5.1. საარბიტრაჟო წარმოების ხარჯებს შეადგენს არბიტრაჟის ხარჯები და არბიტრაჟის გარეშე ხარჯები.
5.2. არბიტრაჟის ხარჯებს შეადგენს საარბიტრაჟო მოსაკრებელი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
5.3.არბიტრაჟის გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, მტკიცებულებათა უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯები, აგრეთვე, მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
5.4. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია:
ა) სპეციალისტების, ექსპერტებისა და თარჯიმნისათვის გაწეული ხარჯები;
ბ) ადგილზე დათვალიერების ჩატრებასთან დაკავშირებული ხარჯები;
გ) არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები;
დ) ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები.
ე) გზავნილის ჩაბარებისა და საჯარო შეტყობინებისათვის გაწეული ხარჯები;
ვ) სასამართლო წესით მტკიცებულებათა გამოთხოვასთან დაკავშირებული ხარჯები;
ზ)„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული და სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯები, რაც საქმის წარმოებასთან არის დაკავშირებული.
5.5. საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდევინება წარმოებს:
ა) საარბიტრაჟო სარჩელზე;
ბ) შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელზე;
გ) დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნის მქონე მესამე პირის საარბიტრაჟო სარჩელზე;
დ) განცხადებაზე საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ;
ე) საარბიტრაჟო საჩივარზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გადასინჯვის თაობაზე;
ვ) განცხადებაზე უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ და საჩივარზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ;
ზ) განცხადებაზე ან შუამდგომლობაზე სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის დეპონირებისათვის;
თ) განცხადებაზე საპროცესო ვადების აღდგენის თაობაზე.
5.6. საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს გაიღებს დაინტერესებული მხარე. არბიტრაჟი არ არის ვალდებული დავის განხილვასთან ან გადაწყვეტილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით გასწიოს რაიმე ხარჯი.
5.7. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა გამოითვლება დავის საგნის ღირებულებიდან და შეადგენს:
ა) 5000 ლარამდე დავის საგანზე - 350 ლარი;
ბ) 5001-დან 10 000 ლარამდე დავის საგანზე - 450 ლარი;
გ)10 001-დან 100 000 ლარამდე დავის საგანზე - 450 ლარს მიმატებული 10 001 ლარის ზემოთ დავის საგნის ღირებულების 2 %.
დ)100 001-დან 500 000 ლარამდე დავის საგანზე - 3 000 ლარს მიმატებული 100 001 ლარის ზემოთ დავის საგნის ღირებულების 1,8 %.
ე) 500 001-დან 1 000 000 ლარამდე დავის საგანზე - 7 000 ლარს მიმატებული 500 001 ლარის ზემოთ დავის საგნის ღირებულების 1,5 %.
ვ)1 000 001 ლარის ზემოთ დავის საგანზე - 10 000 ლარს მიმატებული დავის საგნის ღირებულების 0,5 %.
5.8. საარბიტრაჟო მოსაკრებელი საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის თაობაზე შეადგენს 150 ლარს.
5.9. კანონიერ ძალაში შესულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებაზე – სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე, საარბიტაჟო მოსაკრებელი შეადგენს 300 (სამას) ლარს.
5.10. საარბიტრაჟო მოსაკრებლის მინიმალური ოდენობაა 350 ლარი, ხოლო მაქსიმალური 30 000 ლარი.
5.11.საარბიტრაჟო მოსაკრებელის ოდენობას არბიტრაჟის თავმჯდომარე განსაზღვრავს საქმის წარმოებაში მიღების დადგენილებით.
5.12.ექსპერტების, სპეციალისტებისა და თარჯიმნების სამუშაოსა და არბიტრაჟში გამოცხადებისათვის საჭირო ხარჯებს იხდის მხარე, რომელმაც იშუამდგომლა ამის თაობაზე, ხოლო საქმის წარმოების სხვა ხარჯები გადაიხდება საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ, რომელიც დაეკისრება საარბიტრაჟო მოპასუხეს მოსარჩელის მოთხოვნით საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
5.13. დავის საგნის ფასს მიუთითებს საარბიტრაჟო მოსარჩელე. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება დავის საგნის ნამდვილ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე. სადავო საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილ იქნა საარბიტრაჟო სარჩელი.
5.14. თუ საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება, საქმის გადაწყვეტისას დადგენილი საარბიტრაჟო სარჩელის ფასის შესაბამისად.
5.15. ექსპერტების, სპეციალისტებისა და თარჯიმნების სამუშაოსა და არბიტრაჟში გამოცხადებისათვის საჭირო ხარჯებს გაიღებს მხარე, რომელმაც იშუამდგომლა ამის თაობაზე.
5.16. მუდმივმოქმედ არბიტრაჟს ცალკეულ შემთხვევებში შეუძლია ნაწილობრივ გაათავისუფლოს მხარე საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდისაგან.
5.17. ერთი მხარის ნაწილობრივ გათავისუფლება საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდისაგან მეორე მხარის საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს.
5.18. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს ცალკეულ შემთხვევებში შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს საარბიტრაჟო წარმოების ხარჯების გადახდა, ან/და შეამციროს მისი ოდენობა, თუ მხარე არბიტრაჟს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
5.19. მოსაკრებლის ოდენობა განახევრდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა თავის საარბიტრაჟო სარჩელზე დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნამდე, ხოლო თუ მოსარჩელემ უარი თქვა საარბიტრაჟო სარჩელზე დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნის შემდეგ, მაშინ საარბიტრაჟო შენატანის ოდენობა შემცირდება 30%-ით (ოცდაათი პროცენტით) და მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს.
5.20. მხარეთა მორიგების შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა შემცირდება 50%-ით (ორმოცდაათი პროცენტით), რაც, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უკან დაუბრუნდება საარბიტრაჟო მოსარჩელეს.
5.21. სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მოსარჩელეს დაუბრუნდება საქმის განხილვისათვის გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 50% (ორმოცდაათი პროცენტი).
5.22. ამ მუხლის 5.19-5.21 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში, არბიტრაჟის დარჩენილი მოსაკრებელი არ შეიძლება იყოს 175 ლარზე ნაკლები.
5.23. არბიტრაჟის ხარჯები (საარბიტრაჟო მოსაკრებელი და დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), დებულებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საარბიტრაჟო მოქმედების შესრულება მოითხოვა. თუ ასეთი მოქმედების შესრულება არბიტრაჟის ინიციატივით ხდება, მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბარწილად.
5.24. თუ საარბიტრაჟო სარჩელზე უარის თქმა, საარბიტრაჟო სარჩელის ცნობა ან მხარეთა მორიგება სადავო საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, მაშინ საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის განხილვით გამოწვეული ხარჯებით.
5.25. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, იმ მხარის მიერ გაღებული საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების გადახდას, რომლის სასარგებლოდაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, არბიტრაჟი აკისრებს მეორე მხარეს მხოლოდ მოგებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე. თუ საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ საარბიტრაჟო მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც არბიტრაჟის გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც საარბიტრაჟო მოსარჩელეს უარი ეთქვა.
5.26. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელემ უარი თქვა საარბიტრაჟო სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ საარბიტრაჟო მოსარჩელემ უარი თქვა საარბიტრაჟო სარჩელზე იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ საარბიტრაჟო მოსარჩელის თხოვნით არბიტრაჟი მოპასუხეს დააკისრებს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების ანაზღაურებას.
5.27. თუ მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებით ან მორიგების დროს თვითონ გაითვალისწინეს საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების ურთიერთგანაწილების წესი, არბიტრაჟი ამ საკითხს წყვეტს მათი შეთანხმების შესაბამისა