12.1. თუ მხარეთა შორის არ არსებობს შეთანხმება საარბიტრაჟო განხილვის წესის შესახებ, მაშინ დავა განიხილება ამ დებულებით დადგენილი წესით, კანონის მოთხოვნათა დაცვით.
12.2. საარბიტრაჟო დავის განხილვა იწყება არბიტრაჟში ამ დავის გადაცემის შესახებ შეტყობინების საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ მიღების დღეს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
12.3. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო განხილვის ადგილია მუდმივმოქმედი არბიტრაჟის იურიდიული მისამართი.
12.4. არბიტრაჟს შეუძლია ნებისმიერ ადგილას მოიწვიოს სხდომა არბიტრთა შორის კონსულტაციების ჩასატარებლად, მოწმეების, ექსპერტების ან მხარეების მოსასმენად, მტკიცებულებათა შესამოწმებლად, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
12.5. მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ საარბიტრაჟო წარმოების ენა ან ენები. ამგვარი შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო განხილვა ხორციელდება ქართულ ენაზე. პირს, რომელმაც საარბიტრაჟო განხილვის ენა არ იცის, დაენიშნება თარჯიმანი. არბიტრაჟი ასევე უფლებამოსილია საარბიტრაჟო წარმოების ენა ან ენები დაადგინოს ყველა შესაბამისი გარემოების, მათ შორის, ხელშეკრულების ენის ჯეროვანი გათვალისწინებით. მხარეთა შეთანხმება ან არბიტრაჟის ასეთი გადაწყვეტილება, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ეხება აგრეთვე მხარეთა ნებისმიერ წერილობით განცხადებას, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, დადგენილებასა და საარბიტრაჟო წარმოებაში გამოყენებულ ნებისმიერ სხვა საბუთს. არბიტრაჟმა შეიძლება დაადგინოს, რომ ყოველგვარ დოკუმენტურ მტკიცებულებას თან უნდა ახლდეს თარგმანი საარბიტრაჟო წარმოების ენაზე (ენებზე).
12.6. საარბიტრაჟო განხილვის დაწყების საფუძველია მხარის საარბიტრაჟო სარჩელი (სარჩელი), რომელიც მოსარჩელემ წერილობითი ფორმით უნდა წარმოუდგინოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს, მასში მითითებული უნდა იყოს მხარეთა სახელები (სახელწოდებები) და მისამართები (ადგილსამყოფლები), მოთხოვნა, ის გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს აღნიშნულ მოთხოვნას, და საარბიტრაჟო სარჩელზე თანდართული საბუთების ნუსხა.
12.7. საარბიტრაჟო მოპასუხე მხარეთა შეთანხმებით ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგენს შესაგებელს საარბიტრაჟო სარჩელში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებზე.
12.8. ამ მუხლის 12.6 და 12.7 პუნქტების დებულებები გამოიყენება მაშინ, როდესაც მხარეთა შეთანხმებით სხვა მოთხოვნები არ არის დადგენილი საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის მიმართ, ან როდესაც ასეთი შეთანხმება არ არსებობს.
12.9. საარბიტრაჟო სარჩელს აუცილებლად უნდა ერთოდეს ის დოკუმენტი, სადაც მითითებულია საარბიტრაჟო შეთანხმების შესახებ და საარბიტრაჟო შენატანის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
12.10. საარბიტრაჟო პრეტენზია და თანდართული საბუთები წარმოდგენილი უნდა იქნეს იმდენი ასლით, რამდენიც მოპასუხეა.
12.11. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ვალდებულია სარჩელის ჩაბარებიდან სამი დღის განმავლობაში თავისი განკარგულებით ცნოს არბიტრაჟის კომპეტენცია და მიიღოს დავა წარმოებაში ან არ ცნოს დავაზე არბიტრაჟის კომპეტენცია და უარი თქვას მის მიღებაზე. არბიტრაჟის მიერ დავაზე კომპეტენციის ცნობა შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონის 16.5 მუხლის შესაბამისად და დებულების 3.13 მუხლის შესაბამისად.
12.12. საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის ამ მუხლით დადგენილი წესით განსაზღვრული ფორმის დაუცველად წარდგენის შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვა არ დაიწყება. თუ საარბიტრაჟო სარჩელი შეტანილია დებულების 12.6 და 12.9 მუხლში მითითებული მოთხოვნების დარღვევით, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი (მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე) არ მიიღებს საარბიტრაჟო სარჩელს და პრეტენდენტს (საარბიტრაჟო მოსარჩელეს) მისცემს ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, სარჩელი შეტანილად არ ჩაითვლება და დაუბრუნდება საარბიტრაჟო მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო შენატანის 90%.
12.13. მიღებული საარბიტრაჟო სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უნდა გადაეგზავნოს მოპასუხეს მისი წარმოებაში მიღებიდან ხუთი დღის ვადაში.
12.14. თუ საარბიტრაჟო მოპასუხე არ წარმოადგენს შესაგებელს საარბიტრაჟო სარჩელზე ამ მუხლის 12.7 პუნქტის შესაბამისად, არბიტრაჟი განაგრძობს საქმის განხილვას. შესაგებლის წარმოუდგენლობა არ შეიძლება ჩაითვალოს საარბიტრაჟო სარჩელის ცნობად.
12.15. მხარეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო სარჩელთან ან შესაგებელთან ერთად წარმოადგინონ ნებისმიერი საბუთი, რომელიც უკავშირდება საქმეს, ან მიუთითონ იმ საბუთებსა და სხვა მტკიცებულებებზე, რომლებსაც ისინი შემდგომ წარმოადგენენ.
12.16. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საარბიტრაჟო სარჩელი უნდა გაეცნოს არბიტრაჟის თავმჯდომარეს და დავის განმხილველ არბიტრებს.
12.17. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საარბიტრაჟო განხილვის დროს მხარეს შეუძლია შეცვალოს საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნები, შესაგებელი ან წარმოადგინოს დამატებითი მოთხოვნები, თუ ეს არბიტრაჟმა არ მიიჩნია განხილვის გაჭიანურებად.
12.18.    მოპასუხეს უფლება აქვს მისთვის საარბიტრაჟო სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე აღძრას საარბიტრაჟო მოსარჩელის მიმართ შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად. არბიტრაჟი მიიღებს შეგებებულ სარჩელს, თუ:
ა) შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად;
ბ) შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას;
გ) შეგებებულ სარჩელსა და პირვანდელ სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწრაფად გადაწყდება.
12.19.  12.18. პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაშვების შემდეგ მოპასუხეს შეუძლია აღძრას შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი საარბიტრაჟო პაექრობის დამთავრებამდე, თუ არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს ვადის გაშვებას.
12.20. შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენა შეიძლება საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის შესახებ არსებული წესების დაცვით. პირვანდელი და შეგებებული სარჩელის ერთად განხილვის შედეგად არბიტრაჟს გამოაქვს ერთობლივი გადაწყვეტილება.
12.21.  მუდმივმოქმედი არბიტრაჟი არ მიიღებს საარბიტრაჟო სარჩელს, თუ:
ა)  არ არსებობს საარბიტრაჟო შეთანხმება;
ბ)  არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება მოსამართლის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;
გ) საქმე ამ არბიტრაჟის განსჯადი არ არის;
დ) სარჩელი შეიტანა ქმედუუნარო პირმა;
ე) დაინტერესებული პირის სახელით განცხადება შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე.
12.22. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს გამოაქვს დასაბუთებული განკარგულება.
12.23. სარჩელის მიუღებლობის შესახებ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარის განკარგულება ჩაბარდება საარბიტრაჟო მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი საბუთები და შეტანილი საარბიტრაჟო შენატანის 90 პროცენტი.
12.24. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებიდან ან შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის განხილვა შესაძლებელია როგორც შპს „ სამართლიანი არბიტრისს” მიერ, ასევე საერთო სასამართლოების წესით, რომელიმე მხარის მიერ საარბიტრაჟო სარჩელით მომართვის შემთხვევაში არბიტრაჟი შესთავაზებს მხარეს დავის შპს „სამართლიანი არბიტრის“ მიერ განხილვას. თუ მოპასუხე მხარე განაცხადებს თანხმობას, მაშინ არბიტრაჟი განიხილავს საქმეს, ხოლო თუ მოპასუხე უარს განაცხადებს, ან საერთოდ არ გამოეხმაურება არბიტრაჟის მიმართვას, მაშინ არბიტრაჟი საარბიტრაჟო სარჩელს თავისი დადგენილებით დატოვებს განუხილველს, ხოლო საარბიტრაჟო მოსარჩელეს უკან დაუბრუნდება მის მიერ შემოტანილი დოკუმენტები და გადახდილი საარბიტრაჟო შენატანის 80%, ამასთან, ასეთ შემთხვევაში საარბიტრაჟო შენატანი არ შეიძლება იყოს 150 (ასორმოცდაათი) ლარზე ნაკლები.
12.25. მხარეს უფლება აქვს საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე საკუთარი განცხადების საფუძველზე გამოითხოვოს საქმე უკან. საქმის გამოთხოვის შემთხვევაში არბიტრაჟს, ხოლო თუ არბიტრაჟი შექმნილი არ არის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს, გამოაქვს დადგენილება საქმის განუხილველად დატოვების შესახებ. მხარის განცხადების საფუძველზე დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნამდე საქმის გამოთხოვის შემთხვევაში მხარეს უბრუნდება მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო შენატანის 80%, ხოლო დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნის შემდგომ საქმის გამოთხოვის შემთხვევაში – გადახდილი საარბიტრაჟო შენატანის 50%. ამასთან, ასეთ შემთხვევებში საარბიტრაჟო შენატანი არ შეიძლება იყოს 150 (ას ორმოცდაათი) ლარზე ნაკლები