1. საარბიტრაჟო პალატა თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მხარეთა შორის წამოჭრილ კერძო ხასიათის ქონებრივ დავებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით დადგენილი წესით.
2. არბიტრაჟი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საარბიტრაჟო შეთანხმებით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონითა და წინამდებარე დებულებით.
3. საარბიტრაჟო პალატა ხელმძღვანელობს დებულების იმ რედაქციით, რომელიც მოქმედებს საარბიტრაჟო სარჩელის შეტანის დროს.
4. საარბიტრაჟო პალატაში მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას საარბიტრაჟო სარჩელის შეტანის გზით, ამ დებულებისა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
5. საარბიტრაჟო საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შორის თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტი უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტი.
6. დავის სწრაფად და ობიექტურად გადაწყვეტის ინტერესებიდან გამომდინარე, საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე (არბიტრაჟი) უფლებამოსილია განახორციელოს კანონითა და დებულებით აუკრძალავი ან პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი საპროცესო მოქმედება. არბიტრაჟი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმის განხილვის პროცედურებით. დებულებით გაუთვალისწინებელი საკითხის გადაწყვეტისას არბიტრაჟი ხელმძღვანელობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი დებულებებით, ანალოგიის წესით.
7. თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, არბიტრაჟი იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი კანონიც არ არსებობს, არბიტრაჟი ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).
8. საქმის გარემოებათა გასარკვევად არბიტრაჟს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
9. არბიტრაჟის წევრი ვალდებულია დაიცვას საარბიტრაჟო განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა, თუ საქართველოს კანონმდებლობიდან ანდა მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
10. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება თავისი კომპეტენციის შესახებ, საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის თუ ნამდვილობის დადგენის ჩათვლით და ამ საკითხის განხილვისას არბიტრაჟი ხელმძღვანელობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით, მხარეთა შეთანხმებით და წინამდებარე დებულებით.
11. მხარეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ დროს საქმე დაამთავრონ მორიგებით. საარბიტრაჟო მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას საარბიტრაჟო სარჩელზე, ხოლო მეორე მხარეს – ცნოს საარბიტრაჟო სარჩელი.
12. არბიტრაჟს გადაწყვეტილება გამოაქვს საარბიტრაჟო პალატის სახელით.
13. კანონიერ ძალაში შესული არბიტრაჟის გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად.
14. ერთ-ერთი მხარის გარდაცვალება ან ლიკვიდაცია არ იწვევს საარბიტრაჟო შეთანხმების გაუქმებას ან უკვე დანიშნული არბიტრების შეცვლას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
15. არბიტრაჟი 25 000 ლარამდე ღირებულების დავის საგნის არსებობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
16. საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარეს (არბიტრს), საჭიროებიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს განხილვის ფორმა და მიიღოს გადაწყვეტილება საქმის ზეპირი მოსმენის შესახებ, რის თაობაზეც მხარეებს უნდა გაეგზავნოთ შესაბამისი შეტყობინება.
17. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი, განსახილველი საქმის სირთულის გათვალისწინებით, გამონაკლის შემთხვევებში, საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის ფორმის თაობაზე (ზეპირი მოსმენით, ან ზეპირი მოსმენის გარეშე) მიუხედავად დავის საგნის ღირებულებისა.
18.მხარე/საარბიტრაჟო პალატა უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებშ