1. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი, საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, საარბიტრაჟო სასამართლოს მეშვეობით განიხილავს მხარეთა შორის წამოჭრილ კერძო ხასიათის ქონებრივ დავებს.
2. ერთსა და იმავე საკითხზე მხარეთა შორის რამდენიმე საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, ძალაშია საარბიტრაჟო შეთანხმებების ის დებულებები, რომლებიც არ გამორიცხავს, არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს და არ გაუქმებულა უფრო გვიან მიღწეული შეთანხმებით.
3. საარბიტრაჟო შეთანხმება, რომელიც წარმოადგენს ან იყო გათვალისწინებული, როგორც სხვა ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი, განიხილება როგორც მხარეთა შორის არსებული დამოუკიდებელი შეთანხმება, რომელიც არ არის დამოკიდებული სხვა ხელშეკრულებაზე. იმ შემთხვევაშიც კი, როცა საარბიტრაჟო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ხელშეკრულება არ არსებობს, ან იურიდიული ძალის არმქონეა, საარბიტრაჟო შეთანხმება რჩება ძალაში.
4. მუდმივმოქედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო ხელმძღვანელობს დებულების იმ რედაქციით, რომელიც მოქმედებს საარბიტრაჟო განხილვის შესაბამისი მოქმედების ჩატარების დროს.
5. დავის კანონიერად გადაწყვეტის მიზნებისთვის, მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი უფლებამოსილია, განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და დებულებით აუკრძალავი ან პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი ქმედება.
6. მხარეთა შეთანხმება, რომელიც ადგენს საარბიტრაჟო წარმოების დებულებით დადგენილისაგან განსხვავებულ წესს, მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟისთვის/საარბიტრაჟო სასამართლოსათვის სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი შეთანხმების უფლება მხარეებს კანონით აქვთ მინიჭებული.
7. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და დებულების საფუძველზე. რაიმე ზემოქმედება მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟზე/საარბიტრაჟო სასამართლოზე ან ჩარევა მის საქმიანობაში დაუშვებელია.
8. თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი ან საარბიტრაჟო წარმოების მარეგულირებელი კანონი, მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი კანონიც არ არსებობს, მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).
9. თუ კანონის, დებულების ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების რომელიმე მოთხოვნა არ იქნა დაცული და მხარე აგრძელებს საარბიტრაჟო წარმოებაში მონაწილეობას ისე, რომ ამგვარი დარღვევის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ ან/და, თუ ამ კანონით, მხარეთა შეთანხმებით ან მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის/საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ განსაზღვრულია რაიმე ვადა, ამ ვადის განმავლობაში წერილობით არ წარადგენს თავის შესაგებელს, მაშინ ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა შეპასუხების უფლებაზე.
10. საარბიტრაჟო განხილვისას მხარეები უფლებამოსილნი არიან საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დავა დაამთავრონ მორიგებით, საარბიტრაჟო მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას საარბიტრაჟო სარჩელზე, გამოიხმოს საარბიტრაჟო სარჩელი, ხოლო საარბიტრაჟო მოპასუხეს უფლება აქვს, ცნოს საარბიტრაჟო სარჩელი.
11. მხარე/მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
12. სასამართლო, რომელშიც შეტანილია სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია, ვალდებულია ამ საკითხზე საარბიტრაჟო განხილვის დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე უარი თქვას სარჩელის მიღებაზე ან შეწყვიტოს წარმოება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღმოაჩენს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია, ძალადაკარგულია ან მისი შესრულება შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში, საარბიტრაჟო წარმოების მხარე  ვალდებულია შეატყობინოს სასამართლოს იმ დავის არსებით საკითხზე საარბიტრაჟო განხილვის დაწყების შესახებ, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია. სარჩელის წარდგენიდან სასამართლოში განსჯადობის საკითხის გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს, გაგრძელდეს და გამოტანილ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
13. დებულებით გაუთვალისწინებელ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი, საარბიტრაჟო სასამართლო და მხარეები მოქმედებენ დებულების სულისკვეთებით, გონივრულობის ფარგლებში იმისათვის, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ჰქონდეს იურიდიული ძალმოსილება.
14. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო/სარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ნებისმიერ დროს მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება დებულებით ან/და კანონით, გადაწყდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
15. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის/საარბიტრაჟო სასამართლოს/საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ან მის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება დავის განხილვასთან ან/და გადაწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ითვლება საბოლოოდ და სავალდებულოდ საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილე მხარეებისთვის.
16. დებულების მუხლებს აქვთ სათაურები მისი ტექსტით სარგებლობის გასაადვილებლად და ეს სათაურები მხედველობაში არ მიიღებიან მისი შინაარსის განმსაზღვრელად, შემცვლელად ან განმმარტავად.
თავი II
საარბიტრაჟო წარმოების პრინციპებ