1.  თითოეული არბიტრი, რომელიც მონაწილეობს საარბიტრაჟო დავის განხილვაში, ვალდებულია, იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი და მხარეებისაგან დამოუკიდებელი. ის არ უნდა გამოდიოდეს ამა თუ იმ მხარის ინტერესების დამცველად. არბიტრს არა აქვს უფლება, მისცეს მხარეს რჩევები საქმის არსებით გარემოებებზე.
2.  მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს არბიტრის აცილება, თუ არბიტრი არ აკმაყოფილებს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ კვალიფიკაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და არსებობს გარემოებები, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს დასაბუთებული ეჭვი არბიტრის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში. აცილების გამცხადებელი მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს აცილების საფუძვლიანობა და მიუთითოს ამის შესახებ აცილების განცხადებაში.
3. არბიტრის აცილების საფუძველი შეიძლება იყოს, თუ არბიტრი:
ა) ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანი პირია;
ბ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი ან მოხელეა;
გ) მსჯავრდებულია დანაშაულის ჩადენისათვის და მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს ნასამართლეობა;
დ) ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სხდომის მდივნად;
ე) მხარის ან მისი წარმომადგენლის მეუღლე, შვილი, დედა, მამა, და ან ძმაა.
4. თუ აცილების შესახებ მხარის განცხადება არბიტრაჟმა არ დააკმაყოფილა, მხარეს, რომელიც აცხადებს აცილებას, შეუძლია აცილებაზე უარის თქმის შესახებ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით.
5. ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში, მხარეს უფლება აქვს არბიტრის დანიშვნიდან ან იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია, 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით. არბიტრს უფლება აქვს, გამოაცხადოს თვითაცილება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდეც. აცილების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე არბიტრაჟს შეუძლია გააგრძელოს საარბიტრაჟო განხილვა იმ არბიტრის მონაწილეობით, რომლის აცილებასაც ითხოვს მხარე, და გამოიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
6. მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის ან რაიმე სხვა მიზეზით უმოქმედობის შემთხვევაში, არბიტრს შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ან მხარეთა შეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობისას, ერთ-ერთ მხარეს შეუძლია არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნის დაყენებიდან 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით.

თავი Vუზრუნველყოფ