1.    საარბიტრაჟო განხილვის ხარჯებს შეადგენს არბიტრაჟის ხარჯები და არბიტრაჟის გარეშე ხარჯები.

2.    არბიტრაჟის ხარჯებს შეადგენს საარბიტრაჟო მოსაკრებელი და დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

3. არბიტრაჟის გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, მტკიცებულებათა მოპოვებისთვის გაწეული ხარჯები, ადგილობრივ დათვალიერებაზე გაწეული ხარჯები, ექსპერტიზის ჩასატარებლად გაწეული ხარჯები, მოწმეების, მგზავრობის, საცხოვრებელი სადგომის დაქირავებისთვის გაწეული ხარჯები, ექპერტების სპეციალისტების, თარჯიმნების მომსახურებისთვის გაწეული ხარჯები, საარბიტრაჟო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვის ადგილზე დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები,  აგრეთვე, მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

4.    საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს გაიღებს დაინტერესებული მხარე. არბიტრაჟი არ არის ვალდებული დავის განხილვასა ან თავისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით გაწიოს რაიმე ხარჯი.

5.    საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდევინება წარმოებს:

ა)   საარბიტრაჟო სარჩელზე;

ბ)  შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელზე;

გ)  დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნის მქონე მესამე პირის საარბიტრაჟო სარჩელზე;

დ) განცხადებაზე საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ;

ე) განცხადებაზე უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ და საჩივარზე გამოყენებული   უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ;

6     საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა გამოითვლება დავის საგნის ღირებულებიდან და შეადგენს მის 3%–ს.

7. ამ დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებებზე საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 150 ლარს.

8. საარბიტრაჟო მოსაკრებლის მინიმალური ოდენობაა 500 ლარი, ხოლო მაქსიმალური 30000 ლარი.

9 დავის საგნის ფასს მიუთითებს საარბიტრაჟო მოსარჩელე. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება დავის საგნის ნამდვილ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე.

10 სადავო საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილ იქნა საარბიტრაჟო სარჩელი.

11.  თუ საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება, საქმის გადაწყვეტისას დადგენილი საარბიტრაჟო სარჩელის ფასის შესაბამისად.

12. თუ ერთ საარბიტრაჟო სარჩელში სხვადასხვა ვალდებულებებიდან (ხელშეკრულებიდან) გამომდინარეობს სხვადასხვა მოთხოვნა, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება თითოეული მოთხოვნისათვის ცალ-ცალკე.

13.  ექსპერტების, სპეციალისტებისა და თარჯიმნების სამუშაოსა და არბიტრაჟში გამოცხადებისათვის საჭირო ხარჯებს გაიღებს მხარე, რომელმაც იშუამდგომლა ამის თაობაზე.

14.  საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარეს ცალკეულ შემთხვევებში შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს ან გაუნაწილვადოს არბიტრაჟის ხარჯების გადახდა, ანდა შეამციროს მისი ოდენობა.

15. ერთი მხარის ნაწილობრივ გათავისუფლება საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდისაგან, მეორე მხარის საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს.

16.  მოსაკრებლის ოდენობა განახევრდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა თავის საარბიტრაჟო სარჩელზე დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნამდე (არბიტრის დანიშვნამდე), ხოლო თუ მოსარჩელემ უარი თქვა საარბიტრაჟო სარჩელზე დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნის (არბიტრის დანიშვნის) შემდეგ, მაშინ საარბიტრაჟო შენატანის ოდენობა შემცირდება 30%-ით (ოცდაათი პროცენტით) და მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს.

17.  მხარეთა მორიგების შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა შემცირდება 25%-ით (ოცდახუთი პროცენტით), რაც წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უკან დაუბრუნდება საარბიტრაჟო მოსარჩელეს.

18. სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მოსარჩელეს დაუბრუნდება საქმის განხილვისათვის გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 50% (ორმოცდაათი პროცენტი).

19. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე საარბიტრაჟო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, მოსარჩელეს უბრუნდება საარბიტრაჟო მოსაკრებლის 50%.

20. ამ მუხლის მე–17 - მე–19 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში არბიტრაჟის დარჩენილი მოსაკრებელი არ შეიძლება იყოს 100 ლარზე ნაკლები.

21.  თუ საარბიტრაჟო სარჩელზე უარის თქმა, საარბიტრაჟო სარჩელის ცნობა ან მხარეთა მორიგება სადავო საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, მაშინ საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის განხილვით გამოწვეული ხარჯებით.

22.  არბიტრაჟის ხარჯები (საარბიტრაჟო მოსაკრებელი და დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), დებულებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საარბიტრაჟო მოქმედების შესრულება მოითხოვა. თუ ასეთი მოქმედების შესრულება არბიტრაჟის ინიციატივით ხდება, მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბარწილად.

23.  თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, იმ მხარის მიერ გაღებული საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების გადახდას, რომლის სასარგებლოდაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, არბიტრაჟი აკისრებს მეორე მხარეს მხოლოდ მოგებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე. თუ საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ საარბიტრაჟო მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც არბიტრაჟის გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც საარბიტრაჟო მოსარჩელეს უარი ეთქვა.

24. მხარის მიერ წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების საკითხს დაინტერესებული მხარის შუამდგომლობით გადაწყვეტს არბიტრაჟი (არბიტრი).

25.  თუ საარბიტრაჟო მოსარჩელემ უარი თქვა საარბიტრაჟო სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ საარბიტრაჟო მოსარჩელემ უარი თქვა საარბიტრაჟო სარჩელზე იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ საარბიტრაჟო მოსარჩელის თხოვნით არბიტრაჟი მოპასუხეს დააკისრებს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების ანაზღაურებას.

26.  თუ მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებით ან მორიგების დროს თვითონ გაითვალისწინეს საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების ურთიერთგანაწილების წესი, არბიტრაჟი ამ საკითხს წყვეტს მათი შეთანხმების შესაბამისა