4.1 მხარეს შეუძლია მოითხოვოს არბიტრის აცილება, თუ:
ა) იგი არის ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანი პირი;
ბ) არის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი ან მოხელე:
გ) არის მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენისათვის და არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლობა;
დ) არის მხარის ან მისი წარმომადგენლის მეუღლე, შვილი, დედა, მამა, და ან ძმა;
ე) არ გააჩნია მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული კვალიფიკაცია;
ვ) თუ არსებობს ისეთი გარემოებები, რომლებიც დასაბუთებულ ეჭვს იწვევენ არბიტრის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში;
4.2. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი დანიშნული არბიტრის აცილება მხოლოდ იმ გარემოებათა გამო, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა არბიტრის დანიშვნის შემდეგ;
4.3. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდნენ, მხარე, რომელსაც განზრახული აქვს აცილება მისცეს არბიტრაჟის წევრს, ვალდებულია წერილობითი განცხადება აცილების შესახებ წარადგინოს 3 დღის ვადაში შესაბამისი არბიტრაჟის წევრის დანიშვნიდან ან იმ დღიდან, როდესაც მისთვის ეს გარემოება ცნობილი გახდა;
4.4. თუ განცხადებას აცილების შესახებ ეთანხმება მეორე მხარეც, არბიტრაჟი ვალდებულია დააკმაყოფილოს იგი;
4.5. თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური არბიტრაჟის ერთ წევრს და არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც დაისვა, თვითონ არ ამბობს უარს არბიტრაჟის წევრობაზე და მეორე მხარეც არ არის თანახმა აცილებაზე, მაშინ აცილების საკითხს წყვეტს არბიტრაჟი;
4.6. თუ აცილება განუცხადეს არბიტრს, რომელიც ერთპიროვნულად იხილავს საქმეს, აცილების საკითხს წყვეტს თვით ეს არბიტრი; აცილების მიღების შემთხვევაში არბიტრი საქმეს გადასცემს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს, რომელიც ამ საქმეს განსახილველად გადასცემს სხვა არბიტრს;
4.7. თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური არბიტრაჟის მთელ შემადგენლობას, ან მის უმრავლესობას, აცილების საკითხს გადაწყვეტს ამავე არბიტრაჟის სრული შემადგენლობა ხმების უმრავლესობით; კოლეგიური არბიტრაჟის მთელი შემადგენლობის ან მისი უმრავლესობის– აცილების შემთხვევაში მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე საქმეს განსახილველად გადასცემს კოლეგიური არბიტრაჟის სხვა შემადგენლობას, რომელიც დაინიშნება საერთო წესით;
4.8. არბიტრის გადაყენების შესახებ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს გამოაქვს განკარგულება;
4.9. ექსპერტის, თარჯიმნის, სპეციალისტის, სხდომის მდივნის აცილება დასაშვებია დებულებით გათვალისწინებული საერთო საფუძვლით;
4.10. ექსპერტის, თარჯიმნისა და სპეციალისტის აცილების საფუძვლად არ ჩაითვლება დებულების 4.1 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში მითითებული გარემოებები