1. საარბიტრაჟო სასამართლო ადგენს ყველა სხდომის და ზეპირი მოსმენის თარიღს, საათს და ადგილს და ამის შესახებ სხდომის გამართვამდე 5 (ხუთი) დღით ადრე აცნობებს მხარეებს.
2. ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება, მოითხოვოს, საარბიტრაჟო სასამართლომ მოუსმინოს მას საქმის არსებით გარემოებებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარეები შეთანხმებულნი არიან, საარბიტრაჟო წარმოება ჩატარდეს მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე, მხოლოდ წერილობით დოკუმენტებზე დაყრდნობით.
3. საარბიტრაჟო წარმოებისას პროცესუალურ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე ერთპიროვნულად საარბიტრაჟო სასამართლოს სახელით.
4. საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია საქმის ზეპირი მოსმენის დაწყებამდე გადასცეს მხარეებს ის კითხვარი, რომლებზეც ითხოვს პასუხებს.
5. საარბიტრაჟო სასამართლო უფლებამოსილია თვითონ განსაზღვროს სხდომის და ზეპირი მოსმენის მიმდინარეობის ხანგრძლივობა.
6. საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე ხსნის, უძღვება და დახურულად აცხადებს საარბიტრაჟო სხდომას.
7. საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს არბიტრაჟის შემადგენლობას, აგრეთვე იმას, თუ რომელი საქმე იქნება განხილული. არბიტრაჟის სხდომის მდივანი მოახსენებს არბიტრაჟს, განსახილველ საქმეზე მოწვეულ პირთაგან ვინ გამოცხადდა, ჩაბარდათ თუ არა შეტყობინებები გამოუცხადებელ პირებს დებულებით განსაზღვრული წესის დაცვით და რა ცნობები არსებობს მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. არბიტრაჟი ამოწმებს გამოცხადებულთა ვინაობას, აგრეთვე წარმომადგენელთა უფლებამოსილებას.
8. მხარეთა განცხადებები და შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის თუ გამოთხოვის, აგრეთვე, საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოჭრილი სხვა საკითხების შესახებ, საარბიტრაჟო სასამართლომ შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დააკმაყოფილოს, თუ ასეთი შუამდგომლობები და განცხადებები საპატიო მიზეზით არ იყო მოთხოვნილი ზეპირი მოსმენის დანიშვნამდე. ასეთ შემთხვევაში, მხარეთა თხოვნით ან საარბიტრაჟო სასამართლოს ინიციატივით საქმის განხილვა შეიძლება გადაიდოს.
9. საქმის არსებითად განხილვა იწყება საქმის შესახებ არბიტრის მოკლე მოხსენებით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მასალებს.
10. თავდაპირველად საარბიტრაჟო სასამართლო მოისმენს საარბიტრაჟო მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, კერძოდ, როგორია მისი მოთხოვნა, რით ადასტურებს ამ გარემოებებს, კვლავ უჭერს თუ არა მხარს ამ მოთხოვნას და უარს ხომ არ ამბობს საარბიტრაჟო სარჩელზე, ხომ არ სურს საქმის მორიგებით დამთავრება და სხვა. შემდეგ საარბიტრაჟო სასამართლო მოისმენს საარბიტრაჟო მოპასუხის ახსნა-განმარტებას, კერძოდ, როგორია მისი შესაგებელი, ხომ არ ცნობს საარბიტრაჟო სარჩელს, ან ხომ არ სურს საქმის მორიგებით დამთავრება და სხვა.
11. თითოეულ მხარეს შეუძლია შეკითხვები დაუსვას მოწინააღმდეგე მხარეს. თუ შეკითხვა უადგილო ან შეუფერებელია და არ ემსახურება საქმის გარემოების გამოკვლევასა და დადგენას, საარბიტრაჟო სასამართლოს, მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა.
12. საარბიტრაჟო სასამართლოს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეკითხვები დაუსვან მხარეებს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრის მიზნით.
13. თუ ერთ-ერთი მხარე არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება საქმის განხილვაზე ან არ წარმოადგენს თავის პოზიციასა და მტკიცებულებებს, არბიტრაჟს შეუძლია განაგრძოს საქმის განხილვა და გამოიტანოს გადაწყვეტილება მის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
14. საარბიტრაჟო სასამართლო დავას განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე, თუ აღნიშნულის შესახებ მხარეები შეთანხმებულნი არიან წერილობით. საარბიტრაჟო სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად შეისწავლის საარბიტრაჟო მოსარჩელის საარბიტრაჟო სარჩელს და თანდართულ დოკუმენტებს და საარბიტრაჟო მოპასუხის შესაგებელს და თანდართულ დოკუმენტებს. თუ საარბიტრაჟო სასამართლო ჩათვლის, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელის და საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და მოწოდებული ინფორმაცია არ არის საკმარისი დავაზე გადაწყვეტილების მისაღებად, მას შეუძლია თითოეულ მხარეს გაუგზავნოს შეკითხვები და მოსთხოვოს მათ ამ შეკითხვებზე წერილობითი პასუხების მოწოდება. ამასთან, საარბიტრაჟო სასამართლო უფლებამოსილია საქმის გარემოებების და მხარეთა მიერ მოწოდებული დოკუმენტების გათვალისწინებით დანიშნოს სხდომა მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მისაღებად