8.1. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს არბიტრაჟს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საარბიტრაჟო შეთანხმებას.
8.2. მხარის მიმართვის საფუძველზე, გონივრულ ვადაში, არბიტრაჟი, ხოლო თუ დავის განმხილველი არბიტრაჟი შექმნილი არ არის, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, წერილობითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ავალებს მხარეს:
ა) საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე პირვანდელი მდგომარეობის შენარჩუნებას ან აღდგენას;
ბ) ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც უკავშირდება მეორე მხარისთვის ან თვით საარბიტრაჟო წარმოებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;
გ) ღონისძიებების განხორციელებას იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებიდანაც აღსრულდება შემდგომი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება;
დ) მტკიცებულებების შენახვასა და შენარჩუნებას, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს საარბიტრაჟო დავასა და მის გადაწყვეტას.
8.3. მხარემ, რომელიც შუამდგომლობით მიმართავს არბიტრაჟს საარბიტრაჟო სარჩელის ამ დებულების 8.2 მუხლის ,,ა”-,,გ” პუნქტებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ უნდა დაასაბუთოს შემდეგი გარემოებების არსებობა:
ა) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ზიანი, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება მეორე მხარისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებით;
ბ) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობით გამოწვეული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ზიანს, რომელიც შესაძლოა მიადგეს იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, ამ ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში;
გ) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება. აღნიშნული ვარაუდი გავლენას არ ახდენს არბიტრაჟის მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
8.4. ამ დებულების 8.2 მუხლის ,,დ” პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების მიმართ 8.3 მუხლის ,,ა”-,,გ” პუნქტების მოთხოვნები გამოიყენება მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებშიც არბიტრაჟი ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს.
8.5. არბიტრაჟი უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, აღნიშნულ უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა.
8.6. მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი ხარჯებისა და ზიანისათვის, რომლებიც გამოწვეულია მის მიერ მოთხოვნილი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებით, თუ არბიტრაჟი შემდგომ დაადგენს, რომ აღნიშნულ გარემოებებში საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მოცემული ღონისძიებები არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. არბიტრაჟი უფლებამოსილია მოითხოვოს ხარჯებისა და ზიანის ანაზღაურება საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.
8.7. არბიტრაჟი უფლებამოსილია, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს, შეცვალოს, შეაჩეროს, ან გააუქმოს მის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით ან განსაკუთრებულ შემთხვევებში, მხარეთათვის წინასწარ შეტყობინების შემდეგ, თავისი ინიციატივით. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შეცვლის, შეჩერების ან გაუქმების საკითხს განიხილავს და წყვეტს იგივე ორგანო ან პირი, ვის მიერაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, ხოლო თუ აღნიშნული საკითხი დასმული იქნება დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნიდან დავაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაშინ საკითხს განიხილავს და წყვეტს დავის განმხილველი არბიტრაჟი. იმ შემთხვევაში თუ, მხარეები ერთობლივი განცხადებით მომართავენ არბიტრაჟს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შეცვლის, შეჩერების ან გაუქმების შესახებ, მაშინ აღნიშნულზე გადაწყვეტილებას იღებს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე.
8.8. არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარეებს მოსთხოვოს იმ ინფორმაციის დაუყოვნებლივ განცხადება, რომელიც უკავშირდება იმ გარემოებათა არსებით ცვლილებებს, რომელთა საფუძველზედაც მოხდა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების მოთხოვნა ან გამოყენება.
8.9. არბიტრაჟი შუამდგომლობას საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ განიხილავს მოპასუხისათვის შეუტყობინებლად, მისი შეტანიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში.
8.10. სარჩელის უზრუნველყოფის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ არბიტრაჟს გამოაქვს განჩინება (დადგენილება). განჩინებაში (დადგენილებაში) უნდა მიეთითოს, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება (ღონისძიებები) იქნა გამოყენებული, ასევე უნდა მიეთითოს, რომ თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიებები გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რაც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებებით.
8.11. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მიღებულ არბიტრაჟის განჩინებას (დადგენილებას) აქვს სავალდებულო ძალა და უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ, სასამართლოსათვის მისი ცნობა აღსრულების მიმართვის გარეშე.
8.12. მხარეს ასევე შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს, არბიტრაჟში მომართვის გარეშე
შპს "თბილისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი"-ის დებულება · რედაქცია 11.07.2011
მუხლი 8. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
მთავარი მონაცემები
- ვადა 5 დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ზოგადი დებულებები
- მუხლი 3. საარბიტრაჟო შეთანხმება, არბიტრაჟის კომპეტენცია
- მუხლი 4. არბიტრაჟის შემადგენლობა, აცილება
- მუხლი 5. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები, დავის საგნის ღირებულება
- მუხლი 6. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადები
- მუხლი 7. საარბიტრაჟო შეტყობინება და დაბარება
- მუხლი 9. მხარეთა საარბიტრაჟო-საპროცესო ქმედუნარიანობა
- მუხლი 10. საარბიტრაჟო განხილვის დაწყება და საარბიტრაჟო სარჩელი
- მუხლი 11. საარბიტრაჟო განხილვის ფორმა და მხარეთა გამოუცხადებლობა
- მუხლი 12. საარბიტრაჟო განხილვა
- მუხლი 13. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს "თბილისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი"-ის დებულება“, მუხლი 8, №0, 11.07.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1401749/muxli-8/