაჟო მოსარჩელის მიმართ შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად. არბიტრაჟი მიიღებს შეგებებულ სარჩელს, თუ:

ა) შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად;

ბ) შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას;

გ)  შეგებებულ სარჩელსა და პირვანდელ სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწრაფად გადაწყდება.

15.  ამ დებულების მე–14 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაშვების შემდეგ მოპასუხეს შეუძლია აღძრას შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი საარბიტრაჟო პაექრობის დამთავრებამდე, თუ არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს ვადის გაშვებას.

16.  შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენა შეიძლება საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის შესახებ არსებული წესების დაცვით. პირვანდელი და შეგებებული სარჩელის ერთად განხილვის შედეგად არბიტრაჟს გამოაქვს ერთობლივი გადაწყვეტილება.

17. საარბიტრაჟო პალატა არ მიიღებს საარბიტრაჟო სარჩელს, თუ:

ა)     არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება მოსამართლის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;

ბ)  საქმე ამ არბიტრაჟის განსჯადი არ არის;

გ)  სარჩელი შეიტანა ქმედუუნარო პირმა;

დ) დაინტერესებული პირის სახელით განცხადება შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე.

18. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარეს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება (დადგენილება).

19. სარჩელის მიუღებლობის შესახებ საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარის განჩინება (დადგენილება)  ჩაბარდება საარბიტრაჟო მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი საბუთები და შეტანილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 75%.

20. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებიდან ან შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის განხილვა შესაძლებელია როგორც არბიტრაჟის მიერ, ასევე საერთო სასამართლოების წესით და მითითებული არ არის, რომ არჩევა ხდება მოსარჩელის მიერ, ან პირდაპირ არ არის მითითებული, რომ არბიტრაჟის შემთხვევაში დავას განიხილავს შპს „სამოქალაქო საქმეთა საარბიტრაჟო პალატა“, მოწინააღმდეგე მხარის მიერ საარბიტრაჟო სარჩელით მომართვის შემთხვევაში, არბიტრაჟი შესთავაზებს მოპასუხე მხარეს დავის შპს „სამოქალაქო საქმეთა საარბიტრაჟო პალატის“ მიერ განხილვას. თუ მოპასუხე მხარე არბიტრაჟის მიერ დადგენილ ვადაში განაცხადებს თანხმობას არბიტრაჟის კომპეტენციასა და უფლებამოსილებაზე,  არბიტრაჟი განიხილავს საქმეს წინამდებარე დებულებით დადგენილი წესების შესაბამისად.  იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე მხარე დადგენილ ვადაში უარს განაცხადებს, ან საერთოდ არ გამოეხმაურება არბიტრაჟის მიმართვას მისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ცნობაზე კონკრეტული დავის მიმართ,  არბიტრაჟი საარბიტრაჟო სარჩელს ტოვებს განუხილველად და აღნიშნულზე იღებს განჩინებას (დადგენილებას), ასეთ შემთხვევში საარბიტრაჟო მოსარჩელეს უკან დაუბრუნდება მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 85%. ამასთან, ასეთ შემთხვევებში მოსაკრებლის ნაწილი, რომელიც არ ბრუნდება არ შეიძლება იყოს 100 ლარზე ნაკლები.

24. მხარეს უფლება აქვს საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, საკუთარი განცხადების საფუძველზე, გამოითხოვოს საქმე უკან. საქმის გამოთხოვის შემთხვევაში საარბიტრაჟო კოლეგიას, ხოლო თუ საარბიტრაჟო კოლეგია შექმნილი არ არის საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარეს, გამოაქვს დადგენილება საქმის განუხილველად დატოვების შესახებ. მხარის განცხადების საფუძველზე, დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნამდე საქმის გამოთხოვის შემთხვევაში მხარეს უბრუნდება მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 50%, ხოლო დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნის შემდგომ საქმის გამოთხოვის შემთხვევაში – გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 30