1. არბიტრი, ხოლო თუ საქმეს არჩევს კოლეგიური არბიტრაჟი, – ამ არბიტრაჟის თავმჯდომარე, ხსნის არბიტრაჟის მთავარ სხდომას და აცხადებს, თუ რომელი საქმე იქნება განხილული.
2. არბიტრი აცხადებს არბიტრაჟის შემადგენლობას, აგრეთვე იმას, თუ ვინ მონაწილეობს ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, არბიტრაჟის სხდომის მდივნად.
3. არბიტრი აცხადებს, თუ განსახილველ საქმეზე მოწვეულ პირთაგან ვინ გამოცხადდა, ჩაჰბარდათ თუ არა გამოუცხადებელ პირებს უწყებები მე-5 მუხლით დადგენილი წესით და რა ცნობები არსებობს მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. არბიტრაჟი ადგენს გამოცხადებულთა ვინაობას, აგრეთვე ამოწმებს წარმომადგენელთა უფლებამოსილებას. ამის შემდეგ მოწმეები ტოვებენ სხდომის დარბაზს.
4. მხარეთა და მათ წარმომადგენელთა განცხადებები და შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენისა თუ გამოთხოვის, აგრეთვე საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოჭრილი სხვა საკითხების შესახებ შეიძლება დააკმაყოფილოს არბიტრაჟმა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შუამდგომლობები და განცხადებები საპატიო მიზეზით არ იყო აღძრული საარბიტრაჟო განხილვისათვის საქმის მომზადების სტადიაზე. ასეთ შემთხვევაში, მხარეთა თხოვნით ან არბიტრაჟის ინიციატივით საქმის განხილვა შეიძლება გადაიდოს.
5. საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქმის ხელახლა განხილვა მისი გადადების შემდეგ თავიდან დაიწყება. არბიტრაჟი საქმის განხილვის გადადებისას დანიშნავს დღეს ახალი საარბიტრაჟო სხდომისათვის და ამას აცნობებს გამოცხადებულ პირებს, რასაც ისინი ადასტურებენ ხელის მოწერით. გამოუცხადებელ და საქმეში ახლად ჩაბმულ პირებს ახალი საარბიტრაჟო სხდომის დღეს აცნობებენ მე-5 მუხლით დადგენილი წესით.
6. საქმის განხილვის გადადების შემთხვევაში არბიტრაჟი დაკითხავს გამოცხადებულ მოწმეებს. ახალ საარბიტრაჟო სხდომაზე ამ მოწმეთა ხელმეორედ დაბარება შეიძლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
7. საქმის განხილვის გადადების შემთხვევაში არბიტრაჟი დაავალებს მხარეებს დანიშნულ ვადაში წარმოადგინონ წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, რათა მოწინააღმდეგე მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა ახალი სხდომის დაწყებამდე გაეცნოს ამ მასალებს, ამასთან, მიუთითოს სახელი, გვარი, მისამართი მოწმისა, რომლის დაკითხვაც მას სურს.
8. თუ მხარე არბიტრაჟს წარუდგენს წერილობით თუ ნივთიერ მტკიცებულებებს, აგრეთვე დაასახელებს მოწმეთა ვინაობასა და მისამართს მხოლოდ საქმის ხელმეორედ განხილვის დროს, არბიტრაჟს შეუძლია მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით არ მიიღოს ეს მტკიცებულებები და არ გამოუძახოს მოწმეებს.
9. საქმის არსებითად განხილვა იწყება საქმის მოხსენებით არბიტრაჟის მიერ, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მასალებს, ხოლო თუ ამ საქმეზე ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, მაშინ – ამ სხდომის მასალებსა და ოქმს.
10. არბიტრაჟის მიერ საქმის მოხსენების შემდეგ იწყება მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენა. პირველად არბიტრაჟი მოისმენს საარბიტრაჟო მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, შემდეგ საარბიტრაჟო მოპასუხის ახსნა-განმარტებას.
11. მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის დროს მათ შეიძლება წამოაყენონ ახალი მოსაზრებები, ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა განცხადებული საქმის მოსამზადებელ სტადიაზე ან მხარეთა ზეპირი შეჯიბრების დაწყებამდე. არბიტრაჟი გაითვალისწინებს ამ ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, თუ ცნობს, რომ მათ შესახებ თავის დროზე არ იყო განცხადებული საპატიო მიზეზით და რომ ეს არ მომხდარა საქმის გაჭიანურების მიზნით. მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სთხოვოს არბიტრაჟს საქმის განხილვის გადადება, რათა მოემზადოს ამ ახალი გარემოებებისა თუ მტკიცებულებების გასაქარწყლებლად.
12. მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ არბიტრაჟი დაკითხავს მოწმეებს. ჯერ დაიკითხებიან საარბიტრაჟო მოსარჩელის შუამდგომლობით მოწვეული მოწმეები, ხოლო შემდეგ– საარბიტრაჟო მოპასუხის შუამდგომლობით მოწვეული მოწმეები.
13. არბიტრაჟის ნებართვით თითოეულ მხარეს შეუძლია შეკითხვა მისცეს მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს. თუ შეკითხვა უადგილო ან შეუფერებელია და არ ემსახურება საქმის გარემოების გამოკვლევასა და დადგენას, არბიტრაჟს, მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა. შეკითხვის შეუსაბამოდ ან უადგილოდ მიჩნევა და მისი მოხსნა შეუძლია არბიტრს ერთპიროვნულად, ანდა არბიტრაჟს – კოლეგიურად, როცა საქმეს კოლეგიური არბიტრაჟი განიხილავს. იგივე წესი მოქმედებს მოწმეთა დაკითხვის დროს.
14. თუ საარბიტრაჟო სხდომაზე გამოცხადდება მხოლოდ ერთი მხარე, არბიტრაჟი მიიღებს ახსნა-განმარტებას ამ ერთი მხარისაგან.
15. არბიტრს, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს საქმეს, კოლეგიური არბიტრაჟის თავმჯდომარესა და მის ნებისმიერ წევრს უფლება აქვთ მხარეებს მისცენ შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, ამ გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენასა და არბიტრაჟში წარდგენას, მათი უტყუარობის გამორკვევას, მხარეთა მოსაზრებებისა და მოთხოვნების დაზუსტებას.
16. არბიტრაჟი იღებს ამ დებულებით გათვალისწინებულ ზომებს, რათა საქმე ყოველმხრივ იქნეს გამოკვლეული, მხარეთა პაექრობა ზედმეტად არ გაჭიანურდეს, არ გართულდეს და საქმის განხილვა დამთავრდეს რაც შეიძლება სწრაფად – ერთ საარბიტრაჟო სხდომაზე და, თუ შესაძლებელია, – შესვენების გარეშე.
17. მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და მოწმეთა დაკითხვის შემდეგ არბიტრაჟი შეუდგება წარმოდგენილ მტკიცებულებათა შემოწმება-გამოკვლევას.
18. თუ მხარე თავს არიდებს არბიტრაჟში გამოცხადებას ახსნა-განმარტების მისაცემად, არბიტრაჟს შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება ამ მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის გარეშე, მის ხელთ არსებული მასალების საფუძველზე.
19. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე არბიტრაჟმა ყოველი ღონე უნდა იხმაროს დავასთან დაკავშირებული ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად.
20. საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების განხილვისა და შემოწმების შემდეგ არბიტრაჟი ეკითხება მხარეებსა და წარმომადგენლებს, ხომ არ სურთ რაიმე დაუმატონ საქმის მასალებს. თუ ასეთი სურვილი არ გამოითქვა, არბიტრაჟი საქმის გამოკვლევას დამთავრებულად აცხადებს, რის შემდეგაც იწყება მხარეთა პაექრობა.
21. პაექრობა შედგება მხარეებისა და მათი წარმომადგენლების სიტყვებისაგან. პირველად გამოდიან საარბიტრაჟო მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი, შემდეგ საარბიტრაჟო მოპასუხე და მისი წარმომადგენელი.
22. მას შემდეგ, რაც პაექრობის ყოველი მონაწილე წარმოთქვამს სიტყვას, მათ შეუძლიათ ხელმეორედ გამოვიდნენ წარმოთქმულ სიტყვასთან დაკავშირებით. უკანასკნელი რეპლიკის უფლება ყოველთვის ეკუთვნით საარბიტრაჟო მოპასუხეს და მის წარმომადგენელს.
23. მხარეთა პაექრობისა და რეპლიკის შემდეგ არბიტრაჟი ნიშნავს გადაწყვეტილების გამოტანის დღეს, რითაც მთავრდება მთავარი საარბიტრაჟო სხდომა.
V. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანა და საქმის განხილვის შეწყვეტ