9.1.    არბიტრაჟი დავის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირების საარბიტრაჟო სარჩელის და შესაბამისი საარბიტრაჟო შეთანხმების საფუძველზე, მის მიერ დავაზე კომპეტენციის ცნობის შემდეგ. მხარეებად არბიტრაჟში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები, აგრეთვე ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები.
9.2.    ერთ-ერთი მხარის ქმედუუნარობის შემთხვევაში, არბიტრაჟი უფლებამოსილია განიხილოს დავა მხოლოდ მაშინ, თუ ქმედუუნარო პირს ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი.
9.3. თუ საქმის წარმოების დროს გაირკვევა, რომ ერთ-ერთი მხარე ქმედუუნაროა და მას არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი, არბიტრაჟი ვალდებულია შეაჩეროს საარბიტრაჟო განხილვა. საარბიტრაჟო განხილვა განახლდება კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნის შემდეგ.
9.4. მხარეები სარგებლობენ თანაბარი საარბიტრაჟო-საპროცესო უფლებებით. მათ უფლება აქვთ გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, განაცხადონ აცილებანი, წარმოადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, განაცხადონ არბიტრაჟის წინაშე შუამდგომლობები, მისცენ არბიტრაჟს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტება, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში გაასაჩივრონ არბიტრაჟის გადაწყვეტილებები, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში მიმართონ სასამართლოს, ისარგებლონ დებულებით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.
9.5. საარბიტრაჟო მოსარჩელეს უფლება აქვს საქმის წინასწარი საარბიტრაჟო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს საარბიტრაჟო სარჩელის საფუძველი ან საგანი, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა.
9.6. დავის წინასწარი საარბიტრაჟო განხილვისათვის მომზადების შემდეგ საარბიტრაჟო სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ არბიტრაჟის თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს საარბიტრაჟო სხდომის გადადება სხვა დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა.
9.7. საარბიტრაჟო სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება პრეტენდენტის მიერ საარბიტრაჟო სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება, ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის, ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება.
9.8. დაუშვებელია ისეთი ცვლილება, რაც სარჩელის, საარბიტრაჟო შეთანხმებისა და ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებს აცილებს.
9.9. მხარეებს შეუძლიათ არბიტრაჟში დავა აწარმოონ როგორც უშუალოდ, ისე ადვოკატის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.
9.10. ადვოკატის წარმომადგენლობა დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით.
9.11. ორგანიზაციის წარმომადგენლობა დასტურდება ამ ორგანიზაციის მიერ გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთით.
9.12. ფიზიკური პირების წარმომადგენლობა დასტურდება სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით.
9.13. მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც წერილობით აცნობებს არბიტრაჟს და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით, წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს. უფლებამოსილებაშეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ კანონისა და დებულების შესაბამისად შესრულებული ყველა იურიდიული და საპროცესო მოქმედება ინარჩუნებს მნიშვნელობას.
9.14. წარმომადგენელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე უარი თქვას თავის უფლებამოსილებაზე, რის შესახებაც დროულად უნდა აცნობოს როგორც არბიტრაჟს, ისე მის მარწმუნებელს, რათა ამ უკანასკნელმა შესძლოს თვითონ მიიღოს მონაწილეობა პროცესში ან/და აიყვანოს ახალი წარმომადგენელი. ამის გათვალისწინებით არბიტრაჟი დანიშნავს დროს, როცა წარმომადგენელს უფლება აქვს, შეწყვიტოს პროცესში მონაწილეობა.
9.15. საარბიტრაჟო სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ:
ა)  საარბიტრაჟო სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება;
ბ)  სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან;
გ) სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი.
9.16. თითოეული საარბიტრაჟო მოსარჩელე ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად.
9.17. თანამონაწილენი სარგებლობენ კანონით და დებულებით მხარეებისათვის მინიჭებული ყველა უფლებებით.
9.18. თანამონაწილეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო დავის (საქმის) წარმოება ერთ-ერთ თანამონაწილეს მიანდონ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თანამონაწილე არასრულწლოვანია, ანდა მას ჰყავს მეურვე ან მზრუნველი.
9.19. საქმის წარმოების მინდობა ერთ-ერთი თანამონაწილისათვის ხდება ამ მუხლის 9.9 - 9.14 პუნქტების შესაბამისად.
9.20. თუ არბიტრაჟი საქმის განხილვის დროს დაადგენს, რომ საარბიტრაჟო სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, შეუძლია საარბიტრაჟო მოსარჩელის თანხმობით საქმის შეუწყვეტლად შეცვალოს თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით, თუ სათანადო საარბიტრაჟო მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობს შესაბამისი საარბიტრაჟო შეთანხმება.
9.21. თუ სათანადო საარბიტრაჟო მოსარჩელე არ არის თანახმა შეცვალოს არასათანადო მოსარჩელე, ან არასათანადო საარბიტრაჟო მოსარჩელე არ არის თანახმა შეიცვალოს სათანადო მოსარჩელით, არბიტრაჟი საარბიტრაჟო წარმოებას შეწყვეტს იმ მოტივით, რომ არასათანადო მხარემ უარი თქვა მის მიერ აღძრულ სარჩელზე, ან იმ მოტივით, რომ არასათანადო მხარემ უარი განაცხადა სათანადო მხარით შეცვლაზე.
9.22. თუ შეცვლილ სათანადო საარბიტრაჟო მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არ არსებობს შესაბამისი საარბიტრაჟო შეთანხმება და მოპასუხე თანახმა არ არის მოცემული დავა განიხილოს არბიტრაჟმა, არბიტრაჟი უსაფუძვლობის მოტივით წყვეტს საარბიტრაჟო წარმოებას.
9.23. თუ საქმის განხილვისას არბიტრაჟი დაადგენს, რომ საარბიტრაჟო სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს საარბიტრაჟო სარჩელზე, მას შეუძლია შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით, თუ საარბიტრაჟო მოსარჩელსა და სათანადო მოპასუხეს შორის არსებობს შესაბამისი საარბიტრაჟო შეთანხმება.
9.24. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, არბიტრაჟი თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის საარბიტრაჟო მოსარჩელეს საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
9.25. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელესა და სათანადო მოპასუხეს შორის არ არსებობს შესაბამისი საარბიტრაჟო შეთანხმება და სათანადო მოპასუხე არ არის თანახმა მოცემული დავა განიხილოს არბიტრაჟმა, არბიტრაჟი წყვეტს საარბიტრაჟო წარმოებას უსაფუძვლობის მოტივით.

კარი III. მტკიცებულებებ