8.1. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს არბიტრაჟს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საარბიტრაჟო შეთანხმებას. შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებაზე, რომელთა გამო უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებას, აგრეთვე მითითებას იმაზე, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია საარბიტრაჟო მოსარჩელეს საჭიროდ.
8.2. უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს:
ა) საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე პირვანდელი მდგომარეობის შენარჩუნება ან აღდგენა;
ბ) ისეთი ზომების მიღება, რომლებიც უკავშირდება მეორე მხარისთვის ან თვით საარბიტრაჟო წარმოებისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;
გ) ღონისძიებების განხორციელება იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებიდანაც აღსრულდება შემდგომი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება;
დ) იმ მტკიცებულებების შენახვასა და შენარჩუნებას, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს საარბიტრაჟო დავასა და მის გადაწყვეტას.
8.3. მხარემ, რომელიც შუამდგომლობით მიმართავს არბიტრაჟს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, უნდა დაასაბუთოს შემდეგი გარემოებების არსებობა:
ა) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ზიანი, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება მეორე მხარისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებით;
ბ) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობით გამოწვეული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ზიანს, რომელიც შესაძლოა მიადგეს იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, ამ ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში;
გ) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება. აღნიშნული ვარაუდი გავლენას არ ახდენს არბიტრაჟის მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
8.4. ამ დებულების 8.2 მუხლის ,,დ” პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების მიმართ 8.3 მუხლის ,,ა”-,,გ” პუნქტების მოთხოვნები გამოიყენება მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებშიც არბიტრაჟი ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს.
8.5. არბიტრაჟი უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, აღნიშნულ უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა.
8.6. მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი ხარჯებისა და ზიანისათვის, რომლებიც გამოწვეულია მის მიერ მოთხოვნილი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებით, თუ არბიტრაჟი შემდგომ დაადგენს, რომ აღნიშნულ გარემოებებში საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მოცემული ღონისძიებები არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. არბიტრაჟი უფლებამოსილია მოითხოვოს ხარჯებისა და ზიანის ანაზღაურება საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.
8.7. არბიტრაჟი უფლებამოსილია, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს, შეცვალოს, შეაჩეროს ან გააუქმოს მის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით ან განსაკუთრებულ შემთხვევებში, მხარეთათვის წინასწარ შეტყობინების შემდეგ, თავისი ინიციატივით. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შეცვლის, შეჩერების ან გაუქმების საკითხს განიხილავს და წყვეტს იგივე ორგანო ან პირი, ვის მიერაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, ხოლო თუ აღნიშნული საკითხი დასმული იქნება დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნიდან დავაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაშინ საკითხს განიხილავს და წყვეტს დავის განმხილველი არბიტრაჟი. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ერთობლივი განცხადებით მომართავენ არბიტრაჟს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შეცვლის, შეჩერების ან გაუქმების შესახებ, მაშინ აღნიშნულზე გადაწყვეტილებას იღებს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე.
8.8. არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარეებს მოსთხოვოს იმ ინფორმაციის დაუყოვნებლივ განცხადება, რომელიც უკავშირდება იმ გარემოებათა არსებით ცვლილებებს, რომელთა საფუძველზედაც მოხდა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების მოთხოვნა ან გამოყენება.
8.9. არბიტრაჟი შუამდგომლობას საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ განიხილავს მოპასუხისათვის შეუტყობინებლად, მისი შეტანიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში.
8.10. სარჩელის უზრუნველყოფის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ არბიტრაჟს გამოაქვს განჩინება (დადგენილება). განჩინებაში (დადგენილებაში) უნდა მიეთითოს, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება (ღონისძიებები) იქნა გამოყენებული, ასევე უნდა მიეთითოს, რომ თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიებები გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რაც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებებით.
8.11. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მიღებულ არბიტრაჟის განჩინებას (დადგენილებას) აქვს სავალდებულო ძალა და უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ, სასამართლოსათვის მისი ცნობა აღსრულების მიზნით მიმართვის გარეშე.
8.12. მხარეს ასევე შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს, არბიტრაჟში მომართვის გარეშე.
8.13 მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, უფლება აქვს არბიტრაჟის განჩინების (დადგენილების) ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში მიმართოს არბიტრაჟს ამ ღონისძიებების გაუქმების მოთხოვნით, თუ დაამტკიცებს, რომ
ა) საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე ქმედუუნარო იყო;
ბ) საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია;
გ) უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია იმ დავაზე, რომელზეც არ არსებობს საარბიტრაჟო შეთანხმება;
დ) დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი;
ე) არბიტრაჟის გადაწყვეტილება უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენის შესახებ არ იქნა შესრულებული.
9.მტკიცებულებები
საარბიტრაჟო განხილვისას მხარეები წარადგენენ მტკიცებულებებს, მათი შუამდგომლობით არბიტრაჟი იწვევს მოწმეებს, სპეციალისტს ან ექსპერტს; ნიშნავს ექსპერტიზას. არბიტრაჟის მიერ მტკიცებულებების გამოთხოვისა და ექსპერტიზის დანიშვნისას გამოიყენება „არბიტრაჟის შესახებ“ სქართველოს კანონის 34-ე და 35-ე მუხლებით დადგენილი წესი.
კარი II. მხარეე