1. საარბიტრაჟო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვრება ერთი ან რამდენიმე არბიტრით, კანონის, ამ თავში მოცემული წესებისა და მხარეთა შეთანხმების გათვალისწინებით. საარბიტრაჟო სასამართლოში არბიტრთა რაოდენობა არ შეიძლება იყოს ლუწი. თუ არბიტრთა რაოდენობა არ იქნება განსაზღვრული მხარეთა შეთანხმებით, მაშინ არბიტრაჟი უნდა შეიქმნას სამი არბიტრის შემადგენლობით.
2. არბიტრები ინიშნებიან მხოლოდ მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის არბიტრთა რიგიდან. თითოეულ არბიტრს მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ჰონორარზე შეთანხმებას და პასუხისმგებლობას დავის განხილვაში მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაზე, ასევე წარდგენილი აქვს ნამსახურობის ნუსხა. არბიტრად დანიშვნისათვის საჭიროა დასანიშნი კანდიდატურის წინასწარი წერილობითი თანხმობა საქმის განხილვის თაობაზე. დაუშვებელია პირის არბიტრად დანიშვნა მისი თანხმობის გარეშე.
3. პირი, რომელიც უნდა დაინიშნოს არბიტრად, ვალდებულია არბიტრის მოვალეობის შესრულების დაწყებამდე საარბიტრაჟო წარმოების მხარეებს და მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია განათლებისა და არბიტრად მუშაობის გამოცდილების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი ფლობს ექსკლუზიურ უფლებას, დანიშნოს არბიტრი. იგი საარბიტრაჟო სასამართლოს აკომპლექტებს იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომლებიც დათქმულია მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმებით (თუკი იგი ითვალისწინებს ასეთ კრიტერიუმებს), ასევე არბიტრის შერჩევისას მხედველობაში იღებს საქმის ხასიათს, საქმის გარემოებებს, მხარეთა ადგილმდებარეობასა და ენას.
5. თუ საარბიტრაჟო დავა განიხილება ერთი არბიტრის მიერ, რომლის დანიშვნის უფლებამოსილება მხარეებმა მიანიჭეს მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს, მას ნიშნავს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი იგივე ვადაში ნიშნავს არბიტრებს მაშინაც, როდესაც დავა განხილულ უნდა იყოს რამდენიმე არბიტრის მიერ, რომელთა დანიშვნის უფლებამოსილებაც მხარეებმა მიანიჭეს აგრეთვე მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს.
6. თუ არ არსებობს მხარეთა შეთანხმება არბიტრ(ებ)ის დანიშვნის პროცედურაზე, მაშინ არბიტრ(ებ)ის დანიშვნა განხორციელდება კანონით დადგენილი წესით.
7. საარბიტრაჟო სასამართლოს შექმნა ფორმდება მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის ბრძანებით