7.1. არბიტრაჟი, არბიტრი ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე საარბიტრაჟო უწყებით (წერილობითი შეტყობინებით) აცნობებს მხარეს არბიტრაჟის სხდომის ან ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების დროსა და ადგილს.
7.2. საარბიტრაჟო უწყებით არბიტრაჟში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს და თარჯიმნებს.
7.3. მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, დეპეშით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს არბიტრაჟის შესაბამისი თანამშრომელი.
7.4. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება, თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას.
7.5. საარბიტრაჟო შეტყობინება და საქმის მასალები ჩაბარებულად ითვლება, თუ ისინი ჩაბარებულ იქნა დებულების მე-7 მუხლით დადგენილი წესების შესაბამისად.
7.6. საარბიტრაჟო შეტყობინებასთან ერთად მოპასუხეს ეგზავნება საარბიტრაჟო სარჩელი თანდართულ საბუთების ასლებთან ერთად, გზავნილი. შეტყობინებაში მიეთითება მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულების ინტერნეტში საჯაროდ გამოქვეყნების ელექტრონული მისამართი. მხარის მოთხოვნის საფუძველზე, მას გადაეცემა დებულების ბეჭდური ვერსია.
7.7. საარბიტრაჟო შეტყობინების და გზავნილის სანიმუშო ფორმას და შინაარსს ადგენს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე უფლებამოსილია, კონკრეტული საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, შეცვალოს გზავნილის შინაარსი.
7.8. თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, მხარეს ეგზავნება არბიტრაჟში (მუდმივმოქმედ არბიტრაჟში) მეორე მხარისაგან შემოსული ყოველი განცხადების, დოკუმენტის, თხოვნის, ინფორმაციის ასლი მიღებიდან 5 დღის ვადაში.
7.9. საარბიტრაჟო უწყება იგზავნება ფოსტით ან დამტარებლის მეშვეობით. ადრესატისთვის უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც არბიტრაჟს უნდა დაუბრუნდეს.
7.10. არბიტრაჟის თავმჯდომარეს, ხოლო თუ არბიტრაჟი არ არის დანიშნული სრული შემადგენლობით ან ჯერ არ არის არჩეული არბიტრაჟის თავმჯდომარე, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს, შეუძლია მხარის თანხმობით ხელზე მისცეს მას უწყება შესატყობინებელი ან გამოსაძახებელი პირისათვის ჩასაბარებლად. პირი, რომელსაც დაევალა უწყების მიტანა, ვალდებულია უკან დააბრუნოს მისი მეორე ცალი უწყების მიღებაზე ადრესატის ხელმოწერით.
7.11. მოქალაქეს უწყება უნდა ჩაჰბარდეს პირადად, უწყების მეორე ეგზემპლარზე მისი ხელმოწერით, ხოლო ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს სათანადო თანამდებობის პირს, რომელიც ასევე ხელს აწერს უწყების მეორე ეგზემპლარს.
7.12. თუ უწყების მიმტანმა პირმა ადრესატი ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე ,უწყება უნდა ჩაჰბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ ისინიც არ იმყოფებიან ადგილზე, – იმავე სახლში მცხოვრებ სახლის მფლობელს, დამქირავებელს, სოლიდარულ თანამოპასუხეს, რომლებიც თანახმა იქნებიან გადასცენ უწყება ადრესატს. უწყების მიმღები პირი ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი გვარი, სახელი, აგრეთვე ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები პირი ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს.
7.13. თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც უბრუნდება არბიტრაჟს. ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება და არბიტრაჟს შეუძლია განიხილოს დავა.
7.14. მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ არბიტრაჟს საარბიტრაჟო წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება არბიტრაჟისათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
7.15. თუ საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილეობის უფლება მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, უწყება ჩაჰბარდება მას, რომელიც ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეებს. უწყების ჩაბარება იმ თანამონაწილისათვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს უწყების ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის.
7.16. თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი დაუდგენელია, ამ დებულების 7.4 მუხლის ბოლო წინადადებით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელების გარდა არბიტრაჟი უფლებამოსილია წერილობითი შეტყობინება ჩააბაროს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს ან/და განახორციელოს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით, რის შესახებაც არბიტრაჟს გამოაქვს განკარგულება. საარბიტრაჟო უწყება მოპასუხისათვის ჩაბარებულად ითვლება ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოსათვის მისი გადაცემიდან ან/და პუბლიკაციიდან 14 დღის ვადაში
შპს "თბილისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი"-ის დებულება · რედაქცია 11.07.2011
მუხლი 7. საარბიტრაჟო შეტყობინება და დაბარება
მთავარი მონაცემები
- ვადა 5 დღის ვადაში
- ვადა 14 დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება
- მუხლი 2. ზოგადი დებულებები
- მუხლი 3. საარბიტრაჟო შეთანხმება, არბიტრაჟის კომპეტენცია
- მუხლი 4. არბიტრაჟის შემადგენლობა, აცილება
- მუხლი 5. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები, დავის საგნის ღირებულება
- მუხლი 6. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადები
- მუხლი 8. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
- მუხლი 9. მხარეთა საარბიტრაჟო-საპროცესო ქმედუნარიანობა
- მუხლი 10. საარბიტრაჟო განხილვის დაწყება და საარბიტრაჟო სარჩელი
- მუხლი 11. საარბიტრაჟო განხილვის ფორმა და მხარეთა გამოუცხადებლობა
- მუხლი 12. საარბიტრაჟო განხილვა
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს "თბილისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი"-ის დებულება“, მუხლი 7, №0, 11.07.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1401749/muxli-7/