10.1. თითეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
10.2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
10.3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
10.4. საარბიტრაჟო განხილვისათვის საჭირო მტკიცებულებებს წარმოადგენენ მხარეები. არბიტრაჟს (მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს) შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
10.5. არბიტრაჟი (მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე) უფლებამოსილია ნებაყოფლობით გამოითხოვოს მტკიცებულებები, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
10.6. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვთ.
10.7. არბიტრაჟი არ მიიღებს, არ გამოითხოვს, საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.
10.8. მტკიცებულებათა მიუღებლობის, გამოთხოვაზე უარის თქმის ან საქმიდან მათი ამოღების შესახებ არბიტრაჟს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება.
10.9. არბიტრაჟისათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
10.10. არბიტრაჟი აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს საარბიტრაჟო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
10.11. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს არბიტრაჟის შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
10.12. ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, არბიტრაჟმა შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას.
10.13. მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია:
ა)  ფაქტები, რომლებსაც არბიტრაჟი საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს;
ბ)  ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს ან არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით, თუ საარბიტრაჟო დავის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;
გ) ფაქტები იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა მოქმედებას ადგილი და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით, როცა საქმეს იხილავს არბიტრაჟი იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი.
10.14. თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და წარმოდგენა, არბიტრაჟს (მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს) მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით შეუძლია მოსთხოვოს სასამართლოს დახმარება მტკიცებულებათა მოპოვებაში.
10.15.    არბიტრაჟი ასევე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მოწმის დასწრების უზრუნველსაყოფად. სასამართლოს მიერ გამოძახებული მოწმის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.
10.16. მხარის განცხადება მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოსათვის მიმართვის შესახებ არბიტრაჟს წარედგინება წერილობითი ფორმით.
10.17. მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოსთვის დახმარების მიმართვის შესახებ მხარის წერილობით განცხადებულ შუამდგომლობაში უნდა აისახოს:
ა) მტკიცებულებანი, რომელთა მოპოვებაც აუცილებელია;
ბ) გარემოებანი, რომელთა დასადასტურებლადაც საჭიროა ეს მტკიცებულებანი;
გ) მიზეზები, რომლებმაც აიძულა განმცხადებელი მიემართა შუამდგომლობით მტკიცებულებათა სასამართლოს დახმარებით მოპოვების შესახებ;
დ) მოწინააღმდეგე მხარის გვარი, სახელი და მისამართი.
10.18. მტკიცებულებათა მოპოვებაში დახმარების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესახებ არბიტრაჟი იღებს დადგენილებას, ხოლო მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე – განკარგულებას. ასეთი დადგენილებით (განკარგულებით) შეიძლება საარბიტრაჟო-საპროცესო ვადები შეჩერდეს შესაბამისი მტკიცებულებების მიღებამდე.
10.19. მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეულ ხარჯებს გადაიხდის პირი, რომელმაც იშუამდგომლა არბიტრაჟის (მუდმივმოქმედი არბიტრაჟის) წინაშე ასეთი უზრუნველყოფის შესახებ. მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს მტკიცებულებათა უზრუნველყოფაში მონაწილეობისათვის მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება. საბოლოოდ ამ ხარჯების განაწილება მოხდება არბიტრაჟის მიერ საქმის არსებითად გადაწყვეტისას