საგადახდო სისტემის ოპერატორის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №92/04 |
|
2012 წლის 12 ოქტომბერი ქ.თბილისი |
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საგადახდო სისტემის ოპერატორის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესი თანდართულ დანართებთან ერთად. |
| მუხლი 2 |
საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი იურიდიული პირები, რომლებიც ამ ბრძანების ამოქმედებამდე ახორციელებდნენ საგადახდო სისტემის ოპერირებას, ვალდებულნი არიან ამ ბრძანების ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში რეგისტრაცია გაიარონ საქართველოს ეროვნულ ბანკში. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები |
1.
ეს წესი განსაზღვრავს საგადახდო სისტემის ოპერატორის (შემდგომში – ოპერატორი) საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდგომში – ეროვნული ბანკი) რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების პროცედურებს და პირობებს. |
2.
ოპერატორს აქვს უფლება საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს საგადახდო სისტემის მართვა მხოლოდ ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის შემდეგ. |
3.
ამ წესის მოთხოვნები არ ვრცელდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ პირებზე. |
მუხლი 2. ოპერატორის რეგისტრაციის პირობები |
1.
ოპერატორი რეგისტრაციისათვის ეროვნულ ბანკში წარადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:
ა) ოპერატორის სარეგისტრაციო ფორმა (დანართი №1); ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; გ) ინფორმაცია ოპერატორის განცხადებული ან შევსებული კაპიტალის 10 პროცენტი ან 10 პროცენტზე მეტი წილის (შემდგომში მნიშვნელოვანი წილის) მფლობელების შესახებ (ფიზიკური პირის შემთხვევაში - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი, იურიდიული პირის შემთხვევაში - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან); დ) ინფორმაცია ოპერატორის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების შესახებ, მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებთან ერთად; ე) ცნობა ოპერატორის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ან/და მნიშვნელოვანი წილის მფლობელის ნასამართლობის შესახებ; ვ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე სარგებლობის, ან საკუთრების უფლებას, სადაც განთავსებული იქნება ოპერატორის სათავო ოფისი; ზ) სისტემის წესები; თ) საგადახდო სისტემის ანგარიშსწორების აგენტების სია, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება სისტემის მონაწილეთა შორის ანგარიშსწორება; ი) საგადახდო სისტემის სქემატური აღწერა, რომელიც მოიცავს ტრანსფერ-ორდერის ინიცირებიდან სისტემის მონაწილეთა შორის ანგარიშსწორებამდე შემადგენელ ყველა ეტაპს; კ) სხვა პირის მართვაში მყოფი საგადახდო სისტემის კომპონენტების (ფუნქციონალის) ჩამონათვალი, ამ პირების სახელწოდებების, იურიდიული მისამართისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით; |
2.
პირს ეკრძალება იყოს ოპერატორის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან/და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. |
3.
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. |
4.
თუ ოპერატორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს 30 კალენდარული დღის ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და წარმოდგენილი მონაცემების დასაზუსტებლად. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩერდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება. ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და წარმოდგენილი მონაცემების დასაზუსტებლად დადგენილ ვადაში ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარმოუდგენლობა დაინტერესებული პირისათვის ოპერატორად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია. |
5.
ეროვნული ბანკი ოპერატორის რეგისტრაციის მოთხოვნისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ოპერატორის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. |
6.
ეროვნული ბანკი ოპერატორის რეგისტრაციის თაობაზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება ოპერატორის დასახელება, რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ პირს. |
7.
ეროვნული ბანკის მიერ ოპერატორის მიერ მართული სისტემის „საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, მნიშვნელოვან სისტემად აღიარების შემთხვევაში ოპერატორი ვალდებულია დამატებით წარადგინოს ეროვნული ბანკის შესაბამისი წესით განსაზღვრული დოკუმენტაცია და დააკმაყოფილოს შესაბამისი მოთხოვნები. |
8.
ეროვნული ბანკი აწარმოებს ოპერატორიების უწყებრივ სარეგისტრაციო რეესტრს ელექტრონული ფორმით და ოპერატორის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მასში შეაქვს ინფორმაცია ოპერატორის რეგისტრაციის თაობაზე. |
მუხლი 3. ცვლილებების რეგისტრაცია |
1.
ოპერატორის დასახელების, სამართლებრივი ფორმის, იურიდიული მისამართის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის და/ან მნიშვნელოვანი წილის მფლობელების ცვლილების შემთხვევაში ოპერატორი ვალდებულია ამ ცვლილებების განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წერილობით აცნობოს ეროვნულ ბანკს. |
2.
ეროვნული ბანკი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ოპერატორის რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელების თაობაზე და გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ეს ინფორმაცია შეიტანოს უწყებრივ სარეგისტრაციო რეესტრში. |
3.
ოპერატორი ვალდებულია აცნობოს ეროვნულ ბანკს მის მიერ საგადახდო სისტემის მართვასთან დაკავშირებით დაგეგმილი შემდეგი ცვლილებები:
ა) სისტემის წესებში განსახორციელებელი ცვლილებები; ბ) წარმოდგენილი საგადახდო სისტემის სქემის ცვლილება; გ) საგადახდო სისტემის რომელიმე კომპონენტის (ფუნქციონალის) სხვა პირის მართვაში გადაცემა; დ) ახალი მონაწილის დამატება; ე) ახალი საგადახდო სისტემის დანერგვა. |
4.
ოპერატორი ვალდებულია შეძლებისდაგვარად მოკლე დროში აცნობოს ეროვნულ ბანკს მისი სისტემის მონაწილის მონაწილეობის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ. |
5.
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ოპერატორს მოსთხოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა და განუსაზღვროს ოპერატორის 10 კალენდარული დღის ვადა აღნიშნული ინფორმაციის წარმოსადგენად. |
მუხლი 4. ოპერატორის რეგისტრაციის გაუქმება |
1.
ოპერატორის რეგისტრაცია გაუქმდება იმ შემთხვევაში, როდესაც:
ა) ოპერატორი რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე წერილობითი განცხადებით მიმართავს ეროვნულ ბანკს; ბ) განხორციელდა ოპერატორის ლიკვიდაცია ან შეწყდა საგადახადო სისტემის ფუნციონირება; გ) ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის მიზნით წარდგენილ საბუთებში აღმოჩნდა სიყალბე ან არასწორი ინფორმაცია; დ) უფლებამოსილი ორგანოსგან მიღებულია შეტყობინება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ოპერატორის ამოღების თაობაზე; ე) ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმითა და ვადაში ზედიზედ სამჯერ არ განხორციელდა ეროვნული ბანკისათვის ანგარიშგების წარდგენა; ვ) ხორციელდება „საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესებისა და/ან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების სისტემატური დარღვევა, მიუხედავად ეროვნული ბანკის მიერ ამ დარღვევების გამოსასწორებლად მიცემული მითითებებისა; ზ) ეროვნული ბანკის თანამშრომელი არ დაუშვა შემოწმებაზე ან ზედიზედ სამი თვის განმავლობაში არ დახვდა სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მითითებულ მისამართზე, რის გამოც ვერ განხორციელდა ოპერატორის ადგილზე შემოწმება; თ) რეგისტრაციიდან 6 თვის განმავლობაში არ იქნა მიღებული ექსპლოატაციაში შესაბამისი საგადახდო სისტემა; ი) კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე. |
2.
ოპერატორის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აქტის გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ინფორმაცია შეაქვს შესაბამის რეესტრში. |
3.
ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“–„ი“ქვეპუნქტებით მითითებული საფუძვლებით ოპერატორის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, აღნიშნული პირის მფლობელს უფლება არ აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს შემდეგი 6 თვის განმავლობაში. |
მუხლი 5. სისტემის წესები |
საგადახდო სისტემის მუშაობა განისაზღვრება ოპერატორის მიერ შემუშავებული სისტემის წესებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:
ა) ნათლად და არაორაზროვნად განსაზღვრავდეს სისტემაში მონაწილეობის პირობებსა და მოთხოვნებს, ასევე სისტემაში მონაწილეობის შეჩერებისა და გაუქმების პირობებს; ბ) ასახავდეს ოპერატორისა და სისტემის მონაწილეების უფლებებსა და მოვალეობებს; გ) მოიცავდეს საგადახდო სისტემის ფუნქციონირების ძირითად პრინციპების, სისტემის ძირითადი კომპონენტების და ფუნქციონალის აღწერას; დ) განსაზღვრავდეს მონაწილეთა შორის ანგარიშსწორების განხორციელების მექანიზმებს; ე) შეიცავდეს საგადახდო სისტემის უსაფრთხოების ზომებს. |
მუხლი 6. ეროვნულ ბანკში წარსადგენი ინფორმაცია |
ოპერატორი ვალდებულია მიაწოდოს ეროვნულ ბანკს:
ა) საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული ინფორმაცია; ბ) ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე საგადახდო სისტემის პირდაპირი და არაპირდაპირი მონაწილეების სრული სია მათი სახელწოდების, იურიდიული მისამართისა და საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით. |