საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კინოცენტრ „აფხაზეთის” დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.11.2012
ძალის დაკარგვა 27.11.2015
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №303/ძ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.33.062.016017
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/11/2012
matsne.gov.ge 1,171 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.11.2012 მიღება
27.11.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კინოცენტრ „აფხაზეთის” დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანება №303/ძ 2012 წლის 12 ნოემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კინოცენტრ „აფხაზეთის” დებულების დამტკიცების შესახებ     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კინოცენტრ „აფხაზეთის” ჩამოყალიბების შესახებ“  აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 11 ივლისის №37 დადგენილების მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:             1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კინოცენტრ „აფხაზეთის” დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის  2005 წლის 2 სექტემბრის №95 ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.          მინისტრი                                                                     თეიმურაზ მაისურაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კინოცენტრ „აფხაზეთის” დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კინოცენტრი „აფხაზეთი” (შემდგომში – კინოცენტრი) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” და „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად  შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. 2. კინოცენტრის სრული სახელწოდებაა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კინოცენტრი „აფხაზეთი”; 3. კინოცენტრს აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი, სახაზინო ანგარიში, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში. 4. კინოცენტრს უფლება აქვს, განახორციელოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებული უფლებები და მოვალეობები, დადოს ხელშეკრულებები (გარიგებები), საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები და გამოვიდეს მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ სასამართლოში. 5. კინოცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი №37. მუხლი 2🔗. კინოცენტრის  მიზნები, საქმიანობის საგანი და უფლება-მოვალეობები 1. კინოცენტრის ძირითადი მიზანია განახორციელოს აფხაზეთის ახალგაზრდების შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობა, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში მაღალმხატვრული ღირებულებებისა და ფასეულობების დამკვიდრებას. 2. კინოცენტრის საქმიანობის საგანია: ა) მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური და საგანმანათლებლო ფილმების შექმნა; ბ) საერთაშორისო საგანმანათლებლო ფილმების მოძიება და ვიდეოთეკის შექმნა; გ) ვიდეოთეკის ბაზაზე საგანმანათლებლო არხის ჩამოყალიბება; დ) საგანმანათლებლო ფილმების ფესტივალების მოწყობა. 3. კინოცენტრის უფლებაა: ა) შემოქმედებით საქმიანობაში დამოუკიდებლობა და თავისუფლება; ბ) მის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით სარგებლობა „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მოითხოვოს დარღვეული უფლების აღდგენა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში;  გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოქმედებითი და სამეურნეო საქმიანობის წარმართვა, რომელიც ემსახურება  წინამდებარე დებულების ძირითადი მიზნის მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  კანონმდებლობას; დ) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს საქმიანობის თავისუფლებას შემოქმედებით მიმართულებათა არჩევაში, საჯარო შესრულებისა და  სარეკლამო მასალის პუბლიკაციისათვის; ე) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით გახსნას და დააფინანსოს თავის სტრუქტურაში შემავალი ფილიალები ან წარმომადგენლობები; ზ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი პროგრამა და წარმართოს საქმიანობა,  სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს დამხმარე სახის სამეურნეო-კომერციული საქმიანობა (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), რომლის მიზანია კინოცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზისის განმტკიცება, მუშაკთა სოციალური დაცვა, შრომის ეკონომიკური სტიმულირება, აგრეთვე კინოცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა დაკმაყოფილება; ი) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის, აგრეთვე კინოცენტრის დებულების შესაბამისად. 4. კინოცენტრი ვალდებულია: ა) წარმართოს საკუთარი საქმიანობა საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა ნორმატიული აქტებისა და წინამდებარე დებულების  შესაბამისად;  ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობები საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად; გ) უზრუნველყოს თავის სარგებლობაში არსებული ქონების დაცვა უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით; დ) აწარმოოს შემოქმედებითი და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს კინოცენტრის საშტატო ერთეულისა და სახელფასო ფონდის ოდენობა; ვ) შეიმუშაოს კინოცენტრის შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით. განსაზღვროს კინოცენტრში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზება გაუწიოს შემოქმედებითი კადრების გაცვლასა და სხვა პროექტების განხორციელებას საზღვარგარეთის ქვეყნებთან. 5. კინოცენტრმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 6. მე-5 პუნქტის  „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 7.   სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი მე-5 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში. მუხლი 3🔗. კინოცენტრის მართვა 1. კინოცენტრის მართვა ხორციელდება საქართველოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად. 2. კინოცენტრის მართვას ახორციელებს კინოცენტრის დირექტორი. 3. კინოცენტრის დირექტორს  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი. 4. კინოცენტრის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კინოცენტრის დირექტორი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრთან შეთანხმებით. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე.  დირექტორის მოადგილის ფუნქციებს განსაზღვრავს დირექტორი. 5. კინოცენტრის დირექტორი: ა) უძღვება კინოცენტრის საქმიანობას და აწესრიგებს იმ საკითხებს, რომლებიც განეკუთვნება  კინოცენტრის გამგებლობის სფეროს; ბ) პასუხისმგებელია კინოცენტრის საქმიანობაზე; გ) შეიმუშავებს წლიურ ბიუჯეტს და სამუშაო გეგმებს; დ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას კინოცენტრის თანამშრომლების საქმიანობაზე; ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან  შეთანხმებით ამტკიცებს კინოცენტრის საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კინოცენტრის თანამშრომლებს; ზ) მონაწილეობს კინემატოგრაფიის საკითხებზე გამართულ სახელმწიფო, სხვა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ღონისძიებებში; თ) დებს გარიგებებს დადგენილი წესით; ი)  აწარმოებს მოლაპარაკებებს, ამყარებს ურთიერთობებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; კ) ხელმძღვანელობს კინოცენტრის მიერ შექმნილი პროდუქციის წარდგენასა და გაყიდვას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ; ლ) ახდენს სპონსორების მეშვეობით ფინანსების მოზიდვას; მ) ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობას. 6. კინოცენტრის დირექტორის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს კინოცენტრის დირექტორის მოადგილე.    მუხლი 4🔗. კინოცენტრის ქონება და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა 1. კინოცენტრის საკუთრებას წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრება და მის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივები.   2. კინოცენტრს უფლება აქვს, პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგოს როგორც კანონით ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად, ასევე პროდუქციის რეალიზაციიდან დარჩენილი შემოსავლები. აღნიშნული სახსრები, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ, მთლიანად ხმარდება კინოცენტრის და მისი თანამშრომლების სოციალური პირობების გაუმჯობესებას. მუხლი 5🔗. კინოცენტრის დაფინანსების წყაროები 1. კინოცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით, ფასიანი მომსახურების გაწევით, შემოქმედებით შეკვეთებისა და სხვა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი; დ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება კინოცენტრის შემოქმედებითი საქმიანოიბის შედეგად; ე) გრანტებისა და შემოწირულობების სახით მიღებული შემოსავალი; ვ)  კინოცენტრის ეგიდით დაფინანსებული და წარმოებული  ფილმების დემონსტრაციის შედეგად მიღებული შემოსავლები;  ზ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები ხმარდება მხოლოდ კინოცენტრის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, მისი უფლებამოსილებისა და ფუნქციების აღსრულებას. მუხლი 6🔗. კინოცენტრის საქმიანობის ბუღალტრული ანგარიშგება და კონტროლი 1. კინოცენტრის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს. 2. კინოცენტრი აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას და წარადგენს ანგარიშგებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. მიმდინარე წლის დასრულებამდე უფლებამოსილ ორგანოს დასამტკიცებლად წარუდგენს მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს. მუხლი 7🔗. კინოცენტრის სახელმწიფო კონტროლი 1. კინოცენტრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. კინოცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს კინოცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.      მუხლი 8🔗. კინოცენტრის ლიკვიდაცია-რეორგანიზაცია 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კინოცენტრ „აფხაზეთის” ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია  ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. მუხლი 9🔗. გარდამავალი დებულებანი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.