1. მხარეებს და საქმეში მონაწილე სხვა პირებს, წინასწარ, გონივრულ ვადაში უნდა ჩაბარდეთ წერილობითი შეტყობინება არბიტრაჟის ყოველი სხდომისა და მოსმენის ჩატარების შესახებ. წერილობითი შეტყობინება მიღებულად ითვლება, თუ ის ადრესატს ჩაბარდა პირადად ან თავის იურიდიულ (საცხოვრებელ) მისამართზე მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, უკანასკნელ სამუშაო ადგილას ან ელექტრონულ მისამართზე. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ, საცხოვრებელ, სამუშაო ადგილის ან ელექტრონულ მისამართზე, დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას. შეტყობინება ადრესატს შესაძლებელია ჩაბარდეს ასევე არბიტრაჟის სამუშაო ადგილზე.
2. საარბიტრაჟო უწყებით არბიტრაჟში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს და თარჯიმნებს.
3. ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი შეტყობინების ჩაბარება დასტურდება:
ა) ტელეფონის შემთხვევაში – სატელეფონო საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი წერილობითი აქტით;
ბ) ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი წერილობითი აქტით;
გ) დეპეშით დაბარების შემთხვევაში – უწყების ჩაბარება დასტურდება დეპეშის ჩაბარების შესახებ მიღებული შეტყობინებით.
4. თუ შეტყობინების ჩამბარებელმა ადრესატი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი შეტყობინებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ შეტყობინება ბარდება სამუშაო ადგილის მისამართზე – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი საქმეში მონაწილეობენ როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. შეტყობინების ჩაბარება ამ პუნქტით გათვალისწინებული პირისათვის, ჩაითვლება შეტყობინების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება შეტყობინების მეორე ეგზემპლარზე ან კურიერის (ფოსტის) სპეციალურ ბლანკზე მიმღების ხელმოწერით.
5. თუ პირველად გაგზავნისას ვერ ხერხდება შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება, მისი გაგზავნა უნდა განხორციელდეს ხელმეორედ იმავე ან არბიტრაჟისათვის ცნობილ ადრესატის სხვა მისამართზე. ხელმეორედ შეტყობინების გაგზავნა არ არის აუცილებელი იმ შემთხვევაში, თუ პირველად შეტყობინების გაგზავნის შედეგად დადგენილ იქნა, რომ ადრესატი არ ცხოვრობს ან არ მუშაობს იმ მისამართზე, რომელზეც გაგზავნილ იქნა შეტყობინება და ადრესატის სხვა მისამართის შესახებ არბიტრაჟისათვის უცნობია. ასეთ შემთხვევაში შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი ადრესატის უკანასკნელ ცნობილ მისამართზე ჩაბარების მცდელობის დღეს.
6. წერილობითი შეტყობინება არბიტრაჟის სხდომისა და მოსმენის ჩატარების შესახებ ასევე შეიძლება ჩაბარდეს მხარის წარმომადგენელს. ასეთ შემთხვევაში შეტყობინება ითვლება მხარისათვის ჩაბარებულად და წარმომადგენელი ვალდებულია შეტყობინების ჩაბარების შესახებ თავად აცნობოს მას.
7. თუ ადრესატმა ან ამ მუხლით გათვალისწინებულმა სუბიექტმა უარი განაცხადა წერილობითი შეტყობინების მიღებაზე, ამის შესახებ შეტყობინების მიმტანი აკეთებს სათანადო აღნიშვნას და უბრუნებს არბიტრაჟს. ასეთ შემთხვევაში წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ადრესატისათვის ჩაბარების მცდელობის დღეს და არბიტრაჟს შეუძლია განიხილოს საქმე.
8. თუ საქმის წარმოება არბიტრაჟში მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, წერილობითი შეტყობინება არბიტრაჟის სხდომისა და მოსმენის ჩატარების შესახებ შეიძლება ჩაბარდეს მას. იგი ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეებს. წერილობითი შეტყობინების ჩაბარება იმ თანამონაწილისათვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს შეტყობინების ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის.
9. მხარეები და მათი წარმომადგენლები ვალდებულნი არიან აცნობონ არბიტრაჟს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის (მათ შორის, ტელეფონის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის) შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობების უქონლობის შემთხვევაში შეტყობინება გაიგზავნება არბიტრაჟისათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ იმყოფებოდეს.
10. თუ საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა მხარე, რომელიც გაფრთხილებული იყო ამ მუხლით დადგენილი წესით და არბიტრაჟისათვის არ უცნობებია გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ, ასევე არ წარუდგენია თავისი პოზიცია და მტკიცებულებები, არბიტრაჟს შეუძლია განიხილოს დავა და გამოიტანოს გადაწყვეტილება მის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, თუ მეორე მხარე არ მოითხოვს საქმის განხილვის გადადებას.
11. საარბიტრაჟო შეტყობინება და საქმის მასალები ჩაბარებულად ითვლება, თუ ისინი ჩაბარებულ იქნა წინამდებარე დებულების მე-8 მუხლით დადგენილი წესების შესაბამისად.
12. საარბიტრაჟო შეტყობინებასთან ერთად მოპასუხეს ეგზავნება საარბიტრაჟო სარჩელი თანდართულ საბუთების ასლებთან ერთად (გზავნილი). შეტყობინებაში მიეთითება საარბიტრაჟო პალატის დებულების ინტერნეტში საჯაროდ გამოქვეყნების ელექტრონული მისამართი. მხარის მოთხოვნის საფუძველზე, მას გადაეცემა დებულების ბეჭდური ვერსია.
13. საარბიტრაჟო შეტყობინების და გზავნილის სანიმუშო ფორმას და შინაარსს ადგენს საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე. საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე უფლებამოსილია, კონკრეტული საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, შეცვალოს გზავნილის შინაარსი.
14. თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, მხარეს ეგზავნება საარბიტრაჟო პალატაში მეორე მხარისაგან შემოსული ყოველი განცხადების, დოკუმენტის, თხოვნის, ინფორმაციის ასლი, მიღებიდან 5 დღის ვადაშ