ა) ამბულატორიული მომსახურება:

ა.ა) ფსიქიატრიული ამბულატორიული მომსახურება მოიცავს ოჯახის ექიმის/უბნის ექიმის ან ფსიქიატრიული სტაციონარული დაწესებულების მიმართვით გადაგზავნილი, აღრიცხვაზე აყვანილი და თვითდინებით მისული (დიაგნოზის დადასტურების შემდეგ) პაციენტების მომსახურებას დანართი 6.1-ით განსაზღვრული ნოზოლოგიების შესაბამისად (პაციენტის ამბულატორიულ მეთვალყურეობაზე აყვანა ხდება პაციენტის სურვილის შემთხვევაში): (1) ექიმ-ფსიქიატრის მეთვალყურეობა და მისი დანიშნულების მიხედვით ფსიქიატრის დარგის სხვა მუშაკების (საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“) და სხვა ექიმ-სპეციალისტების (თერაპევტი, ნევროლოგი) კონსულტაცია; (2) ექიმ-ფსიქიატრის ან ფსიქიატრის დარგის სხვა მუშაკების ვიზიტები პაციენტთან ბინაზე იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება პაციენტის მისვლა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში; (3) მკურნალი ექიმ-ფსიქიატრის მიერ დანიშნული მედიკამენტებით უზრუნველყოფა;

ა.ბ) ფსიქო‑სოციალური რეაბილიტაცია, რომელიც გულისხმობს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა გამოჯანმრთელების, სოციალური ადაპტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას და დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის საჭირო ბაზისურ უნარ-ჩვევათა აღდგენა/შესწავლას: (1) პაციენტის საჭიროებების განსაზღვრა, ინდივიდუალური და სპეციფიკური რეაბილიტაციური გეგმის შედგენა; (2) ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მეთოდების განხორციელება სტანდარტების შესაბამისად (მინისტრის ბრძანება №112/ნ 02.04.2007 „ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“);

ა.გ) ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა ითვალისწინებს დღის სტაციონარის პირობებში იმ 18 წლამდე ასაკის პაციენტების მდგომარეობის შესწავლას/დიაგნოსტიკას, რომელთაც აღენიშნებათ ფსიქიკური მდგომარეობის და ქცევის ცვლილება, სოციალური ფუნქციონირების გაუარესება და დეზადაპტაცია დანართი 6.1-ით განსაზღვრული ნოზოლოგიების გათვალისწინებით: (1) ნეიროგანვითარებითი და ფსიქიატრიული გუნდის მომსახურება; (2) მედიკამენტებით უზრუნველყოფა (დიაგნოსტიკის პერიოდში) მკურნალი ექიმის დანიშნულების შესაბამისად; (3) კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები მკურნალი ექიმის დანიშნულების შესაბამისად; (4) სხვა ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციები მკურნალი ექიმის დანიშნულების შესაბამისად;

ა.დ) ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენცია მოზრდილთათვის (18 წლის და მეტი ასაკის), რომელიც ითვალისწინებს ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პირების მომსახურებას დანართი 6.4‑ის შესაბამისად ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის, ქ. ბათუმისა და ქ. რუსთავის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში და მოიცავს:

ა.დ.ა) ინტენსიურ ამბულატორიულ დახმარებას კრიზისული მდგომარეობების დროს (კრიზისული დღის საწოლები);

ა.დ.ბ) გადაუდებელ ამბულატორიულ კონსულტაციებს კრიზისული ინტერვენციის ცენტრში;

ა.დ.გ) შინმოვლის კრიზისული მობილური ჯგუფის მიერ კრიზისული ინტერვენციის განხორციელებას პაციენტის საცხოვრებელ ადგილზე და, საჭიროების შემთხვევაში, მის გადაყვანას კრიზისული ინტერვენციის ცენტრში ან მიმართვას სხვა სათანადო ფსიქო-სოციალური/ფსიქიატრიული მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში;

ბ) სტაციონარული მომსახურება:

ბ.ა) ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება მოიცავს ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტთა სტაციონარულ მომსახურებას, კერძოდ:

ბ.ა.ა) მწვავე სტაციონარულ მომსახურებას, რომელიც გულისხმობს მწვავე ფსიქოზური სიმპტომებით მიმდინარე მდგომარეობების კუპირებას ან ისეთი ქცევითი ან აფექტური სიპტომების მკურნალობას, რომელთა გამოც საფრთხე ექმნება პაციენტის ან გარშემომყოფთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას;

ბ.ა.ბ) გრძელვადიან სტაციონარულ მომსახურებას, რომელიც გულისხმობს ქრონიკული ფსიქიკური აშლილობის მქონე იმ პირთა მკურნალობას სტაციონარის პირობებში, რომელთაც აღენიშნებათ ფსიქო‑სოციალური ფუნქციონირების უხეში დარღვევები და/ან გახანგრძლივებული ფსიქოზური სიმპტომატიკა (მათ შორის, მწვავე სტაციონარული დახმარების შემდგომი მკურნალობის გაგრძელება);

ბ.ა.გ) იმ პაციენტების მკურნალობით და დამატებითი მომსახურებით (დაცვა და უსაფრთხოება) უზრუნველყოფას, რომელთა მიმართაც არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ;

ბ.ა.დ) დამატებითი მომსახურება: (1) იმ პაციენტების კვებით, პირადი ჰიგიენის საგნებითა და გადაუდებელი ქირურგიული და თერაპიული სტომატოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფა, რომლებიც გადიან სტაციონარულ მომსახურებას; (2) ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია გრძელვადიანი სტაციონარული მკურნალობის დროს;

ბ.ბ) პაციენტთა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, რომელიც მოიცავს ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში მკურნალობის დროს პაციენტთა გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას;

ბ.გ) ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება, დანართი 6.3-ის შესაბამისა