საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 26.12.2012
ძალის დაკარგვა 10.02.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №185
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.038.016138
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 09.02.2022
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 16.04.2009
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება
№185
2012 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში სტაჟირების გავლის წესი თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის №221 ბრძანება (სსმ, 111220019, 22/12/2011).
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გრიგოლ გიორგაძე
დანართი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში სტაჟირების გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში (შემდგომში – სამინისტროს სისტემა) სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗
ეს წესი არ ვრცელდება სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სასჯელაღსრულების დეპარტამენტზე.
მუხლი 3🔗
ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა)
დაწესებულება – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური აპარატი და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები;
ბ)
დაწესებულების ხელმძღვანელი – სამინისტროს ცენტრალური აპარატის შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურისთვის – სამსახურის დირექტორი, სსიპ – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრისთვის – სასწავლო ცენტრის დირექტორი, სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის – სააგენტოს უფროსი;
გ)
სტრუქტურული ერთეული – სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები, სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურის აპარატის ქვედანაყოფები, იურიდიული დახმარების ბიუროები და საკონსულტაციო ცენტრები, სსიპ – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფები, სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები;
დ)
სტაჟირება – დაწესებულებაში ამ წესით რეგულირებადი საქმიანობა ანაზღაურების გარეშე;
ე)
სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას;
ვ)
სტაჟიორობის კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად დაწესებულებაში შემოაქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ;
ზ)
სტაჟირების ხელმძღვანელი – პირი, რომელსაც შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან განსაზღვრავს დაწესებულების ხელძღვანელი.
მუხლი 4🔗
1.
სტაჟირების მიზანს წარმოადგენს კადრების მომზადება სამინისტროს სისტემაში საქმიანობის დამოუკიდებლად შესრულებისათვის.
2.
სტაჟირების მიზნების მისაღწევად, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის უზრუნველსაყოფად, სამინისტრო ახალგაზრდა სპეციალისტებს უქმნის დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.
3.
აკრძალულია სტაჟიორის მიერ ისეთი უფლებამოსილების განხორციელება, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ცეცხლსასროლი იარაღის, სხვა სპეციალური საშუალებების ან ძალის გამოყენებასა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელებას.
მუხლი 5🔗
მოთხოვნას სტაჟიორთა რაოდენობის თაობაზე, დაწესებულების ხელმძღვანელს საჭიროების მიხედვით წარუდგენენ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
მუხლი 6🔗
სტაჟიორად მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს დაწესებულების იმ სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი განათლება, სადაც პირმა უნდა გაიაროს სტაჟირება ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის (ბაკალავრიატის) დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. დამამთავრებელ კურსად ჩაითვლება ბოლო კურსი.
თავი II
სტაჟირების კომისია
მუხლი 7🔗
1.
სტაჟიორთა მიღებისა და სტაჟირების პროცესზე ზედამხედველობის მიზნით თითოეულ დაწესებულებაში იქმნება სტაჟირების გავლის კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი.
2.
კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, მდივნისა და არანაკლებ 3 წევრისაგან.
მუხლი 8🔗
1.
კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
2.
კომისიის მდივანი აწარმოებს კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტაციას (გარდა სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტაციისა), ადგენს ოქმებსა და სხვა შესაბამის მასალებს.
3.
კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
4.
კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5.
კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.
6.
კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს კომისიის სხდომის ოქმს, რის შესახებაც კომისიის სხდომის ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
თავი III
სამდივნო და კონკურსი
მუხლი 9🔗
1.
დაწესებულებაში სტაჟიორის მიღება წარმოებს კონკურსის წესით.
2.
კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი.
3.
განსაკუთრებულ შემთხვევებში სტაჟიორის მიღება შეიძლება კონკურსის გავლის გარეშე დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით.
მუხლი 10🔗
1.
კონკურსი ტარდება გასაუბრების ან/და ტესტირების ფორმით. კონკურსის ფორმას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისიის წარდგინებით ადგენს დაწესებულების ხელმძღვანელი, რაც აღინიშნება კონკურსის ჩატარების შესახებ განცხადებაში.
2.
კონკურსის თემატიკას დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციების გათვალისწინებით ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი.
მუხლი 11🔗
1.
სტაჟიორთა ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით იქმნება კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო).
2.
სამდივნოს ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების ხელმძღვანელი.
3.
სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის, სტაჟიორობის კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიისათვის წარდგენა.
მუხლი 12🔗
1.
კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსდება სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია აგრეთვე, შესაძლებელია გამოცხადდეს პრესის ან/და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით.
2.
სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა)
დაწესებულების იმ სტრუქტურული ერთეულის დასახელებას, სადაც ცხადდება სტაჟიორთა კონკურსი;
ბ)
სტაჟიორთა კონკურსის თემატიკას, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და სტაჟიორთა კონკურსის ეტაპებს;
გ)
ინფორმაციას სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების რეგისტრაციის ადგილისა და დროის შესახებ.
3.
კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დასაშვებია სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების შესახებ სხვა სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაც.
მუხლი 13🔗
1.
სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა დაწესებულებაში უნდა წარადგინოს:
ა)
წერილობითი განცხადება;
ბ)
მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ)
CV (რეზიუმე);
დ)
დიპლომის და ნიშნების ფურცლის ასლი ან ცნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დამამთავრებელ კურსზე სწავლის შესახებ;
ე)
რეკომენდაცია;
ვ)
ორი ფოტოსურათი (3X4).
2.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღებისა და საბუთების შემოწმების ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი. აღნიშნული ვადები მიეთითება კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებაში.
3.
სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების დროს კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი.
4.
თუ დაწესებულების ხელმძღვანელი განსაზღვრავს, რომ კონკურსი უნდა ჩატარდეს რამოდენიმე ეტაპად, სასურველია, ეტაპებს შორის არსებობდეს გონივრული ვადა.
მუხლი 14🔗
1.
სტაჟიორთა კონკურსში მონაწილე ყველა სტაჟიორობის კანდიდატი ინდივიდუალურად ფასდება.
2.
გადაწყვეტილებას კონკურსის წარმატებით გავლის შესახებ იღებს კომისია.
3.
ჩატარებული სტაჟიორთა კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიის თავმჯდომარე დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს იმ სტაჟიორობის კანდიდატთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსი.
4.
დაწესებულების ხელმძღვანელი, კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე, განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, კომისიის მიერ წარდგენილი სტაჟიორობის კანდიდატებიდან საუკეთესო შედეგების მქონე პირებს, ნიშნავს სტაჟიორებად დაწესებულების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში.
5.
სტაჟიორად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება ბრძანებით. ბრძანებაში მიეთითება სტრუქტურული ერთეული, სადაც დაინიშნება სტაჟიორი, ასევე სტაჟირების ხელმძღვანელი, რომელიც კოორდინაციას უწევს სტაჟირების გავლის პროცესს.
მუხლი 15🔗
სტაჟიორთა კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება ან სტაჟიორთა კონკურსში გამარჯვებული სტაჟიორობის კანდიდატები უარს იტყვიან დანიშვნაზე ან კომისიის მიერ დასანიშნად წარდგენილი არ იქნა არც ერთი კანდიდატურა.
თავი IV
სტაჟირების ვადა
მუხლი 16🔗
1.
სტაჟირების ვადა განისაზღვრება 4 თვით.
2.
სტაჟირების ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადით, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სტაჟიორის შეფასებები.
3.
დანიშვნის შემდეგ სტაჟიორს ეძლევა სტაჟიორის მოწმობა, რომლის ფორმა მტკიცდება დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით.
მუხლი 17🔗
1.
სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა)
სტაჟიორის პირადი განცხადება;
ბ)
სტაჟიორის მიერ სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 სამუშაო დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილას გამოუცხადებლობა;
გ)
სტაჟიორის მიერ სტაჟირების ხელმძღვანელის დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
დ)
სტაჟიორის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა.
2.
სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი სტაჟირების ხელმძღვანელის ან შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ან/და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას.
3.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, სტაჟიორი 3 დღის ვადაში დაწესებულების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს აბარებს იმ მატერიალურ სიკეთეს, რაც მას გადაეცა სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით.
4.
ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, სტაჟიორს უნდა ჰქონდეს დადებითი შეფასება სტაჟირების ხელმძღვანელის მხრიდან და აკმაყოფილებდეს კონკრეტული თანამდებობის მოთხოვნას.
თავი V
სტაჟირების ხელმძღვანელის მოვალეობები
მუხლი 18🔗
1.
სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს მას შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.
2.
სტაჟირების ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას.
მუხლი 19🔗
სტაჟირებას კოორდინაციას უწევს დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სტრუქტურული ერთეული.
თავი VI
სტაჟიორის უფლება-მოვალეობები
მუხლი 20🔗
სტაჟიორს უფლება აქვს, ხელმძღვანელის თანხმობით:
ა)
გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ)
სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
გ)
გაეცნოს დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება;
დ)
შეასრულოს ხელმძღვანელის დავალებები და გამოიყენოს დაწესებულების თანამშრომელთა კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას.
მუხლი 21🔗
სტაჟიორი ვალდებულია:
ა)
გაეცნოს დაწესებულების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას;
ბ)
დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ;
გ)
უფლებამოსილების განხორციელებისას იხელმძღვანელოს დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით;
დ)
კონტაქტი იქონიოს დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებთან;
ე)
სტაჟირების განმავლობაში ყოველი თვის ბოლოს სტაჟირების ხელმძღვანელს წარუდგინოს წერილობითი ანგარიში გაწეული სამუშაოს, შეძენილი ცოდნისა და მიღებული გამოცდილების შესახებ;
ვ)
შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
მუხლი 22🔗
1.
სტაჟიორი ვალდებულია სამსახურში გამოცხადება და სამუშაო ადგილის დატოვება დააფიქსიროს სპეციალური ტექნიკური საშუალების მეშვეობით.
2.
ხელწერილი დაწესებულების შინაგანაწესის, ასევე ამ წესის გაცნობის შესახებ თან ერთვის სტაჟიორის პირად საქმეს.
3.
კონტროლს სტაჟიორის მიერ მისი მოვალეობის შესრულებაზე ახორციელებს სტაჟირების ხელმძღვანელი.
მუხლი 23🔗
სტაჟირების ხელმძღვანელის ან შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, სტაჟიორი მისი თანხმობის შემთხვევაში, შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა სტრუქტურულ ერთეულში.
თავი VII
სტაჟიორთა მიერ სტაჟირების პერიოდში შეძენილი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შემოწმება
მუხლი 24🔗
1.
სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, გონივრულ ვადაში სტაჟირების ხელმძღვანელი ან/და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ახდენს სტაჟიორთა შეფასებას გასაუბრების საფუძველზე, რომლის შედეგებიც ეცნობება დაწესებულების ხელმძღვანელს.
2.
გასაუბრების შედეგად მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა)
სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ;
ბ)
სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ.
3.
სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.