შ.პ.ს. ,,აჭარინვეტის“ გაკოტრების მმართველის დიმიტრი ბლიაძის განთავისუფლების და გაკოტრების მმართველად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შ.პ.ს. ,,აჭარინვეტის“ გაკოტრების მმართველის დიმიტრი ბლიაძის განთავისუფლების და გაკოტრების მმართველად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის თაობაზე
საქართველოს სახელით
შპს ,,აჭარინვეტის“ გაკოტრების მმართველის დიმიტრი ბლიაძის გათავისუფლების და გაკოტრების მმართველად სსიპ – აღსრულების ეროვნული
ბიუროს დანიშვნის თაობაზე
2012 წლის 25 იანვარი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გოჩა აბუსერიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,აჭარინვეტის“ გაკოტრების მმართველის დიმიტრი ბლიაძის განთავისუფლების და გაკოტრების მმართველად სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2011 წლის 26 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემოსულ იქნა შპს ,,აჭარინვესტის“ დირექტორის ვასილ ძოწენიძის განცხადება და თანდართული მასალები საზოგადოების გადახდისუუნარობისა და ვადამოსული გადახდის ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის მოტივით გაკოტრების საქმის გახსნის შესახებ, რაც 2011 წლის 10 თებერვალს მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში.
2011 წლის 25 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, შპს ,,აჭარინვესტის“ მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველის თანამდებობაზე დაინიშნა დიმიტრი ბლიაძე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ 2011 წლის 28 დეკემბერს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი ,,საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ძალაში შევიდა 2012 წლის 17 იანვარს), რომლითაც ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ იქნა ცვლილებები.
დასახელებული კანონის მეოთხე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნული მეურვე/გაკოტრების მმართველი დავალდებულდა 2012 წლის 1 თებერვლამდე გადასცეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მის წარმოებაში არსებული გადახდისუუნარობის საქმეები, რომლებზედაც სასამართლომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება 2011 წლის 1 აგვისტომდე მიიღო. ამავე ნორმის მიხედვით, აღნიშნული საქმეების წარმოებას აღსრულების ეროვნული ბიურო გააგრძელებს ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილი წესით.
ამავე კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქმეებზე ჩატარებულ აუქციონში არ არის გამოვლენილი გამარჯვებული პირი ან ქონება არ არის გადაცემული ნატურით, აღსრულების ეროვნული ბიურო აღნიშნული საქმეების წარმოებაში მიღების შემდეგ ქონებაზე აუქციონს ატარებს ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილი წესით. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქმეებზე საფასური განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
იმის გათვალისწინებით, რომ შ.პ.ს. ,,აჭარინვესტის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება გახსნილ იქნა 2011 წლის 1 აგვისტომდე, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელების უზრუნველსაყოფად გაკოტრების მმართველმა დიმიტრი ბლიაძემ გადახდისუუნარობის საქმის მასალები უნდა გადასცეს ახალ გაკოტრების მმართველს სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ამასთან იგი უნდა გათავისუფლდეს შპს ,,აჭარინვესტის“ გაკოტრების მმართველის თანამდებობიდან.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 551 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილებები გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყების, შეწყვეტის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მეურვის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის (ასევე მათი ცვლილების), რეაბილიტაციის საქმის წარმოების დასრულების და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველზე, იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ რეგისტრირდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოება დაწყებულად, შეწყვეტილად, მეურვის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის უფლებამოსილება (ასევე მათი ცვლილება) წარმოშობილად, რეაბილიტაციის საქმის წარმოება დასრულებულად და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველზე იურიდიული პირის რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება მხოლოდ შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-7, მე-8, 27-ე, 37-ე, 39-ე, მე-40, 551 მუხლებით, 2011 წლის 28 დეკემბერის №5668−რს საქართველოს კანონის მე-4 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,აჭარინვესტის“ (ს/კ 206253604) გაკოტრების მმართველის თანამდებობიდან გათავისუფლდეს დიმიტრი ბლიაძე და შპს ,,აჭარინვესტის“ გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. დაევალოს სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს შპს ,,აჭარინვესტის“ გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით განახორციელოს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით და 2011 წლის 28 დეკემბერის №5668−რს საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოქმედებები.
4. შპს ,,აჭარინვესტის“ გაკოტრების მმართველად სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
5. დაევალოს დიმიტრი ბლიაძეს 2012 წლის 1 თებერვლამდე აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადასცეს მის წარმოებაში არსებული გადახდისუუნარობის საქმე.
6. განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს, შესასრულებლად სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს.
7. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.
8. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე გ. აბუსერიძე