3.1 არბიტრაჟი შედგება ერთი ან სამი არბიტრისაგან, რომლებიც ინიშნება დებულების ამ მუხლის მიხედვით. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე არბიტრაჟის წევრს ნიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის არბიტრთა სიიდან, ხოლო მხარეებს შეუძლიათ, არბიტრის დანიშვნისას არ შეიზღუდონ აღნიშნული სიით; ასეთ შემთხვევაში მოწვეული არბიტრის უფლებამოსილება დასტურდება მასთან ერთჯერადი ხელშეკრულების გაფორმების გზით;
3.2თუ საარბიტრაჟო შეთანხმებაში გაკეთებულია არჩევანი ერთი ან სამი არბიტრის სასარგებლოდ, მაშინ არბიტრაჟის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება საარბიტრაჟო შეთანხმების მიხედვით, ხოლო სხვა შემთხვევებში არბიტრაჟის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს არბიტრაჟის თავმჯდომარე, დავის სირთულის გათვალისწინებით;
3.3. არბიტრაჟის წევრთა რაოდენობა არ შეიძლება იყოს ლუწი; თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით არბიტრაჟის შემადგენლობა ლუწი რიცხვით განისაზღვრება, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე საქმის განმხილველი არბიტრაჟის შექმნიდან 5 დღის ვადაში ნიშნავს კიდევ ერთ არბიტრს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის არბიტრთა სიიდან;
3.4. ერთწევრიანი არბიტრაჟის შემთხვევაში არბიტრს ნიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე; სამი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში თითო არბიტრს ნიშნავენ მხარეები, ხოლო მესამე არბიტრს, რომელიც იქნება არბიტრაჟის თავმჯდომარე, ნიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე; თუ რომელიმე მხარის სურვილია, ამ მხარის დასანიშნი არბიტრიც შეიძლება დანიშნოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარემ, ან, თუ საარბიტრაჟო შეთანხმება ამას ითვალისწინებს, მესამე არბიტრი შეიძლება დანიშნონ არბიტრაჟის უკვე დანიშნულმა წევრებმა; მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ნიშნავს არბიტრს იმ მხარის ნაცვლადაც, რომელიც არ დანიშნავს არბიტრს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ დადგენილ ვადაში;
3.5. არბიტრის (არბიტრების) დანიშვნის შესახებ მხარეები აცნობებენ არბიტრაჟს წერილობით;
3.6. თუ საარბიტრაჟო განხილვის დროს რომელიმე მხარის ან არბიტრაჟის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე დადასტურდება, რომ არბიტრაჟის რომელიმე წევრი სათანადოდ არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ან არსებობს არბიტრის განცხადება თვითაცილების შესახებ, ან არბიტრი მძიმედ ავადმყოფობს ან არა აქვს სურვილი განიხილოს დავა, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე უფლებამოსილია, გადააყენოს ასეთი არბიტრი არბიტრაჟის წევრობიდან. ასეთ შემთხვევაში, ისევე, როგორც არბიტრაჟის წევრის გარდაცვალებისას, ახალი არბიტრი უნდა დაინიშნოს იმავე წესით, როგორც მისი წინამორბედი;
3.7. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის განსაზღვრული, მხარე ნიშნავს არბიტრს მეორე მხარის მოთხოვნის ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შეტყობინების მიღებიდან 3 დღის ვადაში;
3.8. თუ მხარე დებულების 3.7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ დანიშნავს არბიტრს (არბიტრებს), ეს ჩაითვლება მხარის მიერ არბიტრის (არბიტრების) დანიშვნაზე უარის თქმად;
3.9. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სიაში არსებული არბიტრები არბიტრაჟის წევრად დანიშვნაზე იძლევიან წერილობით თანხმობას;
3.10. არბიტრის (არბიტრების) დანიშვნის შესახებ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე იღებს განკარგულებას;
3.11. მხარეს უფლება არა აქვს შეცვალოს თავისი  დანიშნული არბიტრი, თუ მხარეთა შორის სხვა რამ არ არის დადგენილი ან თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული დებულებით