1. თუ მოპასუხის მიერ წარმოდგენილია შესაგებელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის მოთხოვნებს, შესაგებელი და უწყება ზეპირი მოსმენის გამართვის დროისა და ადგილის მითითებით დაუყოვნებლივ ეგზავნება პრეტენდენტს. შესაბამისი უწყება ეგზავნება აგრეთვე მოპასუხესა და იმ პირებს, რომელთა გამოცხადებასაც არბიტრაჟი მიზანშეწონილად ჩათვლის.
2. ზეპირი მოსმენის დროს მხარეთა შეჯიბრებას ხელმძღვანელობს საარბიტრაჟო კოლეგიის თავმჯდომარე. თუ კანონით, საარბიტრაჟო შეთანხმებით ან რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ერთი არბიტრის მიერ დავის განხილვისას იგულისხმება, რომ არბიტრი აღჭურვილია ყველა იმ უფლებამოსილებით, რაც აქვს საარბიტრაჟო კოლეგიის თავმჯდომარეს.
3. არბიტრი ხსნის და დასრულებულად აცხადებს ზეპირ მოსმენას, სიტყვას აძლევს მხარეებს, რამდენიმე პრეტენდენტის და მოპასუხის, ასევე მოწმეების ექსპერტებისა და სპეციალისტების დასწრების შემთხვევაში განსაზღვრავს მათი გამოსვლების რიგითობას, უზრუნველყოფს საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, მხარეებს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას გამოხატონ თავიანთი აზრი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების ან გარემოების შესახებ. თითოეული მხარის მოსაზრება, შეფასება, თუ განმარტება შეიტანება საარბიტრაჟო განხილვის ოქმში. თუ შეთანხმებულია საარბიტრაჟო განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე, არბიტრაჟი გადაწყვეტილებას გამოიტანს საარბიტრაჟო პრეტენზიის, შესაგებლისა და მხარეთა წერილობით ახსნა-განმარტებების, ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით.
4. მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ თითოეულ მხარეს უფლება აქვს არბიტრაჟს მიმართოს შემაჯამებელი სიტყვით. შემაჯამებელი სიტყვით ბოლოს გამოდის მოპასუხე.
5. მხარეთა შემაჯამებელი სიტყვის დასრულების შემდეგ არბიტრაჟი საარბიტრაჟო განხილვას დასრულებულად აცხადებს და გამოაქვს გადაწყვეტილება.