საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №192 |
|
2012 წლის 16 აგვისტო ქ. თბილისი |
„საკონსულო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს ,,საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის წესი“ თანდართული სახით. |
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
| მუხლი 1 |
საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს პირის მიერ ,,საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის ჩატარების, შედეგების შეფასებისა და სერტიფიკატის გაცემის წესსა და პირობებს. |
| მუხლი 2 |
პროგრამის მიზანია: |
ა)
მსმენელთათვის სასწავლო პროგრამების განხორციელება, მათი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა; |
ბ)
მსმენელთათვის იმ ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საკონსულო თანამდებობის პირი და რომლებიც მათ დაეხმარებთ პრაქტიკაში გამოვლენილი პრობლემატური საკითხების უკეთ დაძლევასა და საზოგადოებრივი და სახელმწიფო მოთხოვნების უკეთ შესრულებაში; |
გ)
საკონსულო თანამდებობის პირისათვის საჭირო პრაქტიკული და თეორიული მასალის მიწოდება. |
| მუხლი 3 |
პროგრამის გავლა ხდება ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამართლიანობის, მიუკერძოებლობის, გეგმურობის, მაღალკვალიფიციურობის, გამჭვირვალობისა და ობიექტურობის პრინციპების გათვალისწინებით. |
| მუხლი 4 |
პროგრამას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი), მოწვეული სპეციალისტებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მეშვეობით, ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). |
| მუხლი 5 |
პროგრამის გავლის უფლება აქვთ პირებს, რომლებიც არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) თანამშრომლები ან ირიცხებიან დიპლომატიური სამსახურის რეზერვში, ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვის გათვალისწინებით. |
| მუხლი 6 |
1.
პროგრამის ფარგლებში ჩასატარებელი სასწავლო მოდულები განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. |
2.
პროგრამა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო კურსს. |
3.
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ ტარდება სასერთიფიკატო ტესტური გამოცდა. |
4.
თუ პირი სასერტიფიკატო გამოცდაში ვერ დააგროვებს ქულათა საკმარის რაოდენობას, მას პროგრამის გავლის უფლების გარეშე გამოცდაზე ხელმეორედ გასვლის უფლება ეძლევა მომდევნო სასწავლო პროგრამის სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისას. |
5.
სასერტიფიკატო გამოცდის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, პირს პროგრამის გავლის უფლების გარეშე გამოცდაზე მესამედ გასვლის უფლება ეძლევა მომდევნო სასწავლო პროგრამის სასერთიფიკატო გამოცდის ჩატარებისას. |
6.
სასერტიფიკატო გამოცდის მესამედ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, პირი გამოცდაზე დაიშვება მესამე გამოცდის ჩატარების თარიღიდან სამი წლის გასვლის შემდეგ, ახალი პროგრამის გავლის შემთხვევაში. |
| მუხლი 7 |
1.
პროგრამის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტი უზრუნველყოფს: |
ა)
პროგრამის გავლის მსურველთა განაცხადებების მიღებას; |
ბ)
პროგრამისა და გამოცდის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრას; |
გ)
ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. |
2.
პროგრამის განხორციელების მიზნით, ცენტრი: |
ა)
უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსისა და სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისათვის აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას ამ წესისა და კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით: |
ა.ა)
იწვევს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებსა ან/და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შესაბამისი სასწავლო მოდულის ჩასატარებლად; |
ა.ბ)
ასწორებს ტესტურ ნამუშევრებს და ადგენს ტესტის პასუხების შემოწმებისას პირის მიერ დაგროვილ ქულათა რაოდენობას; |
ბ)
შეიმუშავებს და მინისტრს წარუდგენს რეკომენდაციებს პროგრამის გავლის ცალკეულ სტანდარტებთან დაკავშირებით; |
გ)
მინისტრს წარუდგენს ინფორმაციას პროგრამის განხორციელების შედეგების შესახებ; |
დ)
პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, შესაბამის პირებზე გასცემს საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს; |
ე)
ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. |
| მუხლი 8 |
1.
ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პირები განაცხადს პროგრამის გავლის თაობაზე, მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, წარუდგენენ დეპარტამენტს. |
2.
პროგრამის გამვლელ პირთა რაოდენობას განსაზღვრავს ცენტრი, თავისი რესურსების გათვალისწინებით და აღნიშნულ ინფორმაციას აწვდის დეპარტამენტს. |
3.
იმ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტში წარდგენილი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი განაცხადების რაოდენობა აღემატება ცენტრის მიერ მოწოდებულ პროგრამის გამვლელ პირთა რაოდენობას, დეპარტამენტი, მიღებული განაცხადების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პროგრამის გამვლელ პირთა განსაზღვრის შესახებ. |
4.
ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში, განაცხადების საფუძველზე პირთა შერჩევის დროს უპირატესობა ენიჭება განაცხადებს შემდეგი პრიორიტეტების გათვალისწინებით: |
ა)
დიპლომატიური თანამდებობის პირი; |
ბ)
მინისტრის მიერ დადგენილი ერთი ან რამდენიმე პრიორიტეტული უცხო ენის/ენების ცოდნა; |
გ)
პირის მიერ წარდგენილ განაცხადში მოყვანილი პროგრამის გავლის მიზანი. |
| მუხლი 9 |
სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელებს პროგრამაში მონაწილეობის გამო გაცდენილი სამუშაო დრო ეთვლებათ საპატიოდ. |
| მუხლი 10 |
1.
გამოცდა ტარდება სპეციალური საგამოცდო ტესტების ფორმით. |
2.
ტესტირება ტარდება მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად. |
| მუხლი 11 |
1.
ტესტის შეკითხვების მომზადებას უზრუნველყოფს ცენტრი. |
2.
ტესტი შედგება 100 კითხვისგან. |
3.
ტესტის ყოველი კითხვა შედგება ორი ნაწილის – უშუალოდ კითხვისა და სავარაუდო პასუხებისგან, რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი პასუხი. |
4.
პირს ევალება აღნიშნოს მის მიერ სწორად მიჩნეული მხოლოდ ერთი პასუხი. |
| მუხლი 12 |
1.
ყოველ კითხვაზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი კი – 0 ქულით. |
2.
ტესტის მინიმალური შეფასება არის – 0, ხოლო მაქსიმალური 100. |
3.
პირს არა აქვს უფლება დატოვოს საგამოცდო დარბაზი ტესტის ჩაბარების გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი საგამოცდო დარბაზს დატოვებს ტესტთან ერთად, ტესტი შეფასდება 0 ქულით. |
4.
თუ გამოსაცდელი ტესტის ერთ კითხვაზე აღნიშნავს ერთზე მეტ პასუხს, მაშინ პასუხი შეფასდება 0 ქულით, ანალოგიურად, თუ არ არის აღნიშნული არც ერთი პასუხი, ასეთი პასუხიც შეფასდება 0 ქულით. |
| მუხლი 13 |
1.
ტესტირებისათვის გამოსაცდელს ეძლევა 3 ასტრონომიული საათი, რომლის გასვლის შემდეგაც გამოსაცდელი ვალდებულია ცენტრის წარმომადგენელს ჩააბაროს ტესტი. |
2.
გამოსაცდელის მიერ ტესტის შევსებისათვის დადგენილი დროის გადაცდენის შემთხვევაში ცენტრისთვის გადაცემული ტესტი არ გასწორდება და ტესტი შეფასდება 0 ქულით. |
| მუხლი 14 |
ტესტური გამოცდის დაწყებამდე ცენტრის წარმომადგენელი ვალდებულია ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს გამოსაცდელებს, აუხსნას მათ ტესტების ამოხსნისა და შევსების მეთოდიკა, ასევე სხვა პროცედურული საკითხები. |
| მუხლი 15 |
1.
ტესტირებაზე დასაშვებია მხოლოდ ავტოკალმის შეტანა. |
2.
გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეულ იქნება დამხმარე მასალის ან ამ წესის მე–14 მუხლით დადგენილი ინსტრუქტაჟით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევაში, ცენტრის წარმომადგენლის მიერ მოიხსნება ტესტირებიდან და მისი ტესტი შეფასდება 0 ქულით. |
3.
გამოსაცდელის ტესტირებიდან მოხსნის თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ცენტრის წარმომადგენელი. |
| მუხლი 16 |
1.
ტესტირების დღეს ყველა გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს ტესტირების ჩატარების ადგილზე წინასწარ დადგენილ დროს, რომელის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში თვალსაჩინო ადგილზე. |
2.
გამოსაცდელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. |
3.
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გამოცხადებული პირები ტესტირებაზე არ დაიშვებიან. |
| მუხლი 17 |
1.
ტესტირებაზე გამოუცხადებლობა, ასევე ტესტირების მსვლელობისას გამოსაცდელის განცხადება ტესტირებაში მონაწილეობაზე უარის შესახებ უფლებას ართმევს გამოსაცდელს მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება. |
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსაცდელის გამოუცხადებლობის, ასევე ტესტირებაში მონაწილეობაზე უარის თქმის მოტივი მხედველობაში არ იქნება მიღებული. |
| მუხლი 18 |
კანდიდატის მიერ ტესტირება ჩაბარებულად ითვლება, თუ მან ტესტების 70%-ს ან მეტს გასცა სწორი პასუხი. |
| მუხლი 19 |
1.
ტესტების პასუხები მოწმდება ცენტრის მიერ ან მოწვეული სპეციალისტის მიერ ცენტრის წარმომადგენლის თანდასწრებით, კომპიუტერის ან სხვა საშუალების გამოყენებით. |
2.
ტესტირების დამთავრებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ცენტრი გამოცდის შედეგს ატყობინებს შესაბამის პირს. |
| მუხლი 20 |
ტესტირების ამ წესის მე-18 მუხლით დადგენილი პირობებით ჩაბარების შემთხვევაში, პირს გადაეცემა საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომლის ფორმა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. |
| მუხლი 21 |
1.
ტესტირების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით იქმნება საპრეტენზიო კომისია. |
2.
საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობისა და პრეტენზიების განხილვის წესი განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით. |