1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. არბიტრაჟი აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის, ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს არბიტრთა შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
4. არბიტრაჟს შეუძლია ნებაყოფლობით დაკითხოს მოწმეები და მისცეს წინადადება მხარეს წარმოადგინოს მტკიცებულება.
5. მხარე, რომელიც შუამდგომლობს მოწმის დაკითხვასათან დაკავშირებით, ვალდებულია უზრუნველყოს მოწმის გამოცხადება ზეპირ მოსმენაზე. თუ მხარე ვერ უზრუნველყოფს მოწმის გამოცხადებას, არბიტრაჟს უფლება აქვს, მაგრამ ვალდებული არ არის ისარგებლოს მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით “არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით.
6. მხარეს უფლება აქვს მის მიერ მითითებულ გარემოებათა დასადასტურებლად წარმოადგინოს ექსპერტის დასკვნა.
7. არბიტრაჟი ვალდებულია დანიშნოს ექსპერტი, თუ მხარეები ამას მოითხოვენ. არბიტრაჟი უფლებამოსილია შეაჩეროს საარბიტრაჟო განხილვა მხარეთა ერთობლივი მოთხოვნით დანიშნული ექსპერტის მიერ დასკვნის წარმოდგენამდე.
8. თუ ექსპერტიზის შესახებ მხოლოდ ერთი მხარე შუამდგომლობს, არბიტრაჟი არ აკმაყოფილებს მის შუამდგომლობას, თუ მიიჩნევს, რომ მხარეს თვითონაც შეეძლო ექსპერტის დასკვნის წარმოდგენა მის მიერ პრეტენზიის, ან შესაგებლის შემოტანისას.
9. თუ გარემოება, რომელზე მითითებითაც ერთ-ერთი მხარე შუამდგომლობს ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, წარმოიშვა მის მიერ საარბიტრაჟო პრეტენზიის, ან შესაგებლის წარმოდგენის შემდეგ, მაშინ არბიტრაჟი მას უნიშნავს ვადას ექსპერტიზის დასკვნის წარმოსადგენად. არბიტრაჟის მიერ დანიშნულ ვადაში ექსპერტის დასკვნის წარუდგენლობა არ დააბრკოლებს საარბიტრაჟო განხილვას. ამ შემთხვევაში არბიტრაჟი საქმეს გადაწყვეტს საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე.
10. განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, არბიტრაჟს შეუძლია თავისი ინიციატივითაც დანიშნოს ექსპერტიზა. ამ შემთხვევაში არბიტრაჟი აჩერებს საარბიტრაჟო განხილვას ექსპერტის დასკვნის მიღებამდე.
11. მხარე ვალდებულია არბიტრაჟის შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობისას წარუდგინოს ექსპერტს საქმესთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული ინფორმაცია, ნივთი, ან დოკუმენტი.
12. ექსპერტის დასკვნა არ არის სავალდებულო არბიტრაჟისათვის. არბიტრაჟი შინაგანი რწმენის საფუძველზე აფასებს მას, როგორც ერთ-ერთ მტკიცებულებას.
13. მხარეს უფლება აქვს შესთავაზოს არბიტრაჟს საქმის გარემოებების გარკვევის მიზნით საარბიტრაჟო განხილვაში სპეციალისტის მონაწილეობა. სპეციალისტის მოწვევის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი მხარე უზრუნველყოფს ზეპირ მოსმენაზე სპეციალისტის გამოცხადებას. სპეციალისტის გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საარბიტრაჟო განხილვას. არბიტრაჟს უფლება აქვს მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ თავისი ინიციატივითაც მოიწვიოს სპეციალისტი.
14. როგორც მხარის, ასევე არბიტრაჟის ინიციატივით მოწვეული სპეციალისტი ვალდებულია ხელი მოაწეროს დოკუმენტს იმ ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილეობის შედეგად. აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება ექსპერტზეც.
15. ამ რეგლამენტის ამავე მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ექსპერტი და სპეციალისტი ვალდებულნი იქნებიან აუნაზღაურონ მხარეებს ზიანი, რომელიც დადგა საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გახმაურების შედეგად.
16. მტკიცებულებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას არბიტრაჟს უფლება აქვს, მაგრამ ვალდებული არ არის ისარგებლოს სასამართლოს დახმარებით “არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესი