1. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს არბიტრაჟს საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საარბიტრაჟო შეთანხმებას.
2. მხარის მიმართვის საფუძველზე, გონივრულ ვადაში, არბიტრაჟი წერილობითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ავალებს მხარეს:
ა) საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე პირვანდელი მდგომარეობის შენარჩუნებას ან აღდგენას;
ბ) ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც უკავშირდება მეორე მხარისთვის ან თვით საარბიტრაჟო წარმოებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;
გ) ღონისძიებების განხორციელებას იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებიდანაც აღსრულდება შემდგომი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება;
დ) მტკიცებულებების შენახვასა და შენარჩუნებას, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს საარბიტრაჟო დავასა და მის გადაწყვეტას.
3. მხარემ, რომელიც შუამდგომლობით მიმართავს არბიტრაჟს უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, უნდა დაასაბუთოს შემდეგი გარემოებების არსებობა:
ა) საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ზიანი, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება მეორე მხარისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებით;
ბ) საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობით გამოწვეული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ზიანს, რომელიც შესაძლოა მიადგეს იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის ღონისძიებები, ამ ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში;
გ) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ მისი საარბიტრაჟო პრეტენზია დაკმაყოფილდება. აღნიშნული ვარაუდი გავლენას არ ახდენს არბიტრაჟის მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
4. ამ რეგლამენტის ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების მიმართ, ამ რეგლამენტის ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები გამოიყენება მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებშიც არბიტრაჟი ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს.
5. არბიტრაჟი უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, აღნიშნულ უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა.
6. მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი ხარჯებისა და ზიანისათვის, რომლებიც გამოწვეულია მის მიერ მოთხოვნილი საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებით, თუ არბიტრაჟი შემდგომ დაადგენს, რომ აღნიშნულ გარემოებებში საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის მოცემული ღონისძიებები არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. არბიტრაჟი უფლებამოსილია მოითხოვოს ხარჯებისა და ზიანის ანაზღაურება საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.
7. არბიტრაჟი უფლებამოსილია, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს, შეცვალოს, შეაჩეროს ან გააუქმოს მის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით ან განსაკუთრებულ შემთხვევებში, მხარეთათვის წინასწარ შეტყობინების შემდეგ, თავისი ინიციატივით.
8. არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარეებს მოსთხოვოს იმ ინფორმაციის დაუყოვნებლივ განცხადება, რომელიც უკავშირდება იმ გარემოებათა არსებით ცვლილებებს, რომელთა საფუძველზედაც მოხდა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების მოთხოვნა ან გამოყენება.
9. ამ მუხლით განსაზღვრული საარბიტრაჟო დადგენილების აღსრულება მოხდება “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესი