გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.05.2003 ძალადაკარგული 11.03.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2294
სარეგისტრაციო კოდი
240.090.000.05.001.001.283
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 14, 03/06/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის, მისი მოქმედების შეჩერებისა და განახლების, მისი გაუქმების წესებს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზია – საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, განუსაზღვრელი ვადით განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა გეოლოგიის სფეროში „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი პირობების დაცვით;

ბ) გეოლოგიური საქმიანობის სალიცენზიო პირობები – „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად, აგრეთვე წესების, სტანდარტებისა და მოთხოვნების ერთობლიობა, რომელთა დაცვაც კანონით მოეთხოვება ლიცენზიის მფლობელს სამეწარმეო გეოლოგიური საქმიანობის განხორციელებისას ლიცენზიით განსაზღვრული გეოლოგიური საქმიანობის სახეობებზე;

გ) გეოლოგიური საქმიანობა – გეოლოგიის სფეროში სამეწარმეო საქმიანობის მიზნით განხორციელებული რეგიონული გეოლოგიური, გეოლოგიურ-აგეგმვითი, გეოფიზიკური, გეოქიმიური, ჰიდროგეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური, გეოეკოლოგიური, ლითოლოგიური, ვულკანოლოგიური, სტრატიგრაფიული, პალეონტოლოგიური, ტექტონიკური, მეტალოგენიური, მინერალოგიური და გეომორფოლოგიური საქმიანობა, აერო და კოსმო მასალების გეოლოგიური დეშიფრირება და ყველა სახის სასარგებლო წიაღისეულის საბადოების ძებნა-ძიებაზე ორიენტირებული საქმიანობა.

2. ამ კანონში გამოყენებული ტერმინები: „სალიცენზიო მოწმობა“, „ლიცენზიის მაძიებელი“, „სალიცენზიო რეესტრი“, „ლიცენზიის მფლობელი“, „სალიცენზიო მოსაკრებელი“, „ლიცენზიის მოქმედების შეჩერება“, „პირი“ გამოიყენება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობებით.

    მუხლი 3. ამ კანონით გაუთვალისწინებელ გეოლოგიურ საქმიანობაზე ლიცენზიის შემოღების დაუშვებლობა

დაუშვებელია სამეწარმეო გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის შემოღება ამ კანონით გაუთვალისწინებელი გეოლოგიური საქმიანობის სახეებზე.

თავი II

გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზირება

    მუხლი 4. გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზირება

1. საქართველოს წიაღის გეოლოგიური შესწავლის მიზნით განხორციელებული, ამ კანონით გათვალისწინებული ყველა სახის გეოლოგიური საქმიანობა, ლიცენზირებას ექვემდებარება.

2. გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზია წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე გეოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების ერთადერთ დამადასტურებელ დოკუმენტს.

3. გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაიცეს ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნზე, რომელიც არ არის იურიდიული პირი.

4. გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია.

5. საქართველოში გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიას გასცემს საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

6. გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზია ამოქმედდება ლიცენზიის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული აქტის ძალაში შესვლის დღიდან.

7. დეპარტამენტის, როგორც ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

    მუხლი 5. გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის სახეები

1. გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზია გაიცემა გეოლოგიური საქმიანობის შემდეგ სახეებზე:

ა) რეგიონული გეოლოგიური სამუშაოები და გეოლოგიური აგეგმვა;

ბ) ლითონური სასარგებლო წიაღისეულის საბადოების ძებნა-ძიება;

გ) არალითონური სასარგებლო წიაღისეულის საბადოების ძებნა-ძიება;

დ) მყარი საწვავი წიაღისეულის საბადოების ძებნა-ძიება;

ე) ჰიდროგეოლოგიური სამუშაოები;

ვ) საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები;

ზ) გეოფიზიკური სამუშაოები;

თ) გეოქიმიური სამუშაოები;

ი) გეოეკოლოგიური სამუშაოები.

2. გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა შეიძლება შეიტანოს განაცხადი ერთი ან მეტი სახეობის გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.

    მუხლი 6. გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია და სალიცენზიო პირობები

1. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად დეპარტამენტს წარუდგენს წერილობით განცხადებას, რომელიც „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გარდა უნდა შეიცავდეს:

ა) მონაცემებს ლიცენზიის მაძიებელ სუბიექტში დასაქმებული კვალიფიციური სპეციალისტების შესახებ;

ბ) ინფორმაციას გეოლოგიური საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ტექნიკური საშუალებების ფლობის შესახებ.

2. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის საბუთი;

ბ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადებაში მითითებული გეოლოგიური საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ტექნიკურ საშუალებათა ჩამონათვალი, ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის სახეებისათვის;

გ) განცხადებაში მითითებული სპეციალისტების კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი, შრომის წიგნაკიდან ამონაწერი) ასლი.

3. გეოლოგიური საქმიანობის განხორციელებისას, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გეოლოგიური საქმიანობის წარმოების წესები, სტანდარტები და მოთხოვნები.

4. „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დეპარტამენტს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები ცვლილებების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელს უნდა გააჩნდეს განცხადებაში მითითებული გეოლოგიური საქმიანობის სახეობების სამუშაოების საწარმოებლად საჭირო ტექნიკური ბაზა და შესაბამისი კვალიფიკაცია, რაც გულისხმობს საწარმოში არანაკლებ ორი წლის სამუშაო სტაჟის მქონე სპეციალისტის არსებობას (ფიზიკური პირის შემთხვევაში იგულისხმება მისი პირადი კვალიფიკაცია).

6. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდისა და ლიცენზიის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.

    მუხლი 7. გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესი

1. გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესი განისაზღვრება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით.

2. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, აწარმოოს გეოლოგიური სამუშაოები სალიცენზიო მოწმობაში მითითებულ სალიცენზიო პირობებთან და ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტთან შესაბამისობაში.

3. დეპარტამენტი, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ლიცენზიის მაძიებლის მიერ, ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი ინფორმაციის ამ კანონის მე-6 მუხლით დადგენილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის ადგილზე შემოწმების შემდეგ.

    მუხლი 8. სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლი

1. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს დეპარტამენტი.

2. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.

3. დეპარტამენტი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს კონტროლის ღონისძიებათა რეესტრს.

    მუხლი 9. გეოლოგიური საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმა

1. გეოლოგიური საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმა მტკიცდება დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით.

2. სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, დუბლიკატის გაცემის წესი განისაზღვრება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით.

    მუხლი 10. გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

1. გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები განისაზღვრება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად.

2. დეპარტამენტის გადაწყვეტილება გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

    მუხლი 11. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება, მისი განახლება და ლიცენზიის გაუქმება

გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების, მისი განახლებისა და ლიცენზიის გაუქმების წესი რეგულირდება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15–მე-17 მუხლებით.

    მუხლი 12. გეოლოგიური საქმიანობის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი

1. გეოლოგიური საქმიანობის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს აწარმოებს დეპარტამენტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. დეპარტამენტს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეაქვს ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, ლიცენზიის მოქმედების შეჩერებისა და განახლების, მისი გაუქმებისა და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში.

3. გეოლოგიური საქმიანობის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოების წესი რეგულირდება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

თავი III

გარდამავალი დებულებები

    მუხლი 13. ამ კანონის ამოქმედებამდე გეოლოგიური საქმიანობის სფეროში გაცემული ლიცენზიების მოქმედება

1. ამ კანონის ამოქმედებამდე, საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური სამუშაოების წარმოებაზე გაცემული ყველა საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზია ექვემდებარება დეპარტამენტში უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციასა და ამ კანონით განსაზღვრულ სალიცენზიო რეჟიმთან შესაბამისობაში მოყვანას.

2. შინაარსობრივად გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის საქმის მწარმოებელი ყველა სამთავრობო დაწესებულება ამ კანონის მიღებიდან კარგავს ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილებას და ვალდებულია ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი მასალები გადაუგზავნოს დეპარტამენტს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

3. 2003 წლის 20 ივნისამდე საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, გადაუგზავნოს დეპარტამენტს საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური სამუშაოების სახეობებზე მათ მიერ გაცემული საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზიის ასლები და „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ყველა მონაცემი უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შესატანად.

თავი IV

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 14. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა მე-13 მუხლისა, ამოქმედდეს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

2. კანონის მე-13 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 8 მაისი.

№2294-IIს