1. თუ მხარეები არ დაადგენენ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის სპეციალურ ვადას, მაშინ ასეთი გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში არ იქნება გამოტანილი, საქმის განმხილველი არბიტრაჟი უნდა გადადგეს, თუ მხარეები არ შეთანხმდებიან საარბიტრაჟო განხილვის ვადის გაგრძელებაზე. ვადის გაგრძელება დაიშვება მხოლოდ ერთჯერადად, არაუმეტეს ოთხი თვის ვადით.

3. თუ მხარეებს არ აქვთ შეთანხმებული გადაწყვეტილების გამოტანის ვადის გაგრძელება, არბიტრაჟის შემადგენლობის გადადგომის შემდეგ ახალი შემადგენლობის ფორმირება ხდება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. თუ განმეორებით ფორმირებული არბიტრაჟიც ვერ გამოიტანს გადაწყვეტილებას ფორმირების დასრულების მომენტიდან 3 (სამი) თვის ვადაში საარბიტრაჟო შეთანხმება ჩაითვლება გაუქმებულად. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ვალდებული არ არის განიხილოს ეს დავა, თუ მხარეები დადებენ ახალ საარბიტრაჟო შეთანხმებას და მაინც მოითხოვენ არბიტრაჟის მიერ დავის განხილვას.

4. არბიტრაჟს, რომელშიც ერთზე მეტი წევრია, გადაწყვეტილებები გამოაქვს კენჭისყრაში მონაწილე წევრთა უმრავლესობით.

5. არბიტრს არ აქვს გადაწყვეტილების გამოტანისას თავის შეკავების უფლება.

6. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა ჩამოყალიბდეს წერილობითი ფორმით და მასში უნდა აღინიშნოს:

ა) გადაწყვეტილების გამოტანის დრო, ადგილი და არბიტრაჟის შემადგენლობა;

ბ) საარბიტრაჟო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც არბიტრაჟი მოქმედებდა;

გ) მხარეები და საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილე სხვა პირები;

დ) დავის საგანი;

ე) სამოტივაციო ნაწილი, მასში გადმოცემული მოსაზრებებით, რომელთა საფუძველზეც არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო შეთანხმება პირდაპირ ითვალისწინებს ასეთი სამოტივაციო ნაწილის არარსებობას;

ვ) არბიტრაჟის დადგენილება.

7. არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ხელს აწერს ყველა არბიტრი. თუ არბიტრი უარს აცხადებს ხელი მოაწეროს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, ამის შესახებ უნდა აღინიშნოს გადაწყვეტილებაში. თუ საქმის განმხილველი ერთი არბიტრია, გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქმის განმხილველი არბიტრი.

8.  საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თითო პირი უნდა გადაეცეს თითოეულ მხარეს.

9. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად მხარეთათვის. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შეიძლება მესამე პირს აკისრებდეს რაიმე ვალდებულების შესრულება