1. მხარე, რომელსაც სურს ამ დებულების შესაბამისად დაიწყოს დავის საარბიტრაჟო განხილვა, საარბიტრაჟო სარჩელს წარადგენს მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟში.
2. საარბიტრაჟო სარჩელში უნდა აღინიშნოს:
ა) მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის დასახელება;
ბ) საარბიტრაჟო მოსარჩელის სახელი (სახელწოდება), მისამართი (იურიდიული მისამართი), სასურველია ტელეფონის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება;
გ) ინფორმაცია საარბიტრაჟო მოსარჩელის წარმომადგენლ(ებ)ის შესახებ (სახელი, მისამართი, სასურველია ტელეფონის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება), თუ საარბიტრაჟო სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს;
დ) საარბიტრაჟო მოპასუხის სახელი (სახელწოდება), მისამართი (იურიდიული მისამართი), სასურველია ტელეფონის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება;
ე) საარბიტრაჟო შეთანხმება, რომელსაც ეყრდნობა საარბიტრაჟო მოსარჩელე დავის განხილვისათვის საარბიტრაჟო სარჩელის შედგენისას;
ვ) დავის შინაარსი და ის მოთხოვნები, რომლებიც გააჩნია საარბიტრაჟო მოსარჩელეს საარბიტრაჟო მოპასუხის მიმართ;
ზ) მტკიცებულებები და ის სამართლებრივი საფუძვლები, რომლებსაც საფუძვლად უდებს საარბიტრაჟო მოსარჩელე თავის მოთხოვნებს;
თ) დავის განხილვის პროცესთან დაკავშირებული ყველა იმ საკითხის (დავის განხილვის ადგილი, განხილვის ენა, არბიტრთა რაოდენობა) აღწერა, თუკი მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნულზე საარბიტრაჟო შეთანხმებით და რომელთა შესახებ შუამდგომლობასაც აყენებს საარბიტრაჟო მოსარჩელე;
ი) არბიტრობის სასურველი კანდიდატის სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი (თუ ცნობილია), რომლის დანიშვნაც სურს მოსარჩელეს, თუ მხარეები არ შეთანხმებულან არბიტრის/არბიტრების მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის მიერ დანიშვნის წესზე;
კ) იმ საპროცესო მოქმედებების ჩამონათვალი, რომელთა შესახებ შუამდგომლობასაც აყენებს მოსარჩელე საარბიტრაჟო სარჩელით (საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება; საარბიტრაჟო მოპასუხეზე იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის დავალება, რომლებიც მასთან ინახება და რომლებზეც საარბიტრაჟო მოსარჩელე ამყარებს თავის საარბიტრაჟო სარჩელს; მტკიცებულებათა გამოთხოვა; მოწმეების დაბარება და ა.შ.).
ლ) დავის საგნის ღირებულება;
მ) საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ნ) დოკუმენტების ნუსხა, რომელსაც საარბიტრაჟო მოსარჩელე თან ურთავს საარბიტრაჟო სარჩელს;
3. საარბიტრაჟო მოსარჩელემ საარბიტრაჟო სარჩელი და მასზე დართული დოკუმენტები უნდა წარადგინოს იმდენ ეგზემპლარად, რომ ერთი ეგზემპლარი დარჩეს მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს, ხოლო თითო ეგზემპლარი გათვალისწინებულ უნდა იქნეს თითოეული საარბიტრაჟო მოპასუხისათვის.
4. თუ საარბიტრაჟო სარჩელი შეტანილია დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით, ან არ არის გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი, მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი საარბიტრაჟო მოსარჩელეს განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის შესავსებად. თუ მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნება გამოსწორებული, საარბიტრაჟო სარჩელი დარჩება განუხილველი.
5. საარბიტრაჟო სარჩელი არ მიიღება ან საარბიტრაჟო წარმოება შეწყდება და მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო არ განიხილავს/შეწყვეტს საარბიტრაჟო სარჩელს/დავას, თუ:
ა) მოცემულ დავასთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;
ბ) სასამართლო წამოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
გ) მოცემულ დავასთან დაკავშირებით არსებობს სხვა არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრების თაობაზეც მხარეები არ შეთანხმებულან ან, შეთანხმების მიუხედავად, დარღვეულია გასაჩივრებისათვის გათვალისწინებული ვადა;
დ) არ არსებობს საარბიტრაჟო შეთანხმება;
ე) საქმე არ არის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის ქვემდებარე, ან მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის განსჯადი;
ვ) სარჩელი შეიტანა ქმედუუნარო პირმა;
ზ) დაინტერესებული პირის სახელით საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის არბიტრაჟში წარმოებაზე;
თ) საარბიტრაჟო მოსარჩელემ მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო საარბიტრაჟო სარჩელში არსებული ხარვეზი.
6. საარბიტრაჟო სარჩელის/დავის განუხილველად დატოვების/შეწყვეტის შესახებ მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის/საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება ბარდება საარბიტრაჟო მოსარჩელეს.
7. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი საარბიტრაჟო სარჩელის მიღებიდან 3 (სამი) დღის განმავლობაში შეამოწმებს, დავა ექვემდებარება თუ არა არბიტრაჟის მიერ განხილვას, ასევე შეამოწმებს, არის თუ არა გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი, ხომ არ არსებობს საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვების წინაპირობები და იღებს გადაწყვეტილებას დავის წარმოებაში მიღების შესახებ, ან განუსაზღვრავს ვადას საარბიტრაჟო მოსარჩელეს ხარვეზის შესავსებად (არსებობის შემთხვევაში), ან იღებს გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე.
8. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სარჩელის ერთ ეგზემპლართან და თანდართულ დოკუმენტებთან ერთად საარბიტრაჟო სარჩელის წარმობაში მიღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში უგზავნის საარბიტრაჟო მოპასუხეს. საარბიტრაჟო წარმოებისას წარდგენილი ყველა სხვა განცხადება, საბუთი თუ სხვა ინფორმაცია, რომელსაც წარუდგენს არბიტრაჟს ერთ-ერთი მხარე, დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს მეორე მხარეს. მხარეებს უნდა წარედგინოთ ექსპერტის ყველა დასკვნა ან სხვა მტკიცებულებები, რომლებიც არბიტრაჟმა შეიძლება საფუძვლად დაუდოს თავის გადაწყვეტილებას.
9. საარბიტრაჟო მოსარჩელეს შეუძლია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე ნებისმიერ დროს გამოიხმოს საარბიტრაჟო სარჩელი (შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის საარბიტრაჟო მოსარჩელეს კი – შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი) იმგვარად, რომ უარი არ თქვას მის მოთხოვნაზე. საარბიტრაჟო სარჩელის (შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის) გამოხმობის შემთხვევაში, მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სარჩელის (შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის) განუხილველად დატოვებისა და მისი საარბიტრაჟო მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე