11.1. თუ მხარეთა შორის არ არსებობს შეთანხმება საარბიტრაჟო განხილვის წესის შესახებ, მაშინ დავა განიხილება შპს ,,მუდმივმოქმედ არბიტრაჟ ლეგალის” დებულებით დადგენილი წესით, კანონის მოთხოვნათა დაცვით.
11.2. საარბიტრაჟო განხილვის დაწყების საფუძველია მხარის საარბიტრაჟო სარჩელი (სარჩელი), რომელიც მოსარჩელემ წერილობითი ფორმით უნდა წარმოუდგინოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს, მასში მითითებული უნდა იყოს მხარეთა სახელები (სახელწოდებები) და მისამართები (ადგილსამყოფლები), საიდენტიფიკაციო მონაცემები, მოთხოვნა, ის გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს აღნიშნულ მოთხოვნას, და საარბიტრაჟო სარჩელზე თანდართული საბუთების ნუსხა.
11.3. საარბიტრაჟო მოპასუხე მხარეთა შეთანხმებით ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგენს შესაგებელს საარბიტრაჟო სარჩელში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებზე. შესაგებლის წარდგენისათვის დანიშნული ვადა არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა არ ჩაითვლება საარბიტრაჟო სარჩელის ცნობად.
11.4. დებულების 10.2 და 10.3 პუნქტები გამოიყენება მაშინ, როდესაც მხარეთა შეთანხმებით სხვა მოთხოვნები არ არის დადგენილი საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის მიმართ, ან როდესაც ასეთი შეთანხმება არ არსებობს.
11.5. საარბიტრაჟო სარჩელს აუცილებლად უნდა ერთოდეს ის დოკუმენტი, სადაც მითითებულია საარბიტრაჟო შეთანხმების შესახებ და საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
11.6. საარბიტრაჟო სარჩელი და თანდართული საბუთები წარმოდგენილი უნდა იქნეს იმდენი დამატებითი ასლით, რამდენიც მოპასუხეა.
11.7. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ვალდებულია სარჩელის ჩაბარებიდან სამი დღის განმავლობაში თავისი დადგენილებით (განკარგულებით) ცნოს არბიტრაჟის კომპეტენცია და მიიღოს დავა წარმოებაში ან არ ცნოს დავაზე არბიტრაჟის კომპეტენცია და უარი თქვას მის მიღებაზე. არბიტრაჟის მიერ დავაზე კომპეტენციის ცნობა შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 16.5 მუხლის შესაბამისად და დებულების 3.13 მუხლის შესაბამისად.
11.8. საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის ამ მუხლით დადგენილი წესით განსაზღვრული ფორმის დაუცველად წარდგენის შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვა არ დაიწყება. თუ საარბიტრაჟო სარჩელი შეტანილია ამ დებულების 11.2 და 11.5 მუხლებში მითითებული მოთხოვნების დარღვევით, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი (მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე) არ მიიღებს საარბიტრაჟო სარჩელს და საარბიტრაჟო მოსარჩელეს მისცემს ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, სარჩელი შეტანილად არ ჩაითვლება და დაუბრუნდება საარბიტრაჟო მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 75%.
11.9. წინამდებარე დებულების 11.8 მუხლის შესაბამისად არბიტრაჟისათვის დარჩელი მოსაკრებელი არ შეიძლება იყოს 100 ლარზე ნაკლები.
11.10. მიღებული საარბიტრაჟო სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უნდა გადაეგზავნოს მოპასუხეს მისი წარმოებაში მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
11.11. თუ საარბიტრაჟო მოპასუხე არ წარმოადგენს შესაგებელს საარბიტრაჟო სარჩელზე ამ დებულების 11.3 პუნქტის შესაბამისად, არბიტრაჟი განაგრძობს საქმის განხილვას. შესაგებლის წარმოუდგენლობა არ შეიძლება ჩაითვალოს საარბიტრაჟო სარჩელის ცნობად.
11.12. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საარბიტრაჟო სარჩელი უნდა გაეცნოს არბიტრაჟის თავმჯდომარეს და დავის განმხილველ არბიტრებს.
11.13. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საარბიტრაჟო განხილვის დროს მხარეს შეუძლია შეცვალოს საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნები, შესაგებელი ან წარმოადგინოს დამატებითი მოთხოვნები, თუ ეს არბიტრაჟმა არ მიიჩნია განხილვის გაჭიანურებად.
11.14. მოპასუხეს უფლება აქვს მისთვის საარბიტრაჟო სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე აღძრას საარბიტრაჟო მოსარჩელის მიმართ შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად. არბიტრაჟი მიიღებს შეგებებულ სარჩელს, თუ:
ა) შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად;
ბ) შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას;
გ) შეგებებულ სარჩელსა და პირვანდელ სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწრაფად გადაწყდება.
11.15. ამ დებულების 10.14 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაშვების შემდეგ მოპასუხეს შეუძლია აღძრას შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი საარბიტრაჟო პაექრობის დამთავრებამდე, თუ არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს ვადის გაშვებას.
11.16. შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენა შეიძლება საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის შესახებ არსებული წესების დაცვით. პირვანდელი და შეგებებული სარჩელის ერთად განხილვის შედეგად არბიტრაჟს გამოაქვს ერთობლივი გადაწყვეტილება.
11.17. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი არ მიიღებს საარბიტრაჟო სარჩელს, თუ:
ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება მოსამართლის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;
ბ) საქმე ამ არბიტრაჟის განსჯადი არ არის;
გ) სარჩელი შეიტანა ქმედუუნარო პირმა;
დ) დაინტერესებული პირის სახელით განცხადება შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე.
11.18. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება (დადგენილება).
11.19. სარჩელის მიუღებლობის შესახებ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარის განჩინება (დადგენილება) ჩაჰბარდება საარბიტრაჟო მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი საბუთები და შეტანილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 85%. ამასთან, ასეთ შემთხვევებში მოსაკრებლის ნაწილი, რომელიც არ ბრუნდება, არ შეიძლება იყოს 100 ლარზე ნაკლები.
11.20. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებიდან ან შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის განხილვა შესაძლებელია როგორც არბიტრაჟის მიერ, ასევე საერთო სასამართლოების წესით და მითითებული არ არის, რომ არჩევა ხდება მოსარჩელის მიერ, ან პირდაპირ არ არის მითითებული, რომ არბიტრაჟის შემთხვევაში დავას განიხილავს შპს „მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ლეგალი“, მოწინააღმდეგე მხარის მიერ საარბიტრაჟო სარჩელით მომართვის შემთხვევაში, არბიტრაჟი შესთავაზებს მოპასუხე მხარეს დავის შპს „მუდმივმოქმედ არბიტრაჟ ლეგალის“ მიერ განხილვას. თუ მოპასუხე მხარე არბიტრაჟის მიერ დადგენილ ვადაში განაცხადებს თანხმობას არბიტრაჟის კომპეტენციასა და უფლებამოსილებაზე, არბიტრაჟი განიხილავს საქმეს წინამდებარე დებულებით დადგენილი წესების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე მხარე დადგენილ ვადაში უარს განაცხადებს, ან საერთოდ არ გამოეხმაურება არბიტრაჟის მიმართვას მისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ცნობაზე კონკრეტული დავის მიმართ, არბიტრაჟი საარბიტრაჟო სარჩელს ტოვებს განუხილველად და აღნიშნულზე იღებს განჩინებას (დადგენილებას), ასეთ შემთხვევში საარბიტრაჟო მოსარჩელეს უკან დაუბრუნდება მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 85%. ამასთან, ასეთ შემთხვევებში მოსაკრებლის ნაწილი, რომელიც არ ბრუნდება, არ შეიძლება იყოს 100 ლარზე ნაკლები.
11.21. მხარეს უფლება აქვს საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე საკუთარი განცხადების საფუძველზე გამოითხოვოს საქმე უკან. საქმის გამოთხოვის შემთხვევაში არბიტრაჟს, ხოლო თუ არბიტრაჟი შექმნილი არ არის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს, გამოაქვს დადგენილება საქმის განუხილველად დატოვების შესახებ. მხარის განცხადების საფუძველზე დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნამდე საქმის გამოთხოვის შემთხვევაში მხარეს უბრუნდება მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 85%, ხოლო დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნის შემდგომ საქმის გამოთხოვის შემთხვევაში – გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 50%. ამასთან, ასეთ შემთხვევებში მოსაკრებლის ნაწილი, რომელიც არ ბრუნდება არ შეიძლება იყოს 100 ლარზე ნაკლებ